არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უკეთესი „კარიერა“ ავირჩიე

უკეთესი „კარიერა“ ავირჩიე

უკეთესი „კარიერა“ ავირჩიე

მოგვითხრო პლამენ კოსტადინოვმა

შუადღე იყო რომ გამეღვიძა. იატაკზე, ყველგან ცარიელი ბოთლები ეყარა, საფერფლეები სიგარეტის ნამწვით იყო სავსე და იქაურობა საშინლად ყარდა. წინა ღამის სასიამოვნო განწყობა სადღაც გამქრალიყო. იმ წუთში ისეთი უკმაყოფილებისა და მარტოობის გრძნობა დამეუფლა, როგორც არასდროს. მეგონა, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა. ახლა მოგიყვებით, რამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე.

თოთხმეტი წლის ასაკში ხატვამ სერიოზულად გამიტაცა. 1980 წლის ზაფხულში მამამ მითხრა, რომ ქალაქ ტროიანში (ბულგარეთი) ხელოვნების კოლეჯში ჩავირიცხე. ამ ამბავმა უზომოდ გამახარა. იმავე წლის შემოდგომაზე მშობლიურ ქალაქ ლოვეჩიდან ტროიანში გადავედი.

მომწონდა, რომ მშობლებისგან შორს ვცხოვრობდი და რასაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი. სიგარეტის მოწევა დავიწყე, ზოგჯერ კოლეჯის მეგობრებთან ერთად სასმელსაც ვსვამდი. სკოლაში მოწევა და სმა გვეკრძალებოდა, ჩემთვის კი წესების დარღვევა უფრო საინტერესო გახდა.

ხელოვნება უფრო შემიყვარდა. ნელ-ნელა მხატვრობაში დავიხვეწე და დიდებისკენ სწრაფვის სურვილი უფრო გამიძლიერდა. ტროიანში ხუთწლიანი სწავლის შემდეგ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ხელოვნების აკადემიაში მინდოდა სწავლის გაგრძელება. ეს ბულგარეთში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებელი იყო. 1988 წელს ერთ-ერთი ვიყავი იმ რვა სტუდენტიდან, რომლებიც ამ აკადემიაში ჩაირიცხა. ჩემი წარმატებით ვამაყობდი. ერთ დღეს, სარკეში ჩავიხედე და ჩემს თავს ვუთხარი: ყოჩაღ პლამენ, შენგან ნამდვილად დიდებული მხატვარი დადგება!

როგორ ჩამოყალიბდა ჩემი „ძველი პიროვნება“

მალე იმიჯი შევიცვალე, თმა გავიზარდე, წვერი მოვუშვი და შავი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ასეთი სტილი მხატვრებისთვის დამახასიათებელი იყო. ბოჰემურ ცხოვრებას ვეწეოდი. მხატვრების უბანში ოთახი ვიქირავე, რომელიც ყოველთვის არეულ-დარეული მქონდა. ოთახში მივიყვანე პატარა ძაღლი და კატა სამ კნუტთან ერთად. ფულის ფლანგვაც ძალიან მიყვარდა.

ხელოვნების სიყვარული სულ უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. გამუდმებით ვხატავდი, ჩემი წარმოსახვის სამყარო აბსტრაქტული გამოსახულებებით გადმომქონდა ტილოზე. ოთახის კედლებზეც კი ვხატავდი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი დიდებული კარიერის დასაწყისი იყო.

აკადემიის სტუდენტებთან ერთად დროს ტარება ცხოვრების წესად მექცა. ხშირად ვიკრიბებოდით ჩემს ოთახში, ვუსმენდით მუსიკას და უზომოდ ვსვამდით მაშინაც კი, როცა გამოცდებისთვის ვემზადებოდით. ვმსჯელობდით მუსიკაზე, ხელოვნებასა და ცხოვრების აზრზე. ხშირად ვსაუბრობდით ზეადამიანურ ძალებზე და უცხოპლანეტელებზე. მინდოდა სულ ეიფორიაში ვყოფილიყავი, მაგრამ ეს გრძნობა იქამდე მიმყვებოდა, სანამ გამოვფხიზლდებოდი. როგორც წესი, მეორე დღეს მხიარული განწყობის კვალიც კი აღარსად ჩანდა.

ასე ათი წელი ვიცხოვრე, თუმცა შინაგანი კმაყოფილება არ მიგრძნია. ჩემს ნახატებში ხასხასა ფერები ჭარბობდა, მაგრამ ჩემს სულში წყვდიადი ისადგურებდა და სრულიად მარტო ვიყავი. ოცნება, რომ ცნობილი მხატვარი გავმხდარიყავი, ნელ-ნელა ქრებოდა. დეპრესიაში ჩავვარდი, არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. ეს ჩემი ცხოვრების ის საშინელი დრო იყო, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

ჭეშმარიტებამ გადამარჩინა

1990 წელს ქალაქ ლოვეჩში გამოფენა მოვაწყე. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სოფიის აკადემიიდან ჩემი ნაცნობი იანიტა დავპატიჟე, რადგან ისიც ლოვეჩელი იყო. გამოფენის დასრულების შემდეგ მე და იანიტა ამ მოვლენის აღსანიშნავად რესტორანში წავედით. მან ბიბლიურ თემებზე დამიწყო საუბარი და მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. იანიტამ თქვა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ახალი ქვეყნიერება დამყარდებოდა. ამან ძალიან დამაინტერესა.

სოფიაში იანიტა განაგრძობდა ბიბლიის შესწავლას და მას დროდადრო ჩემთან ბიბლიური ლიტერატურა მოჰქონდა. არასდროს დამავიწყდება, როგორი მონდომებით ვკითხულობდი ბროშურას „ნახე, მე ვქმნი ყოველივე ახალს“. რამდენიმე დღეში წავიკითხე წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. * ღვთის არსებობა ადვილად ვირწმუნე. მინდოდა, რაც შეიძლება მალე გამეგო, როგორ მელოცა. დღემდე მახსოვს ჩემი პირველი ლოცვა. მუხლებზე დაჩოქილმა იეჰოვას გული გადავუშალე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მისმენდა. მარტოობის გრძნობა შინაგანმა სიმშვიდემ და სიხარულმა შეცვალა.

სოფიაში იანიტამ იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი გამაცნო. მათ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს და შეხვედრებზე დამპატიჟეს. კრებას პირველად 1991 წლის ივნისში დავესწარი. ორი საათით ადრე მივედი და პარკში ვიცდიდი. ვნერვიულობდი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდნენ. ჩემდა გასაკვირად, ყველა თბილად შემხვდა მიუხედავად იმისა, რომ უცნაურად გამოვიყურებოდი. იმ დღიდან რეგულარულად დავიწყე კრების შეხვედრებზე დასწრება. ბიბლიას კვირაში ორჯერ ვსწავლობდი.

სიხარულისგან ცას ვეწიე, როცა მოწმეებმა ბიბლია მაჩუქეს. არასდროს წამიკითხავს მთაზე ქადაგების მსგავსი რამ. მასში საოცარი სიბრძნე იყო. რაც მეტს ვსწავლობდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რა ძალა აქვს ღვთის სიტყვას. ჩემზე გამართლდა ეფესოელების 4:23-ში ჩაწერილი სიტყვები; მე განვიახლე „გონების აღმძვრელი ძალა“. სიგარეტს თავი დავანებე და გარეგნობა მოვიწესრიგე. ისე შევიცვალე, რომ ლოვეჩის რკინიგზის სადგურში ჩემ დასახვედრად მოსულმა საკუთარმა მამამ ვერ მიცნო და გვერდზე ჩამიარა.

გადავწყვიტე, ჩემი საცხოვრებელი ოთახიც მომეწესრიგებინა. არეული ოთახი, მოხატული კედლები და სიგარეტის კვამლი შთაგონებისთვის აღარ მჭირდებოდა. სურვილი გამიჩნდა, ყველაფერი დამესუფთავებინა. კედლები თეთრად გადავღებე და მასზე დახატული სამთვალა უცხოპლანეტელიც გავაქრე.

მეგობრებმა თავი მალე დამანებეს. მათ ნაცვლად, ქრისტიანულ კრებაში ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. მათ გარემოცვაში სულიერად სწრაფად წავიწიე წინ. 1992 წლის 22 მარტს მოვინათლე ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში პირველად ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე.

ლოვეჩში დაბრუნება

პატარა ქალაქში თავის რჩენა იოლი არ იყო, მაგრამ მაინც ვარჩიე აკადემიის დამთავრების შემდეგ ლოვეჩში დაბრუნება. ვიცოდი, ერთდროულად შეუძლებელი იქნებოდა კარიერის შექმნა და სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება. ამიტომ გადავწყვიტე, ხალხისთვის ბიბლია მესწავლებინა. მე ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, იანიტა კი, რომელსაც ჩემზე სამი წლით ადრე ჰქონდა დამთავრებული სწავლა, უკვე აქტიურად ქადაგებდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას ლოვეჩში. ის იქ ერთადერთი მოწმე იყო.

ლოვეჩში რომ ჩავედი, იქ უკვე იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. დიდი ხალისით დავდიოდი კარდაკარ და ხალხს ბიბლიური იმედის შესახებ ველაპარაკებოდი. ამ საქმეში სრული დროით მონაწილეობაზეც დავიწყე ფიქრი.

1994 წელს იეჰოვას მოწმეებს ძნელბედობის ჟამი დაუდგათ, რადგან მთავრობამ გააუქმა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაცია. მასმედიაში ინტენსიურად დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია. * ხშირი იყო შემთხვევები, როცა მოწმეებს პოლიციის განყოფილებაში იბარებდნენ და ლიტერატურას ართმევდნენ. იმ პერიოდში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში შეხვედრებს ვერ ვატარებდით. თუმცა მაინც ვიკრიბებოდით 12 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში, რომელიც იანიტას სახლის გვერდზე იყო მიშენებული. ერთხელ ამ პატარა ოთახში 42 კაცმა მოიყარა თავი. მეზობლები რომ არ შეგვეწუხებინა, „სამეფო სიმღერების“ მღერისას ფანჯრებს ვხურავდით. ცხელ ამინდში ოთახში აუტანელი ჩახუთულობა და სიცხე იყო, მაგრამ გვიხაროდა ერთად შეკრება.

იეჰოვასგან კურთხეულნი

იანიტა ენთუზიაზმით ემსახურებოდა ღმერთს. მისით აღფრთოვანებული ვიყავი; დროთა განმავლობაში ჩვენ შორის რომანტიკული გრძნობა განვითარდა. 1996 წლის 11 მაისს დავქორწინდით. მართალია ბუნებით ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ შესანიშნავად ვუგებთ და ვავსებთ ერთმანეთს. ის ჩემი საუკეთესო დამხმარე და მეგობარია. მადლობა იეჰოვას, რომ მაჩუქა მეუღლე, რომელიც „მარჯანზე ბევრად ძვირფასია“ (იგავები 31:10).

ჩემი ყოფილი მეგობრებიდან ზოგმა მხატვარმა კარგი კარიერა შეიქმნა, რაზეც ადრე მეც ვოცნებობდი. მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რომ უკეთესი „კარიერა“ ავირჩიე. ბევრს დავეხმარე სიცოცხლის აზრის პოვნაში და ისინი ახლა ჩემი სულიერი და-ძმები არიან. შეიძლება აღიარებული და სახელგანთქმული მხატვარი გამოვსულიყავი, მაგრამ ეს ვერაფრით შეედრება იეჰოვას მსახურებით განცდილ სიხარულსა და კურთხევებს. ბედნიერი ვარ, რომ ახლოს გავიცანი შეუდარებელი მხატვარი, იეჰოვა ღმერთი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 ორივე პუბლიკაცია გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. წიგნი „მარადიული ცხოვრება“ ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 22 1998 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ბულგარეთში ხელახლა გატარდა რეგისტრაციაში.

[სურათი 12 გვერდზე]

იანიტასთან ერთად