ოდესის კატაკომბები მიწისქვეშა ლაბირინთი
ოდესის კატაკომბები მიწისქვეშა ლაბირინთი
გარემონტებულ ბინაში ახალმობათქაშებულ კედელს მთელ სიგრძეზე ბზარი გაუჩნდა. ბინის პატრონი ჩივის: „ოჰ, ამ კატაკომბების გამო ჩვენი სახლი სულ მთლად გვერდზე გადაიხარა!“
რაც უნდა მოხდეს — წყლის მილი გასკდება თუ გზა დაიწევა — ყველაფერს უკრაინის შავი ზღვისპირა ქალაქ ოდესის მიწისქვეშა გვირაბებს აბრალებენ. ეს ლაბირინთი, რომლის კორიდორების სიგრძე დაახლოებით 2 500 კილომეტრია, სავარაუდოდ, მსოფლიოში უდიდესი კატაკომბებია.
საიდან გაჩნდა ეს მიწისქვეშა გვირაბები და რა დანიშნულებას ასრულებდა ხალხის ცხოვრებაში? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, გადავწყვიტეთ, ქალაქის კატაკომბებს ვწვეოდით.
მოგზაურობა მიწისქვეშეთში
ჩვენი საექსკურსიო ავტობუსი, რომელშიც აგრეთვე მხიარული სტუდენტები და დამსვენებლები იყვნენ, ოდესის რკინიგზის სადგურიდან გავიდა. გზაში გიდმა ზოგი რამ გვიამბო კატაკომბების შესახებ.
გავიგეთ, რომ კატაკომბების გათხრა, თურმე მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაწყებულა, მაშინ როცა ქალაქში იაფ და ადვილად ხელმისაწვდომ საშენ მასალაზე დიდი მოთხოვნა იყო. ქალაქის მიწის ქვედა შრეებში მსუბუქი და გამძლე ყვითელი კირქვა მოიპოვებოდა. ამგვარად, მზარდ ქალაქში ქვის ჭრა მომგებიან საქმედ იქცა. ქვის მოპოვების შედეგად კი კატაკომბები იქმნებოდა.
ქალაქში გვირაბები სწრაფად, წინასწარი მონახაზის გარეშე ითხრებოდა. მათი სიღრმე 35 მეტრს აღემატებოდა. ზოგი გვირაბი მიწის სხვადასხვა დონეზე ერთმანეთს კვეთდა. როცა კირქვა გამოილეოდა, ახალი მაღაროს გათხრას იწყებდნენ. დროთა განმავლობაში გვირაბების ქსელი ქალაქის საზღვრებს გასცდა.
ჩვენი ავტობუსი ნერუბაისკოეში, ოდესის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა სოფელში ჩავიდა. ცოტა ხანში უკვე კირქვის კედელთან ვიდექით. ლითონის მძიმე ჭიშკარი გვირაბში შესასვლელს კეტავდა. ექსკურსიამძღოლმა გვითხრა: „ჩვენ ახლა ვნახავთ ადგილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა პარტიზანებს ეკავათ და გავიგებთ, როგორ ცხოვრობდნენ აქ ისინი“. კატაკომბების ექსპერტის ანდრეი კრასნოჟონის თქმით, პარტიზანთა ერთი ჯგუფი ამ მიწისქვეშა გვირაბში წელიწადი და ერთი თვე ცხოვრობდა.
ექსკურსიამძღოლმა განაგრძო: „პარტიზანების გარდა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში კატაკომბებს სხვებიც აფარებდნენ თავს, კერძოდ,
ბანდიტები, მეკობრეები და პოლიტიკური დევნილები. პირობები ყველას ერთნაირი ჰქონდა“.ჩვენ ბნელ კორიდორში შევედით. „გვირაბები პარტიზანებისთვის მხოლოდ თავშესაფრის როლს არ ასრულებდა. ისინი მაქსიმალურად კომფორტულად იყო მოწყობილი. იყო გასართობი ოთახი, სადაც კაცები სანთლის შუქზე შაშს, ჭადრაკსა და დომინოს თამაშობდნენ. კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც გვირაბში ოთახები იყო ამოკვეთილი. საწოლის მაგივრობას ასრულებდა თითოეული ოთახის კედელში ამოჭრილი თარო, რომელზეც თივა ეფინა. გვირაბში იყო საავადმყოფოც, სადაც ნამდვილი საწოლები იდგა; იქვე იყო საოპერაციო ოთახიც. ქალები საჭმელს შეშის ღუმელზე ამზადებდნენ, რომელიც ყვითელი კირქვისგან იყო გაკეთებული; კვამლი ზემოთა გვირაბში გადიოდა“, — გვითხრა გიდმა.
გვირაბის ჭერი დიდ ბუნებრივ ღრუბელს ჰგავდა, თუმცა ღრუბელივით რბილი არ იყო. იმ ადგილებში, სადაც ქვები იყო ამოჭრილი, კედლებს ხერხის ზიგზაგისებური ნაკვალევი ეტყობოდა. კედლები იმდენად უხეში იყო, რომ ზუმფარის ქაღალდს მოგაგონებდათ. გიდმა გვითხრა: „როცა პარტიზანები გვირაბიდან ამოდიოდნენ, ტანსაცმელს იცვლიდნენ, რათა გერმანელებს სუნით არ ეცნოთ. კატაკომბების სინესტე ტანსაცმელზე შმორის საშინელ სუნს ტოვებდა.
მიწისქვეშეთში მცხოვრებნი თითქმის უკუნით სიბნელეში ცხოვრობდნენ. ისინი ნავთის ლამპებს ყოველთვის ვერ ანთებდნენ“, — თქვა გიდმა და სინათლე ჩააქრო. იქაურობა წყვდიადმა მოიცვა. ხელის ცეცებით კედელი მოვძებნეთ და ერთად დავდექით. გიდმა დასძინა: „კედლები ხმას ახშობს, ასე რომ, თუ დაიკარგებით, თქვენს ყვირილს კაციშვილი ვერ გაიგებს“. საბედნიეროდ, გიდმა შუქი აანთო.
„გვირაბს მცველები იცავდნენ, რომლებიც ყოველ ორ საათში ერთხელ იცვლებოდნენ. თუ ადამიანი დიდხანს იყო სიბნელესა და სიჩუმეში, შეიძლებოდა სმენითი ჰალუცინაციები დასწყებოდა“. გვირაბის ჭერზე გაკეთებული ხვრელის მეშვეობით ვხედავდით ზედა გვირაბს, რომელიც ჩვენსას კვეთდა. დავინტერესდი, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა ის გვირაბი. თავი სათავგადასავლო მოგზაურობაში მეგონა. გიდმა გვითხრა, რომ კატაკომბების მხოლოდ 1 700 კილომეტრიანი მანძილი იყო დატანილი რუკაზე და საქმე ჯერ კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი.
მკვლევარებმა ბოლო დროს ახალი გვირაბებიც აღმოაჩინეს. იქ მათ საუკუნის დროინდელი გაზეთები, რევოლუციამდელი ნავთის ლამპები და მეფის რუსეთის დროინდელი ფული იპოვეს. ათწლეულების მანძილზე ხელშეუხებელი ეს ნივთები ოდესის ღრმა, ბნელი და გრძელი კატაკომბების დროებით მკვიდრებს ეკუთვნოდათ (გამოგზავნილია).
[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]
არქიტექტურული საგანძური
გვირაბებიდან მოპოვებული ყვითელი კირქვისგან აგებული შენობები დღესაც ამშვენებს ოდესის ცენტრს. ზოგიერთი შენობის სარდაფის კარი პირდაპირ კატაკომბებში ჩადის. შენობებს კირქვით დღემდე აშენებენ.
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
საავადმყოფოს საწოლები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში იყენებდნენ
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
ვარაუდობენ, რომ ოდესის კატაკომბების კორიდორების სიგრძე დაახლოებით 2 500 კილომეტრია