არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწრაფო დახმარების მანქანა თქვენს სამსახურში

სასწრაფო დახმარების მანქანა თქვენს სამსახურში

სასწრაფო დახმარების მანქანა თქვენს სამსახურში

● ფეხმძიმე ქალი დიდ აუდიტორიაში ყურადღებით ისმენდა ბიბლიურ მოხსენებას. მოულოდნელად მშობიარობის ტკივილი დაეწყო. სასწრაფო დახმარების მანქანა მომენტალურად გაჩნდა ადგილზე და ფეხმძიმე ქალი მეუღლითურთ საავადმყოფოში გააქანა. ქალს მშვენიერი გოგონა შეეძინა.

დღეს ბევრ ქვეყანაში სასწრაფო დახმარების მანქანები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცვის სისტემაში. ამ მანქანებს გადაჰყავთ კვალიფიცირებული პერსონალი — ექიმები, ექთნები და გამოცდილი მძღოლები *. ისინი კარგად არიან აღჭურვილი საიმისოდ, რომ პირველი დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს საგზაო შემთხვევების, გულის შეტევის, ინსულტისა თუ მშობიარობის დროს. ყოველწლიურად სასწრაფო დახმარების ბრიგადა ათასობით ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს.

2004 წელს მადრიდში (ესპანეთი) ოთხი სამგზავრო მატარებელი ააფეთქეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის სწრაფი და ეფექტური მოქმედების შედეგად დაახლოებით 400 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. * მადრიდის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი, დოქტორი ერვიხიო კორალ ტორესი ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ამბობს: „ასეთ შემთხვევებს მასმედია ინტენსიურად აშუქებს, მაგრამ ყოველდღიურადაც ძალიან ბევრს ვაკეთებთ. ადამიანებს ქუჩაში ვეხმარებით. ჩვენი მომსახურების საუკეთესო მხარე ის არის, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეგვიძლია ვიხსნათ“.

კითხვაზე, თუ რა გაუადვილებდა მათ სამუშაოს, დოქტორი კორალ ტორესი პასუხობს: „გვინდა, რომ ხალხს კარგად ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდნენ საჭიროების შემთხვევაში“. მან დასძინა: „ჩვენი მიზანია, კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ ადამიანებს ნებისმიერ დროსა და ადგილას და ზარის შემოსვლისთანავე გადაუდებლად ვიმოქმედოთ“. დიდ ქალაქებში სასწრაფო დახმარების მანქანა, ჩვეულებრივ, გამოძახებიდან ათ წუთშია ადგილზე.

საცობები სერიოზულ პრობლემას უქმნის სასწრაფო დახმარების მანქანებს ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, როგორიცაა სან-პაულუ (ბრაზილია). ამიტომ მედიკოსები მოტოციკლეტით მიდიან პაციენტთან, რათა სასწრაფოს მისვლამდე აღმოუჩინონ დახმარება. საცობების დროს დაშავებულთან მისასვლელად მოტოციკლეტებს აგრეთვე იყენებენ კუალა-ლუმპურში (მალაიზია), ლონდონსა (ინგლისი) და მაიამიში (აშშ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მძღოლებმა უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ სამედიცინო მოწყობილობები და მანქანა პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად უნდა ატარონ.

^ აბზ. 4 იხილეთ 2004 წლის 8 ნოემბრის ჟურნალი„გამოიღვიძეთ!“, გვ. 23—25.

[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]

როგორ უნდა მოიქცეთ

გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები, რათა სასწრაფო დახმარების ბრიგადას გაუადვილოთ მუშაობა:

1. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემდეგ ნომრებზე: საქართველოში 033, ევროპაში 112, შეერთებულ შტატებში 911.

2. ჩააწერინეთ ზუსტი მისამართი.

3. აღწერეთ, ავადმყოფის სიმპტომები. მაგალითად, სუნთქავს თუ არა, დაკარგული აქვს თუ არა ცნობიერება, აქვს თუ არა სისხლდენა?

4. დაშავებული ადგილიდან არ დაძრათ, თუ სხეულზე დაზიანებები აქვს, რადგან მდგომარეობა შეიძლება გართულდეს.

5. პირღებინების შემთხვევაში ავადმყოფი რომ არ დაიხრჩოს, გვერდზე დააწვინეთ.