არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიცოცხლის განსაცვიფრებელი მრავალფეროვნება ზემო ამაზონზე

სიცოცხლის განსაცვიფრებელი მრავალფეროვნება ზემო ამაზონზე

სიცოცხლის განსაცვიფრებელი მრავალფეროვნება ზემო ამაზონზე

ტროპიკული ტყეები, რომლებიც პერუს ანდების ძირიდან იწყება, აღმოსავლეთით სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაახლოებით 3 700 კილომეტრზე იშლება. ხმელეთის მწვანე ფერს ატლანტის ოკეანის ლურჯი ფერი ენაცვლება.

ტროპიკული ტყეების ამ ნაწილს, რომელიც პერუს ტერიტორიაზე მდებარეობს და ამაზონის რეგიონს ეკუთვნის, ქვეყნის თითქმის 60 პროცენტი უკავია. აქ მოსახლეობა მწირია, სამაგიეროდ ჯუნგლებში, სადაც 35 მეტრიანი ხეები იზრდება, უამრავი სახეობის მცენარე და ცხოველია. ამაზონის რეგიონი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძურია. ნოტიო ჰაერში 3 000-ზე მეტი სახეობის პეპელა დაფარფატებს; აქ დაახლოებით 4 000 სახეობის ნაირფერი ორქიდეა ყვავილობს; მიწაზე 90-ზე მეტი სახეობის გველი დახოხავს; მდინარეებსა და ნაკადულებში კი დაახლოებით 2 500 ჯიშის თევზი დაცურავს, მათ შორის ელექტრული გველთევზა და პირანია.

ამაზონი ყველაზე წყალუხვი მდინარეა. წელიწადში ნალექების საშუალო რაოდენობა ზოგ ადგილას 2,5—3 მეტრს აღწევს. შედეგად მდინარე ამაზონი, რომელსაც 1 100 შენაკადი უერთდება, ნაპირებიდან გადმოდის. სიცხე და ნესტი ნოტიო ჰავას წარმოქმნის, რაც მცენარეებს ძალიან უყვართ. აღსანიშნავია, რომ მცენარეები თიხიან ნიადაგზე იზრდება, რომელიც ყველაზე უნაყოფო და მუდმივი დამუშავებისთვის გამოუსადეგარ ნიადაგად ითვლება.

უძველესი მკვიდრნი

ვის უნდა აერჩია საცხოვრებლად ასეთი ადგილი? არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ მდინარე ამაზონის აუზის მიდამოებში საუკუნეების წინათ მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად პერუს ამაზონის რეგიონში დაახლოებით 300 000 მოსახლეა, რომელიც 40 ეთნიკურ ჯგუფად არის დაყოფილი. ფიქრობენ, რომ აქედან 14 ჯგუფი გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილია. ეს ის ტომებია, რომლებსაც მცირე დროით ჰქონდათ კავშირი ცივილიზებულ საზოგადოებასთან, მაგრამ იმის შიშით, რომ არ დაახლოებოდნენ, ისინი უფრო ღრმად შეიჭრნენ ჯუნგლებში.

როდის და საიდან მოვიდნენ ჯუნგლების ეს ბინადარნი? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩვენს ერამდე საუკუნეებით ადრე პირველი მცხოვრებლები ჩრდილოეთიდან მოსული ხალხი იყო. ხივაროს ტომი (სახელი გაითქვეს იმით, რომ დახოცილ მტრებს თავებს აჭრიდნენ და სპეციალური მეთოდით აპატარავებდნენ) კარიბის ზღვის კუნძულებიდან გადმოსახლდა, არავაკების ტომი კი — ვენესუელადან. დანარჩენი ტომები ბრაზილიიდან და პარაგვაიდან ჩამოსახლდნენ.

ტომთა უმეტესობა, როგორც ჩანს, სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაადგილდებოდა და ნადირობითა და მცენარეული საკვების შეგროვებით ირჩენდა თავს. მჟავე ნიადაგზე მათ რამდენიმე სახეობის მარცვლეული კულტურა მოჰყავდათ: მანიჰოტი, მწარე წიწაკა, ბანანი და სიმინდი. ესპანელ მემატიანეთა გადმოცემით, ზოგი ტომი კარგად ორგანიზებული იყო. მათ ჰქონდათ საკვების შესანახი საშუალებები და იცოდნენ გარეული ცხოველების მოშინაურების მეთოდები.

კულტურული დაპირისპირება

XVI—XVII საუკუნეებში ესპანელმა კონკისტადორებმა ამაზონის ტერიტორია დაიკავეს. მათ იეზუიტი და ფრანცისკელი მისიონერები მიჰყვნენ, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობის კათოლიციზმზე მოქცევა სურდათ. მისიონერებმა არაჩვეულებრივი რუკები შეადგინეს და ევროპელებს ამაზონის რეგიონისკენ გაუხსნეს გზა. თუმცა ამას რეგიონში დაავადებების გავრცელება და ნგრევა მოჰყვა.

მაგალითად, 1638 წელს ახლანდელ მაინას პროვინციაში ჩამოყალიბდა მისიონერული ორგანიზაცია. მათ თავი მოუყარეს ადგილობრივ მოსახლეობას, ღრმა ჯუნგლებში მცხოვრებ ტომთა ჩათვლით, და აიძულეს, გაერთიანებულიყვნენ. საინტერესოა, რა „კეთილშობილური“ მიზანი ამოძრავებდათ მათ? მისიონერები და კონკისტადორები ადგილობრივებს გაუნათლებელ და მდაბიო ხალხად მიიჩნევდნენ და ექსპლუატაციას უწევდნენ. ევროპელებთან ახლო კონტაქტის შედეგად ათასობით ადგილობრივი მოკვდა ისეთი დაავადებებით, როგორიცაა წითელა, ყვავილი, დიფთერია და კეთრი; ათასობით ადამიანი კი შიმშილმა იმსხვერპლა.

ბევრმა ინდიელმა თავი დააღწია მისიონერულ ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა რელიგიური ორდენების მიერ იყო დაფუძნებული; აჯანყებების დროს კი ბევრი მისიონერი დაიღუპა. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ამაზონის რეგიონში მხოლოდ ერთი მღვდელიღა იყო დარჩენილი.

მათი ცხოვრება დღეს

დღეს ბევრი ადგილობრივი მოსახლე ერთგულად მიჰყვება წინაპართა ტრადიციებს. მაგალითად, ისინი თავიანთ სახლებს ტრადიციულად ხის ბოძებით აგებენ, სახურავს კი პალმის ფოთლებითა და სხვა წყალგაუმტარი მცენარეებით ხურავენ. ხის მორებზე დადგმულ სახლებს საფრთხე არ ემუქრება ყოველწლიური წყალდიდობის დროს და მათ საშიში ცხოველებიც ნაკლებად სტუმრობენ.

აქაურ ტომებს ჩაცმის სხვადასხვა სტილი აქვთ და თავს სხვადასხვანაირად იმკობენ. ღრმა ჯუნგლებში მცხოვრებ ქალებსა და კაცებს თეძოზე ნაჭერი აქვთ შემოხვეული ან ნაქსოვი მოკლე ქვედატანი აცვიათ; ბავშვები კი ტიტლიკანები დარბიან. ხოლო ისინი, ვინც ცივილიზებულ სამყაროსთან დაამყარა კონტაქტი, თანამედროვედ იცვამენ. ზოგი ცხვირსა და ყურებს იხვრიტავს და რგოლებს, ჩხირებს, ძვლებსა და ბუმბულებს იყრის. სხვა ტომები, მაგალითად მაიორუნას ტომი, ლოყებსაც იხვრიტავს. ტუკუნასა და ხივაროს ტომები კბილებსაც კი იქლიბავენ. ზოგი ტომი სხეულზე თმას იპარსავს და სვირინგს იკეთებს.

ამაზონის ხალხები ათასობით სახეობის მცენარეებს ცნობენ და მათ სამკურნალოდ იყენებენ. მცენერეებისგან ისინი ამზადებენ გველის ნაკბენის, დიზენტერიის, კანისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ექსტრაქტებს. სანამ დასავლეთში კაუჩუკს აღმოაჩენდნენ, ამაზონელები კაუჩუკის ხისგან უკვე იღებდნენ წვენს და კალათებს უსვამდნენ, რათა წყალგაუმტარი ყოფილიყო. კაუჩუკისგან ისინი სათამაშო ბურთებსაც აკეთებდნენ. ტყის მასალას ტრანსპორტირებისთვის და შორ მანძილზე საკომუნიკაციოდ იყენებდნენ. მაგალითად, მოჭრილი ხისგან გადასაადგილებლად კანოებს აკეთებდნენ, მორებისგან კი ამზადებდნენ დოლებს და მათი მეშვეობით შორს მცხოვრებთ შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

შამანებისა და ცრურწმენის გავლენა

ამაზონის მკვიდრთ სჯერათ, რომ ღამღამობით ჯუნგლებში სულები დახეტიალობენ და ზოგი მათგანი ხალხს აავადებს; მდინარეებში კი ღმერთები არიან ჩასაფრებული და მსხვერპლს ელიან. აგუარუნას ტომი, რომელიც ყველაზე დიდი ტომია პერუში, ხუთ ღმერთს ეთაყვანება. ესენია, „მებრძოლი მამა“, „წყლის მამა“, „დედამიწის დედა“, „მზის მამა“ და „შამანის მამა“. ბევრს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი მცენარედ ან ცხოველად გარდაისახება. იმის შიშით, რომ სულები არ გაანაწყენონ, ისინი ერიდებიან ზოგიერთი ცხოველის მოკვლას და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ნადირობენ.

ტრადიციულ რელიგიური წეს-ჩვეულებების დაცვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შამანები, იგივე ექიმბაშები განაგებენ. შამანები ადამიანების ტრანსში შესაყვანად ჰალუცინაციების გამომწვევ მცენარეებს იყენებენ. ზოგი მათ იმ მიზნით აკითხავს, რომ დაავადებებისგან განიკურნოს, გაიგოს თავისი მომავალი ან ის, თუ როგორი მოსავალი მოუვა და როგორი ნადირობა ექნება.

ემუქრება ამაზონის რეგიონს განადგურება?

ამაზონის რეგიონში მცხოვრები ხალხის რაოდენობა დღითი დღე მცირდება. ტყეში ახალ-ახალი გზები გაჰყავთ; კოკას მოყვანა და მიწის დამუშავება ჯუნგლებშიც დაიწყეს; უკანონო ხის ჭრამ ტყის მასივის განადგურება გამოიწვია. ყოველდღიურად დაახლოებით 1 200 საფეხბურთო მოედნის ზომის ტერიტორია ნადგურდება. როგორც სასარგებლო წიაღისეულის კანონიერად მოპოვება, ისე არალეგალური კოკაინის წარმოება აბინძურებს შენაკადებს, რომლებითაც მდინარე ამაზონი იკვებება.

აშკარაა, ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები ადამიანებიც გრძნობენ, რომ „მძიმე, ძნელად ასატან“ დროში ცხოვრობენ, როგორც ამას ბიბლია წინასწარმეტყველებს (2 ტიმოთე 3:1—5). სრულად განადგურდება ამაზონის ტყე? ბიბლია გვარწმუნებს, რომ ეს არ მოხდება. ღვთის სამეფოს მმართველობისას მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, როგორც ეს ჩვენს შემოქმედს თავიდანვე ჰქონდა განზრახული (ესაია 35:1, 2; 2 პეტრე 3:13).

[სურათი 16 გვერდზე]

მდინარე ამაზონი

[სურათი 17 გვერდზე]

აგუარუნას ტომი ხუთ ღმერთს სცემს თაყვანს

[სურათი 17 გვერდზე]

ლამასის ტომის ქალები

[სურათი 18, 19 გვერდებზე]

ამაზონელი ბიჭი ნადირობს მილით, რომლითაც პატარა ქვებს ან შხამიან ისრებს ისვრის

[საავტორო უფლება]

© Renzo Uccelli/PromPerú

[სურათი 18 გვერდზე]

სოფლის ტიპური სახლი

[სურათი 19 გვერდზე]

ამაზონზე ყოველდღიურად დაახლოებით 1 200 საფეხბურთო მოედნის ზომის ტყე იჩეხება

[საავტორო უფლება]

© José Enrique Molina/age fotostock

[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]

© Alfredo Maiquez/age fotostock

[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]

Top: © Terra Incógnita/PromPerú; bottom: © Walter Silvera/PromPerú