არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რით მომხიბლეს იეჰოვას მოწმეებმა

რით მომხიბლეს იეჰოვას მოწმეებმა

რით მომხიბლეს იეჰოვას მოწმეებმა

მოგვითხრო ტომას ოროსკომ

იეჰოვას მოწმეების შეხვედრას, როცა პირველად დავესწარი, მოხსენებას პატარა ბიჭი კითხულობდა. ის ძლივს მოჩანდა კათედრიდან. ძალიან გამაოცა მისმა თავდაჭერილობამ და ნიჭმა. შინ შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი.

აუდიტორია ბავშვს გაფაციცებით უსმენდა, მან ჩემს თვალშიც ისეთი პატივისცემა დაიმსახურა, რომ ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრდი. ხალხი დიდ პატივს მცემდა, რადგან შეერთებულ შტატებში ბოლივიის სამხედრო ატაშე, ბოლივიის შეიარაღებული ძალების მეთაური და პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავი.

მამაჩემი 1934 წელს პარაგვაი-ბოლივიას ომში, ჩაკოს რეგიონისთვის ბრძოლაში დაიღუპა. მამის სიკვდილის შემდეგ კათოლიკურ სკოლა-ინტერნატში მიმაბარეს. წლების განმავლობაში ყოველდღე ვესწრებოდი მესას, სადაც ვმღეროდი საგალობლებს, ვუსმენდი კატეხიზმოს და დაზეპირებულ ლოცვებს წარმოვთქვამდი. ეკლესიაში მინისტრანდი (მღვდლის მსახური ლიტურგიის დროს) ვიყავი და გუნდში ვგალობდი. მაგრამ ბიბლია წაკითხული არ მქონდა, უფრო მეტიც, ის თვალითაც კი არასდროს მენახა.

მიყვარდა რელიგიური დღესასწაულები, რადგან ისინი გასართობ წვეულებებს ჰგავდა. ჩემთვის ეს განტვირთვის კარგი საშუალება იყო. მღვდლები და რელიგიის მასწავლებლები დიდად არ მეხატებოდნენ გულზე, რადგან ძალიან უხეშები იყვნენ. მივხვდი, რომ რელიგიური ცხოვრება საჩემო არ იყო.

სამხედრო წესრიგით მოხიბლული

ერთ მშვენიერ, მზიან დღეს ჩემს მშობლიურ ქალაქ ტარიხას ორი ელეგანტურად ჩაცმული ოფიცერი ესტუმრა. ისინი ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასიდან იყვნენ შვებულებით ჩამოსულები. ოფიცრები თავისუფლად და მოხდენილად მიაბიჯებდნენ მთავარ მოედანზე. მათმა კეთილშობილურმა და დარბაისლურმა გარეგნობამ ძალიან მომხიბლა. მათ მწვანე ფერის ფორმა ეცვათ, თავზე ბრჭყვიალა ფარფლებიანი ქუდი ეხურათ. იმ დღიდან სამხედრო ოფიცრობაზე დავიწყე ფიქრი. ჩემს წარმოდგენაში სამხედრო პირის ცხოვრება სავსე იყო საინტერესო შემთხვევებითა და კეთილშობილური საქმეებით.

1949 წელს, 16 წლის რომ გავხდი, ბოლივიის სამხედრო კოლეჯში ჩავაბარე. ჩემმა უფროსმა ძმამ იმ ადგილამდე მიმაცილა, სადაც ყაზარმის ჭიშკრის გაყოლებაზე ახალგაზრდები იყვნენ ჩამწკრივებული. ძმამ ლეიტენანტთან მიმიყვანა და სთხოვა, ჩემზე ეზრუნა, თან ორი სიტყვით შემაქო. ჩემი ძმის წასვლისთანავე, როგორც ყველა ახალმოსულს, მეც ტრადიციული დახვედრა მომიწყვეს — ძირს დამაგდეს და მითხრეს: „აქ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ არის შესაქები და ვინ არა!“. ასე გამაცნეს სამხედრო დისციპლინა და დაშინების მეთოდები, მაგრამ ბევრი ვერაფერი დამაკლეს, ერთი ეგ იყო, რომ იმ წუთში ცოტა თავმოყვარეობა შემელახა.

დროთა განმავლობაში ბრძოლა ვისწავლე და პატივდებული სამხედრო ოფიცერი გავხდი. დრომ დამანახვა, რომ სამხედრო პირების ღირსეული და დარბაისლური იერით ბევრი ტყუვდებოდა.

საპატიო წოდების მიღება

ჩემი კარიერის დასაწყისში არგენტინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კრეისერ „გენერალ ბელგრანოზე“ წვრთნებს გავდიოდი. ეს გემი 1000-ზე მეტ კაცს იტევდა. II მსოფლიო ომამდე იგი შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა და „ფენიქსის“ სახელით იყო ცნობილი. 1941 წელს ეს გემი პერლ-ჰარბორთან (ჰავაი) იაპონელების თავდასხმას გადაურჩა.

ნელ-ნელა წინ წავიწიე და ბოლივიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის მოადგილე გავხდი, რომელიც ბოლივიის სასაზღვრო წყლებს აკონტროლებდა. ამ წყლებში შედიოდა ამაზონის აუზის მდინარეები და მსოფლიოში საუკეთესო სანაოსნო ტბა ტიტიკაკა.

1980 წლის მაისში სამხედრო ატაშეს კომისიის წევრად ამირჩიეს და შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გამგზავნეს. სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებიდან თითო მაღალი რანგის ოფიცერი შეარჩიეს და მე მათ კოორდინატორად დამნიშნეს, რადგან მათზე მეტი სტაჟი მქონდა. შეერთებულ შტატებში თითქმის ორი წელი ვცხოვრობდი. მოგვიანებით ბოლივიის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი გავხდი.

კვირაობით ეკლესიაში სიარული მევალებოდა, რადგან სამხედრო მეთაური ვიყავი. ეკლესიამ იმედები გამიცრუა. ვხედავდი, რომ კაპელანები და მღვდლები რევოლუციებსა და ომებში იღებდნენ მონაწილეობას. ეკლესიების მხარდაჭერა სისხლისმღვრელ საქმეებში, არასწორი იყო. რელიგიური თვალთმაქცობის მიუხედავად, ღვთის რწმენა არ დამიკარგავს და უფრო მეტი მონდომებით დავიწყე ჭეშმარიტების ძებნა. ბიბლია წაკითხული არ მქონდა, ამიტომ დროდადრო მას ხელში ვიღებდი და ალალბედზე გადაშლილ მონაკვეთებს ვკითხულობდი.

წესრიგი სამეფო დარბაზში

ჩემდა გასაკვირად, ჩემმა მეუღლემ, მანუელამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმე ჯანეტთან, რომელიც მისიონერი იყო. მალე მანუელამ მოწმეების თაყვანისმცემლობის ადგილზე, სამეფო დარბაზში დაიწყო სიარული. ის მე მიმყავდა ხოლმე მანქანით, თუმცა მათ შეხვედრებს არ ვესწრებოდი. ვფიქრობდი, რომ მათი შეხვედრები ხმაურიანი და ემოციური იქნებოდა.

ერთ დღესაც მანუელამ მკითხა, ჯანეტის ქმართან შეხვედრას ხომ არ ვისურვებდი. ჯერ უარი ვუთხარი, შემდეგ დავთანხმდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი ცოდნით, ადვილად შევძლებდი მისი არგუმენტების გაბათილებას. პირველი რაც თვალში მომხვდა, იენის კარგი მანერები იყო. ის არ ცდილობდა, თავი გამოეჩინა ბიბლიური ცოდნით. იენი ძალიან კეთილი და თავაზიანი აღმოჩნდა.

მომდევნო კვირას სამეფო დარბაზში წასვლა გადავწყვიტე. სწორედ მაშინ მოვისმინე იმ პატარა ბიჭის მოხსენება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ის ესაიას წიგნიდან კითხულობდა და მუხლებს ხსნიდა. როცა მას ვუსმენდი, მივხვდი, რომ უნიკალურ ორგანიზაციას მივაგენი. გაგეცინებათ და ბავშვობაში პატივდებული სამხედრო ოფიცერი მინდოდა გამოვსულიყავი, მაგრამ ახლა იმ ბავშვის ადგილას მოვისურვე ყოფნა. უცბად გული მომილბა და მათი მრწამსის შესახებ მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა.

მხიბლავდა აგრეთვე იეჰოვას მოწმეების პუნქტუალურობა და მათი თბილი სალამი. ისინი თავს ისე მაგრძნობინებდნენ, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავი. არც მათი სისუფთავე და აკურატული ჩაცმულობა დამრჩენია შეუმჩნეველი. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოწმეების ორგანიზებულობამ მოახდინა. ვიცოდი, რომ კრებაზე აუცილებლად იმ მოხსენებას მოვისმენდი, რომელიც გეგმით იყო გათვალისწინებული. საოცარი იყო, რომ წესრიგს აქ სიყვარულით ამყარებდნენ და არა ძალდატანებით.

პირველი კრების შეხვედრის შემდეგ იანს ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი. ბიბლიას ვსწავლობდით წიგნით „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. * დღემდე მახსოვს მესამე თავი და სურათი, სადაც ეპისკოპოსი ომში წასასვლელად ჯარებს ლოცავს. ერთი წუთითაც არ დავეჭვებულვარ სურათზე ასახულის სისწორეში, რადგან ჩემი თვალით მქონდა ნანახი, რა ხდებოდა ეკლესიებში. სამეფო დარბაზში მომცეს წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“. როცა მასში წავიკითხე ბიბლიის თვალსაზრისი ნეიტრალიტეტზე, მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა შემეცვალა. კათოლიკურ ეკლესიაში სიარული შევწყვიტე და სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დავიწყე რეგულარულად დასწრება. მერე პენსიაზე გასვლაც გადავწყვიტე.

სულიერი წინსვლა

კონგრესამდე რამდენიმე კვირით ადრე გავიგე, რომ მოწმეებს უნდა დაესუფთავებინათ დიდი სტადიონი, სადაც კონგრესი გაიმართებოდა. კონგრესს მოუთმენლად ველოდი და გადავწყვიტე, მეც მიმეღო სტადიონის დასუფთავებაში მონაწილეობა. ძალიან სასიამოვნო იყო, ქრისტიანებთან ერთად ამ საქმის კეთება. როცა იატაკს ვხვეტდი, ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა და მკითხა: „თქვენ ადმირალი ხომ არ ბრძანდებით?“

„დიახ“, — ვუპასუხე მე.

„დაუჯერებელია! — წამოიძახა გაოცებულმა კაცმა. — ადმირალი იატაკს ხვეტს?!“ მაღალი რანგის ოფიცერი იატაკზე დაგდებულ ფურცელსაც კი არ აიღებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იატაკის დახვეტაზე. ის ახალგაზრდა თურმე ადრე ჩემი პირადი მძღოლი ყოფილა, მერე კი იეჰოვას მოწმე გამხდარა.

საერთო საქმეს საფუძვლად სიყვარული უდევს

სამხედრო წესრიგი ჩინისადმი პატივისცემას ემყარება, რაც წლების განმავლობაში გამჯდარი მქონდა გონებაში. სწორედ ამის გამო მაინტერესებდა, სხვებთან შედარებით უფრო მაღალი მდგომარეობა ეკავა თუ არა იმ იეჰოვას მოწმეებს, რომლებსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდათ და მეტად ირჯებოდნენ. არ ვიცოდი, რომ მალე წარმოდგენა ჩინებსა და სტატუსებზე რადიკალურად შემეცვლებოდა.

1989 წელს ბოლივიაში ელოდებოდნენ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთ წევრს ნიუ-იორკიდან. ის სტადიონზე მოხსენებით უნდა გამოსულიყო. ერთი სული მქონდა, მენახა, როგორ დახვედრას მოუწყობდნენ მოწმეთა „ელიტის“ წარმომადგენელს. მეგონა, დახვედრა პომპეზური იქნებოდა.

კონგრესზე არ იგრძნობოდა, რომ განსაკუთრებული ვინმე იყო ჩამოსული, რამაც ცოტა არ იყოს, გამაკვირვა. მე და მანუელას გვერდით ერთი ხანდაზმული ცოლ-ქმარი იჯდა. მანუელამ შეამჩნია, რომ ცოლს ხელში ინგლისური სიმღერების წიგნი ეკავა და შესვენების დრო რომ დადგა, გამოელაპარაკა. შემდეგ ეს ცოლ-ქმარი სადღაც გაუჩინარდა.

გაგვიკვირდა, როცა სცენაზე მოხსენების წასაკითხად ჩვენ გვერდით მჯდომი კაცი გამოვიდა. სწორედ მაშინ შემეცვალა წარმოდგენა წოდებაზე, პატივისცემაზე, ძალაუფლებასა და სტატუსზე. მაშინ ჩემს ცოლს ვუთხარი: „წარმოიდგინე, ძმა, რომელიც სტადიონზე ჩვენ გვერდით მოუხერხებელ სკამზე იჯდა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ყოფილა!“

ახლა მეღიმება, როცა ვიხსენებ, რამდენჯერ მიხსნიდა იანი მათეს 23:8-ში ჩაწერილ სიტყვებს: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“.

ჩემი პირველი ქადაგება

სამხედრო სამსახური სრულად რომ მივატოვე, იანმა კარდაკარ მსახურება შემომთავაზა (საქმეები 20:20). არ მინდოდა იმ უბანში მისვლა, სადაც სამხედროები ცხოვრობდნენ. მაგრამ სწორედ იქ აღმოვჩნდი. კარი იმ გენერალმა გამიღო, ვისთან შეხვედრაც ყველაზე მეტად არ მინდოდა. ავღელდი, როცა მან ჩემს პორტფელს და ბიბლიას დახედა და ცინიკურად მითხრა: „რა დაგემართა, შე კაი კაცო?!“

მოკლე ლოცვის შემდეგ დავმშვიდდი და უფრო დაჯერებული გავხდი. გენერალმა მომისმინა და ბიბლიური ლიტერატურაც გამომართვა. ამ შემთხვევამ აღმძრა, რომ იეჰოვასთვის თავი მიმეძღვნა. ასეც მოხდა, 1990 წლის 3 იანვარს ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.

დროთა განმავლობაში ჩემი მეუღლე და ქალ-ვაჟიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ. დღეს კრებაში უხუცესად ვმსახურობ და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას სრული დროით ვქადაგებ. ყველაზე დიდი პატივი ჩემთვის ის არის, რომ ვიცნობ იეჰოვას და ისიც მიცნობს მე. ეს კი ყველა წოდებასა და მდგომარეობას აღემატება, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. მართლაც, წესრიგი სიმკაცრითა და დაშინებით კი არ უნდა მყარდებოდეს, არამედ სიყვარულითა და მზრუნველობით. იეჰოვა წესრიგის მოყვარული ღმერთია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღმერთი სიყვარულია (1 კორინთელები 14:33, 40; 1 იოანე 4:8).

[სქოლიო]

^ აბზ. 21 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[სურათი 13 გვერდზე]

ჩემს ძმასთან, რენატოსთან ერთად, 1950 წელი

[სურათი 13 გვერდზე]

ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო პირებთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრაზე