არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„არამწეველები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან, ზომიერად სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს და დღეში სულ მცირე ხუთ ულუფა ხილსა და ბოსტნეულს ჭამენ, საშუალოდ 14 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე, ისინი, რომლებიც არ მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს“. ეს დასკვნა ეფუძნება 20 000 ადამიანზე 11 წლიან დაკვირვებას (UC BERKELEY WELLNESS LETTER, U.S.A.).

„კითხვა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა . . . დღეში ექვსი წუთიც საკმარისია, რომ სტრესი ორი მესამედით შეიმციროთ“ (INDIA TODAY INTERNATIONAL, INDIA).

მიგდებული „სათამაშოები“

შეერთებულ შტატებში „ეკონომიკურმა პრობლემებმა მიტოვებული გემების მთელი ფლოტილია შექმნა“, — იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“. „მეპატრონეები გემებს სახელებსა და სარეგისტრაციო ნომრებს აშორებენ, უპატრონოდ ტოვებენ ან ზღვაში ძირავენ და ამას ზოგჯერ იმიტომ აკეთებენ, რომ დაზღვევის ფული აიღონ. ზოგი გემის მეპატრონის მდგომარეობა ჰგავს იმ კაცის მდგომარეობას, რომელიც ვერ ფარავს ბანკიდან გამოტანილ სესხს. გემის მფლობელებს ეკისრებათ დიდი გადასახადი გემებზე, რომელთა ფასიც საგრძნობლად ეცემა. ამიტომ ურჩევნიათ გათავისუფლდნენ ამ გადასახადისგან“, — აღნიშნავს გაზეთი „ტაიმზი“ და ამ გემებს უწოდებს „ძვირად შესანახ სათამაშოებს, რომლებმაც ხიბლი დაკარგეს“. გაზეთი განმარტავს: „გემები ვერ იყიდება, რადგან ბაზარი სავსეა მეორადი საქონლით. მეპატრონეები ვერ იხდიან ყოველთვიურად ასობით დოლარს გემის ნავსადგურში გასაჩერებლად და შესანახად. და არც ათასობით დოლარი აქვთ იმისათვის, რომ გემი კანონის წესების დაცვით მოიშორონ თავიდან“.

სკოლამდელი ასაკის ბავშვების წარმოდგენა საკუთარ გარეგნობაზე

ოთხი წლის ბავშვებიც კი „ცდილობენ, სხეულის ისეთი ფორმა ჰქონდეთ, როგორსაც საზოგადოება იდეალურად მიიჩნევს“, — ნათქვამია სიდნეიში გამომავალ გაზეთ „სანდი ტელეგრაფში“. მკვლევარები აკვირდებოდნენ სკოლამდელი ბავშვების კვებისა და ვარჯიშის რეჟიმს. გაირკვა, რომ გოგონებიცა და ბიჭებიც დაინტერესებული იყვნენ თავიანთი სხეულის ფორმებით — გოგონები წონის დაკლებით, ბიჭები კი კუნთების დაყენებით. მკვლევარები იუწყებიან, რომ „შვილებზე გავლენას ახდენს დედების თვალსაზრისი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი აღნაგობით“.

ინტერნეტ მაღაზიების მომხმარებელი ბავშვები

„დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბავშვების ერთი მეხუთედი მშობლების ნებართვის გარეშე ხდება ინტერნეტ მაღაზიების მომხმარებელი და მათგან ნახევარი, მშობლების საკრედიტო ბარათებს იყენებს“, — აღნიშნული იყო ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. ბევრმა ბავშვმა იცის, რომელ ვებ-გვერდებსა და პაროლებს იყენებენ მშობლები საქონლის შესაძენად და მათი მეშვეობით იგებენ მშობლების საკრედიტო ბარათების ნომრებს. ბევრ მშობელს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მის შვილს ასეთი რამის გაკეთება შეუძლია. სინამდვილეში, მშობლებმა არც კი იციან, თუ რამდენი რამ იციან მათმა შვილებმა. სხვა ყველაფერთან ერთად, მშობლების დაუდევრობით შეიძლება თაღლითებმა ისარგებლონ. მშობლებს, რომლებიც ინტერნეტ მაღაზიებით სარგებლობენ, ურჩევენ: „ნუ შეინახავთ საკრედიტო და სადებეტო ბარათების მონაცემებს ვებ-გვერდებზე, გამოიყენეთ მხოლოდ სანდო ვებ-გვერდები და გამოდით სისტემიდან, როცა დაასრულებთ მის გამოყენებას“.