მავნე ჩვევის დაძლევის ძლიერი სურვილი
მავნე ჩვევის დაძლევის ძლიერი სურვილი
„ამ ჩვევის დასაძლევად მწეველთა მთავარი კოზირი ძლიერი მოტივაციაა“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Stop Smoking Now!).
მარტივად რომ ითქვას, თუ გსურთ, თავი დაანებოთ მოწევას, სულ მცირე, ამის ძლიერი სურვილი უნდა გქონდეთ. რა გაგიძლიერებთ ამ მავნე ჩვევის დაძლევის სურვილს? პირველ რიგში, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენი რამ შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში.
დაგეზოგებათ ფული. ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევის შედეგად წელიწადში ათასობით დოლარი იხარჯება. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამხელა თანხა თუ მეხარჯებოდა სიგარეტში“ (გიანუ, ნეპალი).
მეტად ისიამოვნებთ ცხოვრებით. „რაც სიგარეტს დავანებე თავი, თითქოს ახლიდან დავიწყე ცხოვრება. სულ უფრო უკეთ ვგრძნობ თავს“ (რეჯინა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). როდესაც მწეველი თავს ანებებს სიგარეტის მოწევას, მას საგრძნობლად უუმჯობესდება გემოსა და ყნოსვის შეგრძნება; გარდა ამისა, იგი უფრო ენერგიული ხდება და უკეთესადაც გამოიყურება.
ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ. „სიგარეტის გადაგდების შემდეგ ნებისმიერი ასაკის მამაკაცი თუ ქალი გრძნობს, რომ ძალიან მალე გაუუმჯობესდათ ჯანმრთელობა“ (დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები, აშშ.).
საკუთარი თავისადმი რწმენა შეგემატებათ. „სიგარეტი იმიტომ გადავაგდე, რომ მინდოდა არაფერს დავმონებოდი და თავად ვყოფილიყავი ჩემი თავის ბატონ-პატრონი“ (ჰენინგი, დანია).
ოჯახის წევრები და მეგობრები მადლიერი დაგრჩებიან. „მოწევის დროს . . . თქვენ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრება . . . გამოკვლევები აჩვენებს, რომ ყოველწლიურად ათასობით პასიური მწეველი კვდება ფილტვის კიბოსა თუ გულის დაავადებების გამო“ (კიბოსთან ბრძოლის ამერიკული საზოგადოება).
თქვენ გულს გაუხარებთ შემოქმედს. „საყვარელნო . . . განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“ (2 კორინთელები 7:1). „წარადგინეთ თქვენი სხეულები . . . წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ (რომაელები 12:1).
„ერთხელაც მივხვდი, რომ ღვთისთვის მიუღებელია ისეთი რამ, რაც სხეულს ბილწავს. ამიტომ, თავი დავანებე სიგარეტის მოწევას“ (სილვია, ესპანეთი).
მაგრამ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მავნე ჩვევის დაძლევის სურვილი არ არის საკმარისი. ჩვენ შეიძლება სხვების, მათ შორის ოჯახის წევრებისა და ნათესავების, დახმარებაც დაგვჭირდეს. რისი გაკეთება შეუძლიათ მათ?