არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ შეიცვლით კანის ფერს

ნუ შეიცვლით კანის ფერს

ნუ შეიცვლით კანის ფერს

● აფრიკაში, აზიის სამხრეთ ნაწილში, კარიბის ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში ზოგი თვლის, რომ ღია ფერის კანი მოდურია და ასეთი კანის ფერის ადამიანებს ყველგან გზა ხსნილი აქვთ. ამიტომაცაა, რომ ამ ქვეყნებში მამაკაცებისა და ქალების საკმაოდ დიდი რაოდენობა კანის ფერს იღიავებს, თუმცა ეს ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.

ზოგი კანის გამაღიავებელი კრემი შეიცავს ჰიდროქინონს, გამათეთრებელ საშუალებას, რომელიც ხელს უშლის მელანინის პიგმენტის წარმოქმნას. კანი კარგავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დაცვის უნარს. ჰიდროქინონი აღწევს კანში, იწვევს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის რღვევას და, შესაბამისად, ნაადრევ სიბერეს. ეს ქიმიური ნივთიერება შეიძლება აგრეთვე კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. ზოგი კრემი ვერცხლისწყალს შეიცავს, რომელიც ტოქსინს გამოყოფს.

ასეთი კრემების სისტემატური გამოყენება აგრეთვე აჩენს გამონაყარსა და მუწუკებს, რომელიც სახეს ამახინჯებს. კანის სტრუქტურა იმდენად ზიანდება, რომ გაჭრის შემთხვევაში ადვილად აღარ ხორცდება. ზოგ კოსმეტიკურ კრემში შემავალი ქიმიური ნივთიერება სისხლში შეიწოვება, აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს, ტვინს და შინაგანი ორგანოების დაშლასაც კი იწვევს.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგი მუქკანიანი იღიავებს სახის ფერს, მათ კი, ვისაც ღია ფერის კანის აქვთ, მზეზე ირუჯებიან. ისიც აღსანიშნავია, რომ მზის აბაზანების ზომიერად მიღება სასარგებლოა, რადგან ამ დროს კანი გამოიმუშავებს D ვიტამინს. მაგრამ მზეზე დიდხანს გაჩერება, განსაკუთრებით შუადღის საათებში, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. გარუჯული კანი იმის დასტურია, რომ იგი უკვე გარკვეულწილად დაზიანდა და შეცვლილი ფერი იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამზეური ყოველთვის დაგიცავთ გამოსხივებისგან. მაგალითად, ღია ფერის გარუჯული კანი გამოსხივებისგან იმაზე მეტად ვერ დაგიცავთ, ვიდრე მზისგან დამცავი კრემი, რომლის კოეფიციენტიც მხოლოდ ოთხია. მართალია, ასეთი კრემების სისტემატურად გამოყენება შეიძლება დამცავი იყოს, მაგრამ კანის დაზიანებას და კიბოს არაერთ სახეობას თავს ვერ აარიდებთ, მათ შორის მელანომას.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით, „თუ საზოგადოება მხარს დაუჭერს იმ აზრს, რომ ყველამ საკუთარი კანის ფერი შეინარჩუნოს, ეს ხალხს მზის აბაზანების ზომიერად მიღებისკენ უბიძგებს“. მაგრამ გონიერი ადამიანები ბიბლიის რჩევებს ითვალისწინებენ და ყურადღებას ამახვილებენ „შინაგან ადამიანზე“, რომელიც დაბერებული კანისგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში ახლდება (1 პეტრე 3:3, 4; იგავები 16:31).