არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ვერაგი მეგობარი“

„ვერაგი მეგობარი“

„ვერაგი მეგობარი“

დავუშვათ, გყავს ბავშვობის მეგობარი. მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობ. ის თანატოლებთან საერთო ენის გამონახვაშიც გეხმარება. ყოველთვის, როცა სტრესი გაქვს, შეგიძლია მასთან იგრძნო შვება. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ სიტუაციაში სწორედ მას ეყრდნობი.

მაგრამ, დროთა განმავლობაში, მის უარყოფითსაც ხედავ. იგი გაიძულებს, ყოველთვის მის გვერდით იყო მაშინაც კი, თუ ზოგჯერ ამის სურვილი არ გაქვს. როგორც უკვე ითქვა, მის გვერდით კომფორტულად გრძნობ თავს, მაგრამ ეს შენი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება. ამას ისიც ემატება, რომ ის ხელფასის ნახევარს გაფლანგვინებს.

ბოლო დროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტას შეეცადე, მაგრამ თავს არ განებებს. შეიძლება ითქვას, რომ შენ მისი მონა გახდი. ძალიან ნანობ, რომ გაიცანი.

ასე შეგვიძლია აღვწეროთ სიგარეტისადმი ბევრი მწეველის დამოკიდებულება. ერთი მანდილოსანი, სახელად ერლინი, რომელიც 50 წელი ეწეოდა, იხსენებს: „ჩემ გარშემო არავის გაუწევია ისეთი დახმარება, როგორიც სიგარეტს. ის ბევრ ძველ მეგობარს მერჩივნა, ზოგჯერ ის იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი“. მაგრამ ერლინი მიხვდა, რომ მისთვის სიგარეტი „ვერაგი მეგობარი“ იყო. თავისუფლად შეძლება ითქვას, რომ ამ სტატიის შესავალი სწორედ ერლინის „მეგობრობას“ აღწერს, ოღონდ ერთი განსხვავებით: მან მიატოვა ეს მავნე ჩვევა, როდესაც გაიგო, რომ სიგარეტი წამლავს ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის ორგანიზმს და, შესაბამისად, მიუღებელია ღვთისთვის (2 კორინთელები 7:1).

ფრენკმაც, ღვთისთვის რომ ესიამოვნებინა, გადაწყვიტა სიგარეტის გადაგდება. ერთ დღეს, როცა უკანასკნელი ღერი მოსწია, თავი ვერ შეიკავა, მუხლებზე დადგა და იატაკის ფიცრებს შორის სიგარეტის ნამწვების ძებნა დაიწყო. იგი ყვება: „სწორედ ამ მომენტში ამეხილა თვალი. საშინელი შესახედავი ვიყავი. ნამწვების ძებნაში ხელები და მუხლები იმდენად ამომეგანგლა მტვერში, რომ საკუთარი თავი შემზიზღდა. ეს იყო და ეს, მას მერე აღარასდროს მომიწევია“.

რატომ არის რთული მოწევის მიტოვება? სპეციალისტებმა ამის რამდენიმე მიზეზი აღმოაჩინეს: 1) თამბაქოს ნაწარმმა ისეთივე მიჩვევა იცის, როგორც კანონით აკრძალულმა ნარკოტიკებმა; 2) შესუნთქული ნიკოტინი ტვინამდე, სულ რაღაც, შვიდ წამში აღწევს; 3) ძირითადად სიგარეტს ისეთივე სიხშირით ეწევიან, როგორი სიხშირითაც ჭამენ, სვამენ, საუბრობენ, ისვენებენ და ასე შემდეგ.

მაგრამ, როგორც ერლინისა და ფრენკის შემთხვევიდან გამოჩნდა, ამ მავნე ჩვევის მოშორება შესაძლებელია. თუ მწეველი ხართ და გინდათ, დასძლიოთ ეს ჩვევა, წაიკითხეთ მომდევნო სტატიები. ვინ იცის, იქნებ შეძლოთ ჯანსაღი ცხოვრების დაწყება.