არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეხვედრა შიმპანზეებთან

შეხვედრა შიმპანზეებთან

შეხვედრა შიმპანზეებთან

ეკვატორული აფრიკის ტროპიკული ტყის ვიწრო ბილიკს მივუყვებოდით. ჩვენი თვალი ნელ-ნელა ეჩვეოდა მოციალე შუქს, რომელიც ხშირი ფოთლებიდან და ტოტებიდან იფრქვეოდა. ირგვლივ ყრუდ და გაუთავებლად ისმოდა ჭრიჭინების ჭრიჭინი. ჩვენ წინ იშლებოდა ვეებერთელა მცოცავი მცენარეებით შემოხვეული ხეების ხედი, რომელთაგან ზოგიერთი 55 მეტრის სიმაღლიდან დაგვყურებდა. ამ ყველაფერმა მოლოდინის გრძნობა კიდევ უფრო გაგვიმძაფრა. ვგრძნობდით, რომ ამ უცნაურ გარემოში ფეხაკრეფით და ფრთხილად უნდა გვევლო. მოულოდნელად „ჰუს“ და ქოშინის ხმა მოგვესმა. ხმა თანდათანობით იზრდებოდა, აღწევდა კრეშენდოს და ბოლოს წყდებოდა. სანატრელი მომენტიც დადგა — როგორც იქნა, მივაგენით შიმპანზეების ჯოგს.

ველური ხმები — ქოშინი, ყვირილი და ზოგჯერ ხეზე ბრაგაბრუგი — შიმპანზეების საკომუნიკაციო ენაა. მწიფე და გემრიელი ლეღვით დახუნძლულმა ხეებმა შიმპანზეები ერთად შეაგროვა. მაღალი ხის ზედა გაშლილ ტოტებს რომ ავხედეთ, დაახლოებით 20-30 შიმპანზე დავინახეთ. ისინი მშვიდად შეექცეოდნენ მწიფე ლეღვს. მათი შავი ბეწვი მზის შუქზე ლამაზად ბზინავდა. უცებ, ერთმა შიმპანზემ პატარა ტოტი გვესროლა, ცოტა ხანში ტოტების წვიმა წამოვიდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ლეღვის ჭამაში არ უნდა შევცილებოდით.

შიმპანზეების ნახვის საუკეთესო დრო მაშინ არის, როცა ბევრი ხილია. სხვა დროს მათი ნახვა ცოტა რთულია, რადგან დაბალტანიან მცენარეებში პატარ-პატარა ჯგუფებად არიან მიმოფანტულნი. ტყის შიმპანზეები დღის უმეტეს დროს ჭამაში ატარებენ და საკვების ძებნაში ერთი ხიდან მეორეზე ზოგჯერ კილომეტრებს გადიან. ხილის გარდა, ისინი იკვებებიან ფოთლებით, თესლებითა და მცენარის ღეროებით. ზოგჯერ პირს ჭიანჭველებით, ფრინველის კვერცხებითა და მწერებით იტკბარუნებენ. ამ პრიმატებს პატარა ცხოველების მონადირებაც შეუძლიათ, მათ შორის პატარა მაიმუნების.

შუადღისთვის ტემპერატურამ იმატა და შიმპანზეებს დასცხათ. ერთი შიმპანზე ლეღვის ხიდან ჩამოცოცდა, ცოტა ხანში მას დანარჩენებმაც მიჰბაძეს და ერთი მეორის მიყოლებით ხშირ ტყეს მოედვნენ. ერთმა ანცმა ახალგაზრდა მამრმა შორიდან მოუარა და ტოტიდან ტოტზე ხტომით ჩვენკენ წამოვიდა, რათა დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის ახლოდან შეევლო თვალი. ამ მაიმუნის ოინბაზობასა და ცნობისმოყვარეობაზე სიცილი ვერ შევიკავეთ.

საინტერესო თავისებურებები

უკან რომ ვბრუნდებოდით, ჯგუფის ერთმა წევრმა გვითხრა: „უკან მიიხედეთ“. ჩვენც მივტრიალდით და აი, რას ვხედავთ: ხეს ამოფარებული ერთი მაიმუნი ცნობისმოყვარე თვალებით გვიმზერდა. ის ორ ფეხზე იდგა და დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის იქნებოდა. როგორც კი გავხედავდით, ხეს ამოეფარებოდა, რამდენიმე წამში, თავს ისევ გამოყოფდა. თურმე, რა ცნობისმოყვარე ყოფილა! შიმპანზეებს ორ ფეხზე დგომა და მოკლე მონაკვეთზე გადაადგილებაც კი შეუძლიათ, თუმცა, ჩვეულებრივ, ოთხზე დადიან. ადამიანებისგან განსხვავებით, პრიმატებს ხერხემლის ბოლოში არა აქვთ ნადრეკი. ნადრეკი ადამიანს გამართულ დგომაში ეხმარება. შედარებით სუსტი გავის ძვლის კუნთებითა და წინა კიდურების წყალობით, რომლებიც ქვედა კიდურებზე გრძელი და ძლიერია, შიმპანზეები ადვილად გადაადგილდებიან მიწაზე, ცოცავენ ხეებზე და ეკიდებიან ტოტებზე.

გრძელი ხელების დახმარებით ის ადვილად სწვდება ხილს იმ სუსტ ტოტებზეც კი, რომლებიც მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. შიმპანზე ადვილად ეჭიდება ხის ტოტებს, რაშიც მას ხელს უწყობს ხელებისა და ფეხების ფორმა. უკანა კიდურების დიდი ცერა თითი წინა კიდურების მსგავსად უპირისპირდება დანარჩენ თითებს. ამიტომაა, რომ მას არ უჭირს ხეზე ასვლა, ტოტებზე მოჭიდება და საგნების დაჭერა ზუსტად ისე, როგორც ამას ხელებით აკეთებს. ეს უნარი მას განსაკუთრებით მაშინ ადგება, როცა ხეზე საღამოობით ბუნაგს იკეთებს. ტოტების მოხრითა და ერთმანეთში გადახლართვით რამდენიმე წუთში ის მოხერხებულ საძინებელს იწყობს.

შიმპანზეებზე დაკვირვება, მათი თავისებურებების შესწავლა და ადამიანთან მსგავსება როგორც ანატომიურად, ისე ქცევებით, მას ყველასთვის საინტერესო ცხოველად აქცევს. თუმცა ზოგი ამ პრიმატის მიმართ ინტერესს მხოლოდ იმ მიზნით ავლენს, რომ ადამიანის მაიმუნთან კავშირი დაამტკიცოს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები: რით განსხვავდება ადამიანი შიმპანზისგან? ცხოველებისგან განსხვავებით, რა გაგებით არის ადამიანი, ღვთის „ანარეკლად“ შექმნილი? (დაბადება 1:27).

დაუვიწყარი გასეირნება

ტყეში შიმპანზეებს ადვილად ვერ შეხვდებით. ჩვეულებრივ, როგორც კი დაუპატიჟებელ სტუმარს შენიშნავენ, ისინი ჩუმად უჩინარდებიან. მაგრამ დაცვისა და გადარჩენის მიზნით ადამიანებმა შემოიჩვიეს შიმპანზეების ზოგი ჯგუფი.

ტყეში ხანმოკლე გასეირნებამ და შიმპანზეების ნახვამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენზე. ასე თუ ისე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა იმაზე, თუ როგორები არიან შიმპანზეები ველურ ბუნებაში; ისიც შევნიშნეთ, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ზოოპარკისა და ლაბორატორიების შიმპანზეებისგან. ეს მართლაც საუცხოო ცხოველია და იმ გარეული ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც ღმერთმა თქვა, რომ კარგად და სრულყოფილად იყვნენ შექმნილნი იმ გარემოსთვის, რომელშიც უნდა ეცხოვრათ (დაბადება 1:24, 25).

[ჩარჩო⁄სურათი 14, 15 გვერდებზე]

შიმპანზე და ადამიანი

ზოოლოგი დოქტორი ჯეინ გუდოლი წიგნში „ადამიანის აჩრდილი“ წერს, რომ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აკვირდებოდა, როგორ ამზადებდნენ შიმპანზეები იარაღებს. ის ამბობს: „ამ დაკვირვებებმა რამდენიმე მეცნიერი დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო ადამიანისთვის ახალი, უფრო მრავლისმთქმელი განსაზღვრება მიეცათ. საინტერესოა, რომ შიმპანზეები ფოთლებს ისე იყენებენ, როგორც ღრუბელს; მაგარი გარეკანის მქონე ხილს ისინი ქვებითა და ხის ტოტებით ამტვრევენ; პატარა ტოტებს ფოთლებს აცლიან და ჭიანჭველების ბუდეში ყოფენ, რომ მასზე ჭიანჭველები აცოცდნენ. დღეს უკვე ცნობილია, რომ იარაღის დამზადება სხვა ცხოველებსაც შეუძლიათ. თავის წიგნში დოქტორი ბარბერი აღნიშნავს: „ცხოველებზე ჩატარებულმა საფუძვლიანმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და დელფინების გარდა, ჭიანჭველები და ფუტკრებიც ინსტინქტურად გონიერები არიან“ (The Human Nature of Birds—A Scientific Discovery With Startling Implications).

ყოველივე ეს არ გამორიცხავს იმ აზრს, რომ ადამიანი უნიკალური ქმნილებაა. პროფესორი დეივიდ პრემეკი წერს: „ადამიანებს აქვთ უნიკალური სამეტყველო ენა; ქმნიან გრამატიკას და საამისოდ, თუნდაც სინტაქსის ხსენებაც კმარა“. დიახ, რთული სამეტყველო ენა და მდიდარი კულტურა, რაშიც ენა და მეტყველება უმთავრეს როლს ასრულებს, აშკარად განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან.

ჯეინ გუდოლი, რომელიც წლების განმავლობაში ველურ ბუნებაში აკვირდებოდა შიმპანზეებს, აღნიშნავს: „ვერ წარმომიდგენია, რომ შიმპანზეებმა ოდესმე ისე გამოხატონ თბილი გრძნობები, მზრუნველობა, შემწყნარებლობა ან განიცადონ შინაგანი კმაყოფილება, როგორც ამას ადამიანი გამოხატავს; ეს კი იმიტომ, რომ ადამიანს სრულყოფილად შეუძლია სიყვარულის გამოვლენა“. მან აგრეთვე დაწერა: „ადამიანის თვითშეგნების დონე ბევრად აღემატება ცხოველის პრიმიტიული შეგნების დონეს, რადგან მისი შეგნება მხოლოდ ფიზიკური სხეულის აღქმით შემოიფარგლება. ადამიანს აქვს იმის მოთხოვნილება, იცოდეს თავისი არსებობის საიდუმლოება. მას აინტერესებს, რა ხდება გარემომცველ სამყაროსა და კოსმოსში“.

ბიბლია გვიხსნის, რა განსხვავებაა ცხოველებსა და ადამიანებს შორის. მასში ნათქვამია, რომ ადამიანი „ღვთის ანარეკლად“ შეიქმნა (დაბადება 1:27). აქედან გამომდინარე, ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანი შემოქმედის თვისებებს აირეკლავდა, რომელთა შორის სიყვარული აღმატებულია. გარდა ამისა, მას უდიდესი ცოდნის შეძენისა და მისი გამოყენების უნარი ექნებოდა, რაც არც ერთ ცხოველს არ შეუძლია. და კიდევ, ადამიანს თავისუფალი ნებით უნდა ეცხოვრა და არა ინსტინქტით.

[სურათები 15 გვერდზე]

შიმპანზეები ოინბაზები და ცნობისმოყვარეები არიან. ისინი ისე არიან შექმნილი, რომ საუკეთესოდ ეგუებიან თავიანთ გარემოს

[საავტორო უფლებები]

Chimpanzees, top right: Corbis/Punchstock/Getty Images; lower left and right: SuperStock RF/SuperStock; Jane Goodall: © Martin Engelmann/age fotostock

[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]

© Photononstop/SuperStock