არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რომის პაპის ბენედიქტ XVI-ს ენციკლიკაში ნათქვამია: „დიდი საჭიროებაა . . . გატარდეს რეფორმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სხვადასხვა ეკონომიკურ ინსტიტუტებსა თუ საერთაშორისო საფინანსო სისტემებში, რათა ბოლოს და ბოლოს დაიწყონ იმ საქმის კეთება, რისთვისაც დაარსდნენ (L’OSSERVATORE ROMANO, კურსივი არ არის ჩვენი).

„ყოველი მესამე უკრაინელი დღეში, სულ მცირე, ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა (EXPRESS, UKRAINE).

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოკითხულ მოზარდ ბიჭთა 44 პროცენტმა აღიარა, რომ ერთხელ მაინც გაუგზავნია მობილურით ან ინტერნეტით შიშველი თანაკლასელი გოგონას ფოტო (TIME, U.S.A.).

„გლობალური პრობლემა“

როგორც „ასოშიეიტიდ პრესს“-შია ნათქვამი, ომების, გვალვების, პოლიტიკური არასტაბილურობის, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდისა თუ სიღარიბის გამო კაცობრიობა გლობალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობს. გაეროს მსოფლიო სასურსათო საბჭოს წარმომადგენლის, ჯოზეტ შირენის თქმით, „ყველაზე საშიში მშიერი ადამიანია . . . მშიერ ადამიანს სამი რამღა დარჩენია: ბუნტი, მიგრაცია ან სიკვდილი. ამ სამიდან არც ერთია სასურველი“. უფრო მეტიც, მოშიმშილე ადამიანთა რიცხვი დღითი დღე მატულობს მთელ მსოფლიოში. განვითარებულ ქვეყნებშიც კი საკვების გარეშე დარჩენილთა რაოდენობა 15,4 პროცენტამდე გაიზარდა.

ძილის წინ კითხვა სასარგებლოა

როცა მშობლები შვილებს ძილის წინ უკითხავენ, ეს მხოლოდ „ძილისპირული“ არ არის. მკვლევარების თქმით, როცა ბავშვს ხელში წიგნი უჭირავს და ფურცლავს, ეს აუმჯობესებს მათ მეტყველებას, მეხსიერებასა და მოძრაობით ფუნქციას. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია . . . ხმამაღლა კითხვის დროს მშობელსა და შვილს შორის უფრო თბილი დამოკიდებულება ჩნდება, რაც ბავშვს კითხვასაც აყვარებს“ — ნათქვამია გაზეთ „გარდიანში“. პროფესორი ბარი ცუკერმანი თავის ნაშრომში ამბობს: „ბავშვებს კითხვას საყვარელი ადამიანები აყვარებენ“.

თუ თქვენს ძროხას კარგად მოექცევით, მეტს მოიწველის

„ძროხა, რომელსაც სახელს არქმევენ, მეტს იწველის“, — ამბობენ ნიუკასლის უნივერსიტეტის (ინგლისი) მეცნიერ-მუშაკები. თუ კარგად ექცევიან ძროხას, წელიწადში დაახლოებით 280 ლიტრით მეტს მოიწველის. „როგორც ადამიანებს სიამოვნებთ კარგი მოპყრობა, ასევე რეაგირებს ძროხა სითბოზე, — ამბობს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დოქტორი კათრინ დუგლასი. — გამოკვლევებს ახალი არაფერი გამოუვლენია; ეს ისედაც კარგად იცოდნენ გამოცდილმა ფერმერებმა. თუ მეტ ყურადღებას დაუთმობ პირუტყვს, მაგალითად სახელით მოუხმობ ან ზრდის პროცესში მეტ სითბოს გამოავლენ, მხოლოდ ადამიანებისადმი კი არ განაწყობ დადებითად, არამედ ის უფრო მეტსაც მოიწველის“.