არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სწრაფი კვება“ მწერებისთვის

„სწრაფი კვება“ მწერებისთვის

„სწრაფი კვება“ მწერებისთვის

● მწერებს უყვართ მაღალკალორიული საკვებით თავის შექცევა, რომლის მოპოვებასაც დიდი დრო არ სჭირდება. ასეთი საკვები კი მცენარის ყვავილედშია. სწრაფი კვების ობიექტების მსგავსად, ყვავილები მწერებს კაშკაშა ფერებით იზიდავენ. მწერი ყვავილს სტუმრობს და სასიამოვნოდ შეექცევა მის მტვერსა და ნექტარს.

ცივი ღამის შემდეგ მწერები ღონემიხდილები არიან. ამ ცივსისხლიან არსებებს ძალის მოსაკრებად მზის ენერგია სჭირდებათ. ბევრი ყვავილი მათ სთავაზობს „მომსახურების სრულ პაკეტს“ — მაღალკალორიულ საკვებსა და მზის გულზე ნებივრობას.

მინდვრის გვირილა საკმაოდ გავრცელებული ყვავილია. იგი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის უმეტეს ნაწილში ხარობს. ერთი შეხედვით ეს ყვავილი არაფრით გამოირჩევა, მაგრამ თუ კარგად გამოვიკვლევთ, მის შესახებ ბევრ საინტერესოს გავიგებთ. როგორც კი გათენდება, მწერები მინდვრის გვირილებისკენ მიეშურებიან, რადგან ეს მათთვის იდეალური ადგილია. ყვავილის თეთრი ფურცლები მზის სხივებს ირეკლავს, ყვითელი გული კი — მწერებისთვის შესანიშნავი მოსასვენებელი ადგილია მზის ენერგიის მისაღებად. *

კალორიული საკვების მოყვარულ მწერებს მადას უღვიძებს ყვავილის ყვითელი გული, რომელიც სავსეა ყვავილის მტვრითა და ნექტრით. ამაზე გემრიელ საკვებს და უკეთეს მოსასვენებელ ადგილს სად იპოვის მწერი?!

დღის განმავლობაში გვირილებს ათასგვარი სახეობის მწერი სტუმრობს. მასზე შენიშნავთ ხოჭოებს, ნაირფერ პეპლებს, ბაღლინჯოებს, ჭრიჭინებსა და ბუზის მრავალ სახეობას. თუ დაკვირვებული თვალი არ გაქვთ, შეიძლება ვერასდროს შეამჩნიოთ ეს ორიგინალური „სწრაფი კვების ობიექტები“.

კარგად დააკვირდით ამ ნაკლებად შესამჩნევ ყვავილს, როცა ქალაქგარეთ მოხვდებით. უდავოდ, მადლიერების გრძნობით განიმსჭვალებით შემოქმედის მიმართ, ვინც ეს ყვავილები შექმნა.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ზოგი ყვავილის ზედაპირზე ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით უფრო მაღალია, ვიდრე იმ მიდამოებში, სადაც ის იზრდება.