არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტელევიზორი

ტელევიზორი

ტელევიზორი

მას შემდეგ, რაც ადამიანმა რადიოსიგნალების გადაცემა მოახერხა, ცოცხალი გამოსახულებების გადაცემაზე დაიწყო ფიქრი. ამ მიზნის განხორციელება არც ისე ადვილი იყო. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ მოკლედ მიმოვიხილავთ ტელევიზორის მუშაობის პრინციპს.

თავდაპირველად სატელევიზიო კამერა საგანზე ფოკუსირდება, შემდეგ „კითხულობს“ გამოსახულებას ზუსტად ისე, როგორც თქვენ კითხულობთ დაბეჭდილ ტექსტს. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ფურცელზე ნაწერს სტრიქონებად აღვიქვამთ, სატელევიზიო კამერა კი გამოსახულებას ხაზებად ყოფს, რომლებიც პაწაწინა წერტილებისგან (პიქსელებისგან) შედგება. ის გამოსახულებას ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის, რომლის გადაცემაც სხვა ადგილზეა შესაძლებელი. შემდეგ მიმღები ელექტრულ სიგნალს კვლავ გამოსახულებად გარდაქმნის.

შოტლანდიელი ჯონ ლოჯი ბერდი პირველი იყო, ვინც სატელევიზიო გამოსახულების მიღება შეძლო. ბერდი ინჟინერ-ელექტრიკოსად მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახურის დატოვება მოუწია. სწორედ ამ პერიოდში მან ხელი მოჰკიდა საქმეს, რომელიც ბავშვობიდან იტაცებდა. მას სურდა, შეექმნა აპარატი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ცოცხალი გამოსახულებების გადაცემა.

ბერდის ტელეკამერას ჰქონდა დისკი, რომელზეც სპირალურად იყო განლაგებული 30 ნახვრეტი. დისკი ბრუნავდა და გამოსახულებას ხაზობრივ-სტრიქონულად ყოფდა, შემდეგ სინათლე ფოტოელემენტს ეცემოდა. ფოტოელემენტში წარმოიქმნებოდა ვიდეოსიგნალი (სიკაშკაშის სიგნალი), რომელიც ტელემიმღებს გადაეცემოდა. მიმღებში ვიდეოსიგნალი ძლიერდებოდა და გარდაიქმნებოდა სხვა სიხშირის სიგნალად მეორე მბრუნავ დისკზე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო გამოსახულების მიღება. ძალიან რთული იყო დისკების სინქრონიზაცია. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე მუშაობის პერიოდში ბერდი ფეხსაცხმელების წმენდით ირჩენდა თავს.

1925 წლის 2 ოქტომბერს ბერდმა თავისი სხვენის ერთი ბოლოდან მეორეში პირველი სატელევიზიო გამოსახულების გადაცემა მოახერხა. პირველი, რაც ეკრანზე გამოჩნდა შემკრთალი ბიჭის სახე იყო, რომელიც ქვედა სართულის ოფისში მუშაობდა. დახმარებისთვის ბერდმა მას ნახევარი კრონი გადაუხადა. 1828 წელს ჯონ ბერდის პირველი სატელევიზიო გამოსახულებები ანტლანტიკის ოკეანის გადაღმაც გამოჩნდა. ნიუ-იორკში ჩასვლისას ისედაც მორცხვმა ბერდმა თავი უხერხულად იგრძნო, როცა ხალხი გუდასტვირებზე დაკვრით შეეგება. ჯონ ბერდმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. და მაინც, პირველად ბერდმა გადასცა ცოცხალი გამოსახულებები?