არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ენის ბორძიკით ლაპარაკი — როგორ შეგიძლიათ მეტყველების გაუმჯობესება?

ენის ბორძიკით ლაპარაკი — როგორ შეგიძლიათ მეტყველების გაუმჯობესება?

ენის ბორძიკით ლაპარაკი — როგორ შეგიძლიათ მეტყველების გაუმჯობესება?

„ძალიან ვნერვიულობ, როცა ენა მებმის. ამ დროს უფრო მეტად ვუკიდებ ენას. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ლაბირინთიდან გამოსასვლელს ვერ ვპოულობ. ფსიქოლოგმა მირჩია, მეგობარი გოგონა გამეჩინა და მასთან სქესობრივი ურთიერთობა მქონოდა, რაც მისი თქმით, საკუთარი თავისადმი რწმენას შემმატებდა. მასთან მეტად აღარ მივსულვარ. მინდა, ისეთი მიმიღონ სხვებმა, როგორიც ვარ“, — ამბობს 32 წლის რაფაელი.

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ავტობუსში ზიხართ და ბილეთის ასაღებად ფულს აწვდით კონდუქტორს. სანამ რამეს იტყვით, ცივ ოფლში იწურებით, ამაოდ ცდილობთ რაიმეს თქმას და არაერთხელ იმეორებთ პირველ მარცვალს. ასეთი რამ დაახლოებით სამოც მილიონ ადამიანს ემართება მთელ მსოფლიოში, ანუ ყოველ მეასე ადამიანს ებმის ენა. მათ ხშირად დასცინიან, მათთან ურთიერთობას გაურბიან და ხშირად გაუნათლებლად თვლიან, რადგან როგორც წესი, ისინი ძნელად გამოსათქმელ რთულ სიტყვებს მარტივი სიტყვებით ანაცვლებენ.

რა იწვევს ენის ბორძიკს? შეიძლება მეტყველების ამ დეფექტის აღმოფხვრა? შესაძლებელია მეტყველების გაუმჯობესება? * რისი გაკეთება შეუძლიათ სხვებს?

რა იწვევს ენის ბორძიკს?

ძველად ზოგს სჯეროდა, რომ ენა ბოროტი სულების ზემოქმედებით ებმოდათ და ეს სულები უნდა განედევნათ. შუა საუკუნეებში კი ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი ენის დეფექტი იყო. ამ დროს ენას უშანთავდნენ და ცხარე სანელებლებს აყრიდნენ. მომდევნო საუკუნეებში ქირურგები პაციენტს ენის ზოგიერთ ნერვსა და კუნთს კვეთდნენ და ნუშისებრ ჯირკვლებსაც კი აჭრიდნენ. ასეთი უკიდურესი მეთოდებით ისინი ვერაფერს ხდებოდნენ.

თანამედროვე კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ენის ბორძიკს არაერთი მიზეზი იწვევს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანის რეაქცია სტრესზე. ამ მხრივ გენეტიკაც ახდენს გავლენას; მათი ნათესავების დაახლოებით 60 პროცენტს, ვისაც ენა ებმის, მეტყველების ეს დეფექტი აქვთ. გარდა ამისა, ნეიროვიზუალიზაციის (თავისა და ზურგის ტვინის ტომოგრაფია) შედეგად გამოვლინდა, რომ მათი ტვინი, რომლებსაც მეტყველების დეფექტი აქვთ, განსხვავებულად აღიქვამს ენას. ზოგმა „შეიძლება ლაპარაკი მანამდე დაიწყოს, სანამ ტვინი მიაწვდის სიგნალს, თუ როგორ უნდა წარმოითქვას ესა თუ ის სიტყვა“, — წერს თავის წიგნში პროფესორი ნათან ლავიდი (Understanding Stuttering). *

ასე რომ, ენის ბორძიკის მთავარი მიზეზი მაინცდამაინც ფსიქიკური მოშლილობა არ არის, როგორც ერთ დროს ფიქრობდნენ. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს ენა მხოლოდ თავისი აკვიატებით არ ებმის. ასე რომ იყოს, იგი სხვა დროს თავისუფლად ლაპარაკსაც შეძლებდა“, — ნათქვამია ერთ წიგნში (No Miracle Cures). მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ენის ბორძიკი ფსიქოლოგიური პრობლემებითაც არის გამოწვეული. მას, ვისაც ენა ებმის, შეიძლება ამა თუ იმ ვითარებაში დაიძაბოს, მაგალითად ხალხის წინაშე წარდგომისას ან ტელეფონზე საუბრისას.

აღმოუჩინეთ დახმარება

საინტერესოა, რომ ვისაც მეტყველების დეფექტი აქვს, ენის ბორძიკის გარეშე მღერიან, ჩურჩულებენ, საკუთარ თავს ან თავის შინაურ ცხოველებს ელაპარაკებიან, გუნდთან ერთად თავისუფლად გამოთქვამენ სიტყვებს და სხვებს ისე ჰბაძავენ, რომ უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ებმებათ ენა. უფრო მეტიც, ბავშვების 80 პროცენტს, რომლებიც ენას უკიდებენ, თავისთავად უუმჯობესდებათ მეტყველება. რა შეიძლება ითქვას დანარჩენ 20 პროცენტზე?

დღეს არსებობს მეტყველების გასაუმჯობესებელი კურსები, სადაც სწავლობენ დიაფრაგმით სუნთქვას, ყბების, ტუჩებისა და ენის მოდუნებას. პაციენტებს აგრეთვე ასწავლიან, რომ ლაპარაკის დაწყებამდე ღრმად შეისუნთქონ ჰაერი და ნელ-ნელა ამოისუნთქონ. მათ ურჩევენ, ნელა წარმოთქვან ზოგიერთი ხმოვანი და თანხმოვანი. თანდათან პაციენტი უფრო გამართულად და, შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით შეძლებს ლაპარაკს.

ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, სულ რაღაც რამდენიმე საათში მიაღწევთ სასურველ შედეგს. მაგრამ თუ სტრესულ მდგომარეობაში ხართ, შეიძლება ამისთვის არაერთი დღე დაგჭირდეთ.

რა ასაკიდან შეიძლება მეტყველების გაუმჯობესება? გულხელდაკრეფილები უნდა ისხდეთ და ელოდოთ იმ დროს, როცა ბავშვი თავისთავად შეწყვეტს ენის ბორძიკს? სტატისტიკის მიხედვით, ხუთ წლამდე ბავშვების დაახლოებით 20 პროცენტს თავისით გამოუსწორდა მეტყველება. ზემოხსენებულ წიგნში ნათქვამია: „ხუთი წლის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეტყველების დეფექტი ბავშვებმა თავისთავად დასძლიონ“. ამიტომ, „ბავშვები, რომლებიც ენას უკიდებენ, რაც შეიძლება მალე უნდა მიიყვანონ ლოგოპედთან“. ბავშვების 60—80 პროცენტი, ვინც ზრდასრულ ასაკამდე უკიდებდა ენას, ერთხელ მაინც ჰყოლიათ მიყვანილი ლოგოპედთან. *

იყავით რეალისტი

ენის პათოლოგიების სპეციალისტი რობერტ კესალი, რომელსაც თავადაც ებმის ენა, ამბობს, რომ შეუძლებელია ყველა სიტუაციაში მიაღწიო სასურველ შედეგს. ზემოხსენებულმა რაფაელმა სრულიად ვერ აღმოფხვრა თავისი პრობლემა, თუმცა საგრძნობლად გაიუმჯობესა მეტყველება. იგი ამბობს: „ჩემი ნაკლი მაშინ ხდება აშკარა, როცა აუდიტორიის წინაშე გამოვდივარ ან მიმზიდველ მანდილოსანს ვესაუბრები. ადრე საკმაოდ მორცხვი ვიყავი, რადგან ყველა დამცინოდა. მაგრამ მოგვიანებით საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და ისე მძაფრად აღარ აღვიქვამდი ჩემს ნაკლს. ახლა, როცა ენა მებმის, მეც მეღიმება, ცოტა ხნით ვჩერდები და ისევ ვაგრძელებ ლაპარაკს“.

მსგავსი აზრია გამოთქმული ამერიკის საქველმოქმედო ასოციაციის ანგარიშში, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც მეტყველების დეფექტი აქვთ: „ამ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ მცდელობა არ არის საკმარისი; მეტყველებას მხოლოდ მაშინ გამოასწორებს ადამიანი, როცა შიშს დაძლევს“.

ბევრის ცხოვრება, ვისაც ენა ებმის, აზრს მოკლებული არ არის. ზოგი ცნობილი ადამიანიც კი გახდა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ფიზიკოსი სერ ისააკ ნიუტონი, ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე უინსტონ ჩერჩილი და ამერიკელი მსახიობი ჯეიმზ სტიუარტი. სხვებმა წარმატებას მიაღწიეს ისეთ სფეროებში, სადაც მათ მეტყველებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მაგალითად, ზოგმა ისწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა, ხატვა ან ჟესტების ენა. ჩვენ, ვინც თავისუფლად ვმეტყველებთ, უნდა დავაფასოთ მათი მცდელობა, ვისაც ენა ებმის. ყოველთვის გავამხნეოთ და მხარში ამოვუდგეთ მათ!

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მეტყველების ეს დეფექტი, ძირითადად, მამაკაცებში შეინიშნება. მათგან 80 პროცენტზე მეტი, ვინც ენას უკიდებს, მამაკაცია.

^ აბზ. 7 თანამედროვე კვლევების შედეგები იმის თაობაზე, თუ რა იწვევს ენის ბორძიკს და როგორ შეიძლება მეტყველების გაუმჯობესება, ხშირად ურთიერთსაპირისპიროა. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მხარს არ უჭერს მკურნალობის რომელიმე მეთოდს.

^ აბზ. 13 ზოგ შემთხვევაში თერაპევტმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს სპეციალური ელექტრომოწყობილობით მეტყველების გამოსწორება, რომლის საშუალებითაც პაციენტს თავისი ხმა შენელებულად ესმის, ან ისეთი მეთოდით მკურნალობა, რომელიც ლაპარაკის დროს მოუხსნის დაძაბულობას.

[ჩარჩო⁄სურათი 13 გვერდზე]

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება?

● შეუქმენით სასიამოვნო და მშვიდი გარემო. დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპი ხშირად ამ პრობლემას ამწვავებს.

● ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ, ნელა ილაპარაკოს, თავად ილაპარაკეთ ნელა. ყურადღებით უსმინეთ და მოთმინებას ნუ დაკარგავთ. ნუ გააწყვეტინებთ ლაპარაკს. მათ მაგივრად ნუ დაამთავრებთ წინადადებას. სანამ უპასუხებთ, პაუზა გააკეთეთ.

● მოერიდეთ კრიტიკას და წამდაუწუმ ნუ შეუსწორებთ. თქვენი გამომეტყველებით, ჟესტებით, მიმიკებითა და კომენტარებით შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ დაინტერესებული ხართ მისი ნათქვამით და არა იმით, თუ როგორ გამოთქვამს სიტყვებს.

● შეგიძლიათ თავისუფლად ილაპარაკოთ მის პრობლემაზე. თუ მეგობრულად გაუღიმებთ და აჩვენებთ, რომ გულწრფელად გაღელვებთ მისი მდგომარეობა, უფრო თავისუფლად იგრძნობს თქვენთან თავს. შეგიძლიათ უთხრათ: „ზოგჯერ ადვილი არ არის, თქვა ის, რაც გულში გაქვს“.

● რაც ყველაზე მთავარია, მიიღეთ იგი ისეთად, როგორიც არის.

[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]

„მეტყველება თანდათანობით გამიუმჯობესდა“

ერთმა იეჰოვას მოწმემ, ვიქტორმა, რომელიც ოჯახში შექმნილი სტრესული სიტუაციის გამო რამდენიმე წლის მანძილზე უკიდებდა ენას, მკურნალობის გარეშე დასძლია ეს პრობლემა. ვიქტორი ჩაეწერა თეოკრატიული მსახურების სკოლაში, რომელიც ყოველკვირეულად ტარდება კრებაში. მართალია, ეს სკოლა არ არის მეტყველების დეფექტის გამოსასწორებელი კურსი, მაგრამ ის ეხმარება მოსწავლეებს, დახვეწონ მეტყველების უნარი და საკუთარ თავს დაჯერებულობა შეჰმატონ.

წიგნის „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“ ერთ-ერთი გაკვეთილის ჩარჩოში „რა უნდა გააკეთო, თუ ენა გებმება“ ნათქვამია: „ნუ დაიშურებ ძალ-ღონეს . . . სიტყვით გამოსვლამდე კარგად მოემზადე. გამოსვლისას კი მთელი სულითა და გულით გადმოეცი მოხსენება . . . თუ ენა დაგება, შეეცადე რაც შეიძლება წყნარად და მშვიდად ილაპარაკო. მოადუნე ყბის კუნთები. გამოიყენე მოკლე წინადადებები. მოერიდე არასაჭირო ბგერებსა და შორისდებულებს“.

დაეხმარა ეს სკოლა ვიქტორს? იგი იხსენებს: „იმდენად კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, თუ რას ვიტყოდი და არა იმაზე, თუ როგორ ვიტყოდი, რომ მავიწყდებოდა ჩემი პრობლემა. ბევრს ვმეცადინეობდი. მეტყველება თანდათანობით გამიუმჯობესდა“.