არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფარერის კუნძულების დამაკავშირებელი გზები

ფარერის კუნძულების დამაკავშირებელი გზები

ფარერის კუნძულების დამაკავშირებელი გზები

თვრამეტი პატარა კუნძულისგან შემდგარი ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანის ბობოქარი წყლების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. აქაური მცხოვრებნი თავიანთ ენაზე, ფარერულზე ლაპარაკობენ. ამ საოცრად ლამაზ კუნძულებზე ციცაბო, უსწორმასწორო მთები შთამბეჭდავად ეშვება ზღვისკენ. ზღვასთან ახლოს დასახლებულ სოფლებში ათასფრად შეფერილი სახლები მოჩანს. ზაფხულობით ხასხასა ბალახში გახვეული მთის მწვერვალები მწვანე ფრად ბიბინებს.

ამ კუნძულებზე მცხოვრებ 48 000 მოსახლეს ერთმანეთთან თავისუფალი მიმოსვლა აქვს, რაც ყოველთვის ასე არ იყო. ერთი კუნძულიდან მეორეზე ხალხის გადასაყვანად და ნივთების გადასატანად ადრე ნიჩბიან ნავებს იყენებდნენ. სოფლიდან სოფელში მისასვლელად ხალხი ფეხით გადადიოდა ციცაბო მთებსა და ღრმა ხევებს. ძალიან შრომატევადი იყო სახლის აშენება, რადგან სამშენებლო მასალები ნავით უნდა გადაეზიდათ. სანაპიროზე მდებარე პატარა ბუნებრივი ნავსადგურიდან ისინი წინასწარ უნდა მიეტანათ სოფლამდე.

პირველი მოსახლეები

ფარერის კუნძულების შესახებ პირველი ჩანაწერები ეკუთვნის ახ. წ. დაახლოებით 825 წელს მცხოვრებ ერთ ირლანდიელ ბერს. მისი გადმოცემით, ამ კუნძულებზე მასზე დაახლოებით ასი წლით ადრე მხოლოდ ირლანდიელი ბერები ცხოვრობდნენ. მაგრამ ცნობილია, რომ აქ ხალხის დასახლება მაშინ დაიწყო, როცა მე-9 საუკუნის დასაწყისში ნორვეგიიდან ვინმე გრემურ კამბანი ჩავიდა.

პირველი მოსახლეები თავს ძირითადად თევზჭერით ირჩენდნენ, თუმცა მოგვიანებით ცხვარიც მოაშენეს. ფარერულ ენაზე „ფორეიარ“ (ფარორის კუნძულები) სიტყვასიტყვით „ცხვრების კუნძულებს“ ნიშნავს. მეცხვარეობა აქ დღემდე მეურნეობის წამყვანი დარგია. ცივ, ქარიან და წვიმიან ამინდებში მოსახლეობა მატყლით თბებოდა. ამბობენ, რომ „ფარერელების ოქრო მატყლია“.

დღესაც, ფარერის კუნძულებზე ცხვარი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი. გასაშრობად გამზადებულ ცხვრის ხორცს ტრადიციულად ჩარდახში ჰკიდებენ, სადაც ქარი ადვილად აღწევს. ასეთნაირად გამომშრალ ხორცს განსაკუთრებული სურნელი და გემო აქვს.

როგორც ყველა მცირერიცხოვან და გარე სამყაროსგან მოწყვეტილ ხალხს, ფარერელებსაც ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ, რადგან ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. თანამედროვე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების წყალობით კუნძულელებს შორის ურთიერთობა დღემდე შენარჩუნდა და გაადვილდა.

დამაკავშირებელი გვირაბები

1963 წელს ფარერის კუნძულებზე პირველი გვირაბი გაიხსნა. ეს გვირაბი კუნძულ სუზეროიჩის უკიდურეს სამხრეთით მდებარე მთაზე გადიოდა და ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა. გვირაბის გასაყვანად საჭირო იყო ვრცელი ტერიტორიის გათხრა, ქანების ბურღვა და აფეთქება. ეს სამუშაოები მთის ორივე მხრიდან ერთდროულად ტარდებოდა.

ახლახან გაყვანილი სატრანსპორტო გვირაბი ზღვის დონიდან 150 მეტრის ქვემოთაა და ორ დიდ კუნძულს აერთებს ერთმანეთთან. კლდის მასივის გასაბურღად 5 მეტრიანი ბურღი გამოიყენეს. შემდეგ ხვრელის ბოლოში დინამიტი ჩადეს და ააფეთქეს. იქაურობა ქვებისა და ლოდებისგან გაასუფთავეს და ასეთნაირად გათხარეს გვირაბის 5 მეტრიანი მონაკვეთი. ეს პროცედურა მანამ გაგრძელდა, სანამ საბოლოო ჯამში, 6 კილომეტრიანი გვირაბი არ გაიყვანეს. ეს სატრანსპორტო გვირაბი 2006 წლის 29 აპრილს გაიხსნა.

ფარერის კუნძულებზე დღეს სულ 18 გვირაბია, მათგან ორი ზღვის დონიდან ქვემოთაა და კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს. თუ ამ გვირაბების საერთო სიგრძეს კილომეტრებში შევაფარდებთ მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან, მიღებული რიცხვი სხვა ნებისმიერი ქვეყნის ანალოგიურ შეფარდებას აღემატება. იგეგმება აგრეთვე ახალი გვირაბების მშენებლობა. პარლამენტმა ორ მთავარ კუნძულს შორის კიდევ ორი გვირაბის გაყვანა გადაწყვიტა. ერთი მათგანის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2012 წელს დასრულდება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, 11,9 კილომეტრიანი, წყალქვეშა სამანქანო გვირაბი იქნება.

კიდევ ერთი გამაერთიანებელი კავშირი

ფარერის კუნძულებზე ხალხთა ერთ ჯგუფს ერთმანეთთან სულიერი ინტერესები აკავშირებთ. ისინი იეჰოვას მოწმეები არიან. ამ კუნძულებზე ისინი პირველად 1935 წელს გამოჩნდნენ; დანიიდან ჩასულმა ორმა ქალმა ზაფხულის თვეებში იქ კარდაკარ იქადაგა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. დროთა განმავლობაში ზოგი გამოეხმაურა ამ გამამხნევებელ ცნობას და ქადაგება დაიწყო (მათე 24:14).

დღეს იქ ოთხ სამეფო დარბაზში დაახლოებით 100 იეჰოვას მოწმე იკრიბება. ისინი გულმოდგინედ მსახურობენ, რაშიც ხელს უწყობთ გზები და გვირაბები, რომლებიც ატლანტის ოკეანის ბობოქარ წყლებში თვალწარმტაც კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს.

[სურათი 17 გვერდზე]

ეს სატრანსპორტო გვირაბი ზღვის დონიდან 150 მეტრის ქვემოთაა და ორ დიდ კუნძულს ერთმანეთთან აკავშირებს