არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გრძედის განსასაზღვრავად გაწეული დიდი შრომა

გრძედის განსასაზღვრავად გაწეული დიდი შრომა

გრძედის განსასაზღვრავად გაწეული დიდი შრომა

1707 წლის 22 ოქტომბერს ბრიტანეთის საზღვაოსნო გემებმა ლა-მანშის სრუტისკენ აიღეს გეზი. მაგრამ მათ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიეს. ოთხი გემი სილის კუნძულებთან (ატლანტის ოკეანეში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე არქიპელაგი) ახლოს დაიმსხვრა. თითქმის 2 000 კაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

იმდროინდელი მეზღვაურები ადვილად განსაზღვრავდნენ განედს ანუ მანძილს ეკვატორიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მაგრამ მათ არ შეეძლოთ ზუსტად განესაზღვრათ გრძედი ანუ აღმოსავლეთით ან დასავლეთით გავლილი მანძილი. XVIII საუკუნის დასაწყისამდე ატლანტის ოკეანეში ყოველ წელს ასობით გემი იმსხვრეოდა ნაოსნობისას. 1707 წელს მომხდარმა კატასტროფამ იმდენად შეძრა ინგლისელები, რომ მათ გრძედის განსაზღვრის აუცილებლობა დაინახეს.

1714 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა 20 000 ფუნტის ოდენობის ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ზღვაზე გრძედის განსაზღვრას შეძლებდა. ეს თანხა დღეს რამდენიმე მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

ურთულესი ამოცანა

გრძედის განსაზღვრა ურთულეს ამოცანად იქცა, რადგან ამისთვის დროის ზუსტად გათვლა იყო საჭირო. წარმოიდგინეთ, რომ ლონდონში ხართ. დღის 12 საათზე გირეკავთ ნაცნობი, რომელიც იმავე განედზე ცხოვრობს, რომელზეც თქვენ, მაგრამ მისი საათი დილის 6 საათს აჩვენებს. თქვენ იცით ზოგადი გეოგრაფია და ხვდებით, რომ თქვენი ნაცნობი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ამერიკაშია, სადაც მზე სულ ახლახან ამოვიდა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ზუსტად დაადგინეთ, თუ რა დროა იმ ქვეყანაში, საიდანაც გირეკავენ. ეს მხოლოდ იმის დამსახურება კი არ არის, რომ იცით დროის რომელ სარტყელში იმყოფება იგი, არამედ ციური სხეულის, მზის დამსახურებაცაა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი ნაცნობის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა და იმის ზედმიწევნით განსაზღვრა, თუ რომელ გრძედზეა იგი.

საუკუნეების წინათ მეზღვაურს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ყოფილიყო, მზეზე დაკვირვებით შეეძლო დროის ზუსტად განსაზღვრა. თუ მან ზუსტად იცოდა, როდის დაბრუნდებოდა სახლში, ის საკუთარი გრძედის დადგენასაც შეძლებდა დაახლოებით 50 კილომეტრის ცდომილებით. წარმოიდგინეთ, რამხელა სიზუსტე იყო საჭირო, ექვსკვირიანი მოგზაურობის დასრულების დრო რომ გამოეთვალა! ზემოხსენებული ჯილდოს მისაღებად მართლაც რომ დიდი ძალისხმევა იყო საჭირო.

კიდევ ერთი დაბრკოლება ის იყო, რომ სახლში დაბრუნების ზუსტი დროის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელი იყო. ძველად მოგზაური ქანქარიანი საათით სარგებლობდა, რაც ერთობ არაპრაქტიკული იყო. ღია ზღვაში მოგზაურობისას საათზე კლიმატური პირობები მოქმედებდა და მექანიზმი ირეოდა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას დროის განმსაზღვრელ ისეთ ციურ სხეულებზე, როგორიცაა, მაგალითად მთვარე?

ასტრონომიული სიზუსტით გათვლა

ასტრონომებმა ახალ თეორიას მიმართეს, რომლის თანახმადაც გრძედს მთვარიდან დაშორების მიხედვით განსაზღვრავდნენ. მოგზაურებს გამუდმებით უნდა ეწარმოებინათ ჩანაწერები იმის თაობაზე, თუ რა მანძილით იყო მთვარე დაშორებული ამა თუ იმ ვარსკვლავისგან. სწორედ ეს დაეხმარებოდა მათ გრძედის განსაზღვრაში.

საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ასტრონომები, მათემატიკოსები და მოგზაურები ცდილობდნენ ამ ურთულესი ამოცანის ამოხსნას, მაგრამ მთელი რიგი სირთულეები აფერხებდათ. იმ დროს ყველა მცდელობა მხოლოდ წყლის ნაყვა იყო.

ურთულეს საქმეს უბრალო დურგალი შეეჭიდა

ამ ურთულესი ამოცანის ამოხსნა ითავა ჯონ ჰარისონმა, რომელიც ლინკოლნშირის საგრაფოს ერთ-ერთი სოფლის დურგალი იყო. 1713 წელს, სანამ 20 წლის გახდებოდა, ჰარისონმა დაასრულა მუშაობა ქანქარიან საათზე, რომელიც მთლიანად ხისგან იყო გამოთლილი. მოგვიანებით, მან დახვეწა მექანიზმი, რათა მასზე ტემპერატურის ცვალებადობას არ ემოქმედა და დეტალებს შორის ხახუნის ძალა შემცირებულიყო. იმ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო საათები დღე-ღამის მანძილზე წუთით ჩამორჩებოდა დროს, მაგრამ ჰარისონის მიერ აწყობილი საათები თვის მანძილზე მხოლოდ ერთი წამით ჩამორჩებოდა დროს. *

ახლა ჰარისონმა მიზნად დაისახა, რომ ზღვაზეც იმავე სიზუსტით გამოეთვალა დრო. ოთხი წლის კვლევის შემდეგ ჰარისონი ჩავიდა ლონდონში და წარდგა კომისიის წინაშე, რომელიც ზუსტად ამ საკითხზე მუშაობდა. სწორედ ამ კომისიას უნდა გადაეცა დაწესებული ჯილდო მისთვის, ვინც ზღვაზე გრძედის განსაზღვრას შეძლებდა. იქ ჰარისონმა გაიცნო ცნობილი მესაათე ჯორჯ გრემი. ამ უკანასკნელმა ჰარისონს დიდი რაოდენობის უპროცენტო სესხი მისცა ახალი გამოგონების შესაქმნელად. 1735 წელს ჰარისონმა ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების, იმ დროის ყველაზე გამოჩენილი მეცნიერების წინაშე წარადგინა თავისი ახალი გამოგონება, საზღვაო ქრონომეტრი, რომელიც სპილენძით იყო დაფარული და 34 კილოგრამს იწონიდა.

ჰარისონი თავისი ხელსაწყოს გამოსაცდელად ზღვით ლისაბონში გაამგზავრეს და არა ვესტინდოეთში, როგორც დაწესებული ჯილდოს მისაღებად მოითხოვებოდა. ამ ხელსაწყომ გაამართლა. ჰარისონს შეეძლო დაუყოვნებლივ მოეთხოვა, ატლანტის ოკეანის გავლით ვესტინდოეთში გამგზავრება იმის საჩვენებლად, რომ იგი თავისი გამოგონების გამო ნამდვილად იმსახურებდა ჯილდოს. მაგრამ კომისიის მიერ მოწყობილ პირველივე სხდომაზე ერთადერთი, ვინც გააკრიტიკა ეს გამოგონება, თავად შემქმნელი იყო. ჰარისონი მაქსიმუმს სთხოვდა საკუთარ თავს და სურდა, უფრო დაეხვეწა ხელსაწყო. ამიტომ მან მცირე რაოდენობის თანხა და დამატებითი დრო მოითხოვა უკეთესი ხელსაწყოს შესაქმნელად.

ექვსი წლის შემდეგ ჰარისონმა ააწყო მეორე ქრონომეტრი გაუმჯობესებული მექანიზმით, რომელიც 39 კილოგრამს იწონიდა. ეს გამოგონება ერთხმად მოიწონა ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებამ. იმ დროს ჰარისონი 48 წლის იყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ კმაყოფილდებოდა საკუთარი მიღწევებით. იგი კვლავ შეუდგა თავის ჩვეულ საქმეს და 19 წელი მოანდომა მესამე, სრულიად განსხვავებული ხელსაწყოს აწყობას.

თავის მესამე, მასიურ საათზე მუშაობისას ჰარისონმა შემთხვევით შეიტყო, რომ ერთ-ერთ მესაათეს მის მიერ შექმნილი მექანიზმის მიხედვით ჯიბის საათი აეწყო. ძველად ეგონათ, რომ რაც უფრო მასიური იყო საათი, მით უფრო ზუსტად აჩვენებდა დროს, ამიტომ პატარა ჯიბის საათს არ ენდობოდნენ. მაგრამ ჰარისონი განაცვიფრა ამ ახალი გამოგონების სიზუსტემ. 1761 წელს, როცა ჰარისონმა თავისი ხელსაწყოების გამოსაცდელად გადალახა ატლანტის ოკეანე, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მესამემ კი არა, მისმა მეოთხე გამოგონებამ გაამართლა. ეს მეოთხე ქრონომეტრი ჯიბის საათის მექანიზმზე იყო აწყობილი და ერთ კილოგრამს იწონიდა. ალბათ, ჰარისონი მადლიერების ნიშნად იტყოდა: „გულწრფელად ვუხდი მადლობას ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც იმდენ ხანს მაცოცხლა, რომ რაღაც ფასეული შემექმნა“.

დიდი უსამართლობა

იმ დროისთვის ასტრონომებს უკვე შეეძლოთ თავიანთი ახალი მეთოდებით ზღვაზე გრძედის განსაზღვრა. ამიტომ, კომისიის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა ჯილდო ასტრონომ ნევილ მასკელინს გადასცა. მალევე ჰარისონის ქრონომეტრი ატლანტის ოკეანეში 81 დღიანი ნაოსნობისას გამოსცადეს. შედეგი შთამბეჭდავი იყო — საათი მხოლოდ ხუთი წამით ჩამორჩა დროს. მიუხედავად ამისა, კომისიას ჰარისონისთვის არ მიუკუთვნებია ჯილდო. მათ მიზეზად გარკვეული წესების დარღვევა მოიყვანეს და საათის სიზუსტე მხოლოდ გამართლებას მიაწერეს. შედეგად, ჰარისონმა დაწესებული თანხის ნახევარი მიიღო. ამასობაში, 1766 წელს მასკელინმა გამოაქვეყნა თავისი ჩანაწერები მთვარის სავარაუდო ტრაექტორიის შესახებ, რაც მოგზაურებს შესაძლებლობას მისცემდა, სულ რაღაც ნახევარ საათში განესაზღვრათ, თუ რომელ გრძედზე იმყოფებოდნენ. ჰარისონი შიშობდა, რომ ჯილდოს მასკელინს მიაკუთვნებდნენ.

1772 წელს ასპარეზზე ბრიტანელი მოგზაური ჯეიმზ კუკი გამოჩნდა. მეორე, ისტორიული მნიშვნელობის მოგზაურობისას კუკმა ჰარისონის ქრონომეტრის იდენტური ხელსაწყო შექმნა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ დროს ჰარისონი 79 წლის იყო. იგი კომისიას იმდენად გაუნაწყენდა, რომ დახმარებისთვის ბრიტანეთის მეფეს მიმართა. საბოლოოდ, 1773 წელს ჰარისონმა დაწესებული თანხის დარჩენილი ნაწილიც მიიღო, მაგრამ ის არასდროს უღიარებიათ გამარჯვებულად. ჯონ ჰარისონი ამ თანხის მიღებიდან სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში საზღვაო ქრონომეტრის შეძენა 65 ფუნტად შეიძლებოდა. რაც ერთ დროს წარმოუდგენლად მიაჩნდათ, ერთი სოფლელი, უბრალო დურგლის თავდაუზოგავი შრომის დამსახურებით შესაძლებელი გახდა.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 ჰარისონი თავისი ძმასთან ერთად მრავალი ღამე აკვირდებოდა ცას და ვარსკვლავების მოძრაობას. ის თვალს ადევნებდა, როგორ უჩინარდებოდა ზოგი ვარსკვლავი მეზობლის საკვამურს მიღმა.

[დიაგრამა⁄სურათი 21 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

დროის მიხედვით გრძედის განსაზღვრა

დილის ექვსი საათი შუადღის თორმეტი საათი

(ჩრდილოეთ ამერიკა) (ბრიტანეთი)

[სურათი 22 გვერდზე]

მესაათე ჯონ ჰარისონი

[საავტორო უფლება]

SSPL/Getty Images

[სურათი 22 გვერდზე]

ჰარისონის პირველი გამოგონება — 34 კილოგრამიანი ქრონომეტრი

[საავტორო უფლება]

National Maritime Museum, Greenwich, London, Ministry of Defence Art Collection

[სურათი 22 გვერდზე]

ჰარისონის მეოთხე გამოგონება — ერთკილოგრამიანი ქრონომეტრი (პირობითი ზომა)

[საავტორო უფლება]

SSPL/Getty Images

[სურათის საავტორო უფლებები 20 გვერდზე]

Ship in distress: © Tate, London/Art Resource, NY; compass: © 1996 Visual Language