არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გააკონტროლეთ დრო

გააკონტროლეთ დრო

გააკონტროლეთ დრო

„ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1).

ღირებული საქმეებისთვის დრო რომ გამოყოთ, ჯერ უნდა იცოდეთ, რომელია ღირებული საქმეები. ამის გარკვევა რთული არ იქნება, თუ კარგად გესმით თქვენი ფასეულობები, მიზნები და იცით კონკრეტული გზები მათ მისაღწევად.

უპირველესად, განსაზღვრეთ თქვენი ფასეულობები. ჩამოწერეთ ის, რაც უცბად გახსენდებათ, მაგალითად, ოჯახი, მეგობრები, სამუშაო, განათლება, მიღწევები, გარეგნობა, ფული, ბედნიერება, ქორწინება, სიკეთის კეთება, ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა. ამის შემდეგ დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ჩამოთვლილი ფასეულობებიდან, რომელია ჩემთვის უმნიშვნელოვანესი?

ახლა დაფიქრდით ყველა იმ მიზანზე, რომლის მიღწევაც ცხოვრებაში გსურთ. რა განსხვავებაა ფასეულობებსა და მიზნებს შორის? შეიძლება ითქვას, რომ ფასეულობები მუდმივია, ხოლო მიზნები, რაღაც პერიოდის შემდეგ მიიღწევა და დასრულებულად ითვლება.

რა მიზნები შეიძლება დაისახოთ? მაგალითად, უფრო მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს; იპოვოთ შესაფერისი სამუშაო; უკეთესად დაეუფლოთ ამა თუ იმ ხელობას; ახალი ჰობი გაიჩინოთ; განივითაროთ რომელიმე პიროვნული თვისება; აიღოთ შვებულება; წაიკითხოთ ან დაწეროთ წიგნი.

ჩამოთვლილთაგან რომელი მიზნების მიღწევა გსურთ ყველაზე მეტად? გაითვალისწინეთ, რომ მიზნები და ფასეულობები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მაგალითად, თუ მიზნად ბევრი ფულის შოვნა დაისახეთ, შესაძლებელია ზოგიერთი ფასეულობის უგულებელყოფა მოგიწიოთ.

სასურველი მიზნების გამოყოფის შემდეგ, იფიქრეთ იმაზე თუ, რა გზები არსებობს მათ მისაღწევად. მაგალითად, თუ წონაში დაკლება გსურთ, ამ მიზნის მიღწევაში ვარჯიში დაგეხმარებათ.

რაში დაგეხმარებათ ეს სია?

თუ თქვენი მიზნები და ფასეულობები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მიზნების მისაღწევად ყველა საშუალებას იყენებთ, თქვენს ცხოვრებას სწორ მიმართულებას მისცემთ და მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ და სხვების მოთხოვნილებები უგულებელვყოთ (ფილიპელები 2:4). უნდა შეგვეძლოს უმნიშვნელო საქმის მნიშვნელოვანი საქმისგან გარჩევა და უმნიშვნელო საქმეზე უარის თქმა.

უნდა ვაღიაროთ, რომ გზადაგზა სირთულეები შეგხვდებათ. მაგალითად, სახლის საქმეები სხვა საქმეებთან შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ აუცილებელი გასაკეთებელია. ასეთმა საქმეებმა შეიძლება მთელი დღე წაიღოს და აღარც კი დაგრჩეთ დრო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისთვის. შეიძლება გადაუდებელი საქმეც გამოგიჩნდეთ. ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამოც შესაძლოა ამოვარდეთ გეგმიდან. გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, რათა მეტი დრო დაუთმოთ მნიშვნელოვან საქმეებს. ამგვარად, შეძლებთ თქვენი დროისა და ცხოვრების გაკონტროლებას.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

გაზოგვინებთ დროს ელექტრონული ბლოკნოტები?

ზოგს დროს აზოგვინებს, ზოგს კი — აკარგვინებს. მაგალითად, ჯიბის კომპიუტერს აქვს კალენდარი, ტელეფონის ნომრებისა და მისამართების ჩასაწერი გვერდი, დღის გეგმის გვერდი, ტექსტური პროცესორი, უბის წიგნაკი, ვიდეო და ფოტო კამერა და ელ-ფოსტასთან და ინტერნეტთან კავშირის შესაძლებლობა. ეს ხელსაწყო დროს დაგაზოგვინებთ, თუ მასში ინფორმაციას შეიტანთ და ყოველთვის თან გექნებათ. მაგრამ ის ადვილად დაგაკარგვინებთ დროს, თუ უმიზნოდ „იხეტიალებთ“ სხვადასხვა ფუნქციებში, დაიწყებთ პროგრამების გასწორებასა და ხელსაწყოსთვის არასაჭირო აქსესუარების ყიდვას, ან თუ იმდენად იქნებით მისით გატაცებული, რომ ურთიერთობისა და პასუხისმგებლობების შესასრულებლად დრო აღარ გრჩებათ.

რჩევა: სანამ ელექტრონულ ბლოკნოტს იყიდით, კარგად შეამოწმეთ. თუ ის ხშირად ფუჭდება, მისი შეკეთება ბევრ დროს წაიღებს. ისიც გახსოვდეთ, რომ კარგი პატრონის ხელში ელექტრომოწყობილობაც კარგად იმუშავებს. ასე რომ, ელექტრონული ბლოკნოტი დროის დასაზოგად გამოიყენეთ და არა გასაფლანგად.

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

შეგიძლიათ დრო ღირებული საქმეებისთვის გამოყოთ?