20 რჩევა დროის დასაზოგად
ამოჭერით და შეინახეთ
20 რჩევა დროის დასაზოგად
ბრძნულად მოიქეცით და „გამოისყიდეთ ხელსაყრელი დრო თქვენთვის“ (კოლოსელები 4:5).
თუ იცით, რა უნდა გააკეთოთ დღის განმავლობაში, ისღა დაგრჩენიათ, რომ თქვენი ჩანაფიქრი პრაქტიკულად განახორციელოთ. ქვემოთ მოცემული რჩევები ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
1 შეადგინეთ დღის გეგმა. აღნიშნეთ, რას რის შემდეგ გააკეთებთ. მიუთითეთ, რას უნდა დაუთმოთ მეტი დრო. გადახაზეთ ის საქმე, რომელსაც მორჩებით. თუ რამე ვერ მოასწარით, მეორე დღის სიაში შეიტანეთ.
2 კალენდრებში ერთნაირი ინფორმაცია შეიტანეთ. შესაძლოა მნიშვნელოვანი შეხვედრა გაგიცდეთ, თუ ამის შესახებ არ გექნებათ ჩანიშნული იმ კალენდარში, რომელიც თან გაქვთ. თუ კომპიუტერის კალენდარსაც იყენებთ და მობილურისასაც, შეამოწმეთ, რომ ორივეში ერთნაირი ინფორმაცია გეწეროთ.
3 შეადგინეთ „სამოქმედო გეგმა“. ამაში შედის ყველა ნაბიჯი, რაც აუცილებელია საქმის ბოლომდე მისაყვანად. ნაბიჯები თანმიმდევრობით ჩამოწერეთ.
4 სიაში პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები შეიტანეთ. ასე უფრო ადვილად გამონახავთ დროს ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
5 დაისახეთ რეალური მიზნები. უფრო რეალურია რაღაც საქმეში დაიხვეწო, ვიდრე იმ კომპანიის პრეზიდენტი გახდე, სადაც მუშაობ.
6 გახსოვდეთ, რომ ყველაფრისთვის დრო არ გეყოფათ. თუ შესაძლებელია ის საქმე აკეთეთ, რასაც საუკეთესო შედეგები მოჰყვება. რა უნდა მოუხერხოთ სასწრაფო ან ისეთ საქმეებს, რომლებიც აუცილებელი გასაკეთებელია? თუ სიიდან ვერ ამოიღებთ და ვერც ვერავის გადააბარებთ, იქნებ ცოტა დრო მაინც გამონახოთ მათთვის. უმნიშვნელო საქმეებმა შეიძლება თვეები მოიცადოს, ან საერთოდ არ გაკეთდეს ისინი. მეტი დრო დაუთმეთ იმ საქმეებს, რაც თქვენი მიზნების მიღწევაში უაღრესად მნიშვნელოვანია.
7 დაწერეთ, რაში ხარჯავთ დროს. თუ გსურთ, გაიგოთ, სად მიდის თქვენი დრო, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში დაწერეთ, რაში ხარჯავთ დროს. ბევრი დრო დაკარგეთ, უმნიშვნელო საქმეებზე? ერთი და იმავე ადამიანებმა მოგაცდინათ? დღის ან კვირის რომელ მონაკვეთში მოცდით ყველაზე მეტად? ეცადეთ, თავი დააღწიოთ ისეთ სიტუაციებს ან საქმეებს, რომლებიც დროს შეუმჩნევლად გაკარგვინებთ.
8 ნაკლები დაგეგმეთ. თუ საყიდლებზე წასვლას, ავტომობილის შეკეთებას, მეგობრების მოპატიჟებას, ფილმის ყურებასა და წიგნის წაკითხვას ერთ დღეში შეეცდებით, მთელი დღე გადარბენაზე იქნებით და უკმაყოფილების გრძნობა დაგრჩებათ.
9 შეამცირეთ ხელისშემშლელი ფაქტორები. მნიშვნელოვანი საქმისთვის ყოველდღე გამოყავით დრო ისე, რომ ხელი არავინ შეგიშალოთ, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც გასათვალისწინებელია. თუ შესაძლებელია, გამორთეთ ტელეფონი და ყველა ელექტრო მოწყობილობა, რაც საქმეს შეგაწყვეტინებთ.
10 ყველაზე რთული საქმე დღის იმ მონაკვეთში დაგეგმეთ, როცა უფრო ენერგიული ხართ.
11 პირველ რიგში ყველაზე არასასიამოვნო საქმე გააკეთეთ. როცა მას მოიცილებთ, შედარებით ადვილ საქმეებს მეტი ხალისით შეუდგებით.
12 გაითვალისწინეთ დრო გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. თუ ვინმესთან შეხვედრას აპირებთ და ფიქრობთ, რომ 15 წუთში მიხვალთ, 25 წუთი უთხარით, ან თუ გგონიათ, რომ შეხვედრა ერთ საათს გასტანს, საათი და ოცი წუთი გაითვალისწინეთ. დღის გეგმაში ყოველთვის გქონდეთ დაუგეგმავი დრო.
13 ორი საქმე ერთდროულად გააკეთეთ. წვერის გაპარსვის დროს შეგიძლიათ ახალ ამბებს მოუსმინოთ. თუ მატარებელს ელოდებით ან მგზავრობთ, წიგნი წაიკითხეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არაფერი გააკეთოთ, მაგრამ მოგვიანებით შესაძლოა ინანოთ, რომ დრო ტყუილად დაკარგეთ.
14 პარეტოს პრინციპი ანუ 80/20-ის კანონი *. ათი საქმიდან დაახლოებით ორი შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. აგრეთვე, თუ ჯერ საქმის მნიშვნელოვან ნაწილს შეასრულებთ, ჩათვალეთ, რომ ის თითქმის დამთავრებულია.
15 თუ ძალიან ბევრი საქმე დაგიგროვდათ, ჩამოწერეთ, რა გაქვთ გასაკეთებელი. შემდეგ სია ორად გაყავით. ერთს დაარქვით „დღევანდელი საქმეები“, მეორეს — „ხვალინდელი საქმეები“. მეორე დღესაც იგივე გააკეთეთ.
16 პერიოდულად დაისვენეთ ძალის აღსადგენად. უფრო ნაყოფიერად იმუშავებთ, თუ გონებას დაასვენებთ და ფიზიკურ ძალას აღიდგენთ.
17 თქვენი აზრები ქაღალდზე გადაიტანეთ. დაწერეთ, რა პრობლემა გაქვთ, რატომ გაწუხებთ ის და გვერდით მიუწერეთ ამ პრობლემის გადაჭრის რაც შეიძლება მეტი გზა.
18 ნუ იქნებით მაქსიმალისტი. იცოდეთ როდის უნდა გაჩერდეთ და როდის გადახვიდეთ შემდეგ მნიშვნელოვან საქმეზე.
19 საქმეს სერიოზულად მიუდექით. ნუ დაელოდებით იმ დროს, როცა მუშაობის ხასიათზე მოხვალთ. საქმეს მაშინვე შეუდექით!
20 მოყვანილი რჩევები თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით შეცვალეთ. არ არის აუცილებელი ამ რჩევების ზედმიწევნით დაცვა. სცადეთ და გაიგეთ, რომელი რჩევაა თქვენთვის ყველაზე გამოსადეგი და ინდივიდუალურად მოარგეთ თქვენს მდგომარეობას.
[სქოლიო]
^ აბზ. 18 ეს პრინციპი შეიმუშავა მე-19 საუკუნეში მოღვაწე იტალიელმა ეკონომისტმა ვილფრედ პარეტომ. ნებისმიერი შედეგის 80 პროცენტი მომდინარეობს განხორციელებული სამუშაოს 20 პროცენტიდან. ეს პრინციპი ბევრ რამეში გამოიყენება. მაგალითად, ხალიჩაზე ჭუჭყის 80 პროცენტი გროვდება ხალიჩის 20 პროცენტიან მონაკვეთზე. ამიტომ, თუ მტვერს ჯერ 20 პროცენტიანი მონაკვეთიდან ავიღებთ, საქმის 80 პროცენტი შესრულებული გვექნება.