არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტაილანდის მრავალფეროვანი მთის ტომები

ტაილანდის მრავალფეროვანი მთის ტომები

ტაილანდის მრავალფეროვანი მთის ტომები

ჩიანგმაის ბაზრებში სიცოცხლე დუღს. გზის პირას ჩამწკრივებულ ჯიხურებსა და დახლებს შორის, რომლებზეც ეგზოტიკური საქონელია გამოფენილი, ხალხი ერთმანეთში ირევა. მყიდველები და გამყიდველები ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ ტრანსპორტის ხმაური გადაფარონ. ამ აურზაურში, რომელიც ჩრდილოეთ ტაილანდის ბაზრებისთვისაა ჩვეული, ტურისტებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ მრავალფეროვანი მთის ტომები.

ტაილანდის მოსახლეობა 65 მილიონს შეადგენს, მათ შორისაა 23 ეთნიკური ჯგუფი, რომლებსაც მთის ტომებს მიაკუთვნებენ. ამ ტომების უმრავლესობა ცხოვრობს ჩრდილოეთ ტაილანდში. ეს მთიანი რეგიონი, სადაც არაერთი მდინარე და ნაყოფიერი მიწაა, მიანმასა და ლაოსის საზღვარზე მდებარეობს.

ტაილანდის მთის ტომების დიდი ნაწილი იქ დაახლოებით 200 წლის წინ დასახლდა. ექვსი ძირითადი ტომიდან ყველაზე დიდი კერენის ტომია, რომლებიც მიანმადან გადმოსახლდნენ. ლაჰუს, ლისუსა და ეკეს ტომები იუნანიდან, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოვიდნენ, ხოლო მონგისა და მიენის ტომები * — ჩინეთის ცენტრალური ნაწილიდან.

ეს ტომები * ჩრდილოეთ ტაილანდში, ძირითადად, იმიტომ გადმოსახლდნენ, რომ თავი დაეღწიათ ომებისთვის, დისკრიმინაციისთვის და ნაყოფიერი მიწების დასატაცებლად გაჩაღებული ბრძოლებისთვის. ჩრდილოეთ ტაილანდი მათთვის საუკეთესო თავშესაფარი აღმოჩნდა, რადგან ეს მხარე იყო მთიანი, მეჩხრად დასახლებული და ცივილიზაციას მოწყვეტილი. ტაილანდის მთავრობა არ ზღუდავდა მათ, ვისაც იქ სურდა საცხოვრებლად დარჩენა. მალე მთელ ამ მხარეში მთის ტომთა სოფლები მომრავლდა. ერთმანეთის გვერდით მცხოვრები მრავალფეროვანი ტომები სხვადასხვა კულტურისა და ენის საუცხოო ნაზავს ქმნიდნენ.

უჩვეულო ჩაცმულობა და მრავალგვარი ადათ-წესები

თითოეულ ტომს სახასიათო სამოსი აქვს. მაგალითად, ეკეს ტომის ქალები ატარებენ რთული ორნამენტებით, ფოჩებით, სირმებითა და მონეტებით გაწყობილ კოშკის ფორმის თავსაბურავს. ზოგი თავსაბურავი მუზარადს წააგავს და გაფორმებულია ბრჭყვიალა ღილებით, ბისერებითა და ბურთულებით. მიენის ტომის ქალებს ამშვენებთ საოცარი ოსტატობით შესრულებული ნაქარგი შარვლები, რომელთა გაფორმებასაც ხუთ წელს ანდომებენ. მათ ჩაცმულობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ლამაზი ჩალმები, კოჭებამდე სიგრძის წითელი ბუმბულის საყელოებიანი ტუნიკები და მუქი ლურჯი ლენტები.

სრული ბრწყინვალებისთვის მთის ტომის ქალები ვერცხლის მოსართავებითაც იმკობენ თავს, რომლებიც ჟღარუნებს და ბრწყინავს. ეს მათ სოციალურ სტატუსზე მეტყველებს. ასეთ სამოსში გამოწყობილ ქალებს სურთ, სხვებს თავი მოაწონონ, განსაკუთრებით კი საპირისპირო სქესის ყურადღება მიიპყრონ. მათი აქსესუარები აგრეთვე დამზადებულია მინისგან, ხისგან და ნართისგან.

მთის ტომის ხალხი ამაყობს თავიანთი ადათ-წესებით. მაგალითად, კერენის ტომის ახალგაზრდები ცდილობენ, დაკრძალვის ცერემონიალზე უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს. ასე იმიტომ იქცევიან, რომ სწორედ იქ იმედოვნებენ ცხოვრების თანამგზავრის პოვნას. მზის ჩასვლის შემდეგ ხელჩაკიდებული ახალგაზრდები ნელი ნაბიჯით უვლიან წრეს მიცვალებულს და მთელი ღამის განმავლობაში ტრადიციულ სასიყვარულო სიმღერებს მღერიან.

მონგის ტომის ახალგაზრდები საახალწლო თამაშს თამაშობენ, რომლის დროსაც თავს აწონებენ ერთმანეთს. ქალ-ვაჟი, რომელთაც ერთმანეთი მოეწონებათ, ისე დგებიან ერთმანეთის პირისპირ, რომ რამდენიმე ნაბიჯი აშორებთ. ისინი ერთმანეთს რბილ, ნაჭრის ბურთს ესვრიან. თუ რომელიმე ბურთს შემთხვევით ან განზრახ დააგდებს, მან რაიმე ნივთი უნდა მისცეს მეწყვილეს. მოგვიანებით, იმავე საღამოს, წაგებულმა თავისი ნივთი სიმღერით უნდა გამოისყიდოს. თუ კარგად იმღერებს, მან შეიძლება არა მარტო რჩეულის გული მოიგოს, არამედ სხვების ყურადღებაც მიიპყროს.

ცვლილებებთან შეგუება

ძველად მთის ტომების უმრავლესობა გაუვალ ტყეებს კაფავდა და წვავდა იმისთვის, რომ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე მარცვლეული მოეყვანათ და შინაური ცხოველები მოეშენებინათ. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა გარემოს. დღეს ხალხი კვლავ მისდევს მიწათმოქმედებას, მაგრამ უწინდელ მეთოდებს აღარ მიმართავენ.

ადრე „ოქროს სამკუთხედში“ შემავალ ტაილანდის, ლაოსისა და მიანმას ტერიტორიებზე მცხოვრები მთის ტომებიდან ბევრს ოპიუმის ყაყაჩო მოჰყავდა. დღეს კი ტაილანდის სამეფო ოჯახისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით მათ ყაყაჩოს ნაცვლად ყავა, ბოსტნეული, ხილი და ყვავილები მოჰყავთ. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა საქონელს, მათ შორის ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან და დღიურ გასამრჯელოს ტურისტების მომსახურების სანაცვლოდ იღებენ.

მიუხედავად ამისა, სიღარიბე, ანტისანიტარია და წერა-კითხვის უცოდინარობა ბევრის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. ამას ემატება ბუნებრივი წიაღისეულის სიმცირე, კულტურული სხვადასხვაობა, რასობრივი დისკრიმინაცია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. მთის ტომების წინაპრებმა ტაილანდს იმიტომ შეაფარეს თავი, რომ ასეთ პრობლემებს გაქცეოდნენ. დღეს სად პოულობენ ისინი თავშესაფარს?

საიმედო თავშესაფარი

მთის ტომიდან მრავალმა საუკეთესო თავშესაფარი იპოვა. მათ თავი ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას შეაფარეს. ფსალმუნის 34:8-ში ნათქვამია: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას“. ერთ-ერთი ლაჰუს ტომელი, ჯოლა იხსენებს: „ცხრამეტი წლის ასაკში ბევრს ვსვამდი და ნარკოტიკებს ვიღებდი. თუ ნარკოტიკებით არ ვიყავი გაბრუებული, ვერ ვმუშაობდი და თუ ვერ ვიმუშავებდი, უფულოდ დავრჩებოდი. ჩემი მეუღლე ანოტი სულ მსაყვედურობდა, რომ მის მიმართ სითბოს არ ვავლენდი და მიტოვებული მყავდა. ამის გამო მე და ჩემი მეუღლე გაუთავებლად ვკამათობდით.

როდესაც ჩვენი ქალიშვილი, სუფავადი დაიბადა, ანოტმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. როცა იეჰოვას მოწმეები ჩვენთან მოდიოდნენ, ტყეში გავრბოდი. მალე შევნიშნე, რომ ჩემი მეუღლე შეიცვალა. ის პატივისცემით მელაპარაკებოდა და საოჯახო საქმეებსაც უფრო გულმოდგინედ აკეთებდა. ამიტომ, როცა მითხრა, ბიბლიის შესწავლა დაიწყეო, უარი არ მითქვამს.

ბიბლიურმა სწავლებებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ თანდათანობით სულიერად გავიზარდე. ღვთის დახმარებით ცუდი ჩვევებიც მივატოვე. დღეს ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია, რადგან ცხოვრების საუკეთესო გზას დავადექით. ბიბლიურ სწავლებებს მთის სხვა ტომებსაც დიდი სიამოვნებით ვუზიარებთ“.

ჯოლას სიტყვები შეგვახსენებს გამოცხადების წიგნში მოცემულ წინასწარმეტყველებას, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეებში „მარადიული სასიხარულო ცნობა“ ექადაგება „ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ (გამოცხადება 14:6). იეჰოვას მოწმეებისთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მიიღონ სამქადაგებლო საქმეში, რაც იმის უტყუარი მტკიცებაა, რომ ღმერთს ყველა უყვარს, მათ შორის ტაილანდის მრავალფეროვანი მთის ტომები (იოანე 3:16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ამ ტომებს შეიძლება რამდენიმე სახელი ჰქონდეთ. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნებში მიენს უწოდებენ ლუ მიენს, მაიენს, იაუს, დაუს, ზაუს ან მანს.

^ აბზ. 5 მთის ტომების დიდი ნაწილი დღესაც ცხოვრობს ჩინეთში, ვიეტნამში, ლაოსსა და მიანმაში. ბოლო წლებში ამ ტომების დიდი დასახლებები წარმოიქმნა ავსტრალიაში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]

მართლა აგრძელებს რგოლები კისერს?

კაიენის ტომის * ბევრი ქალი თავს გრძელი კისრით იწონებს. მათ კისერზე უკეთიათ სპილენძის რგოლები, რომლებიც მთლიანობაში 38 სანტიმეტრი სიგრძისაა. რგოლების ტარებას გოგონები დაახლოებით ხუთი წლიდან იწყებენ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ დიდი და მძიმე რგოლების რაოდენობა ერთით მატულობს. ზრდასრული ასაკისთვის რგოლების რაოდენობა ოცდახუთამდე იზრდება და 13 კილოგრამამდე იწონის. სინამდვილეში კისერი კი არ გრძელდება, არამედ ნეკნები ჯდება ერთმანეთზე, რადგან რგოლები მთელი სიმძიმით აწვება ლავიწს.

[სქოლიო]

^ აბზ. 25 კაიენის ტომის ხალხი ტაილანდში მიანმადან გადასახლდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობს დაახლოებით 50 000 კაიენი. მათ უწოდებენ „პედაუნგს“, რაც „გრძელკისერას“ ნიშნავს.

[საავტორო უფლება]

Hilltribe Museum, Chiang Mai

[ჩარჩო 17 გვერდზე]

ლეგენდა წარღვნაზე

ლისუსა და მონგის ტომებს არაერთი ლეგენდა აქვთ წარღვნაზე. მონგის ტომის ერთი ლეგენდის თანახმად, „ცის უფალმა“ გააფრთხილა ორი ძმა, რომ მალე დედამიწას წარღვნა წალეკავდა. უფროსი ძმა ბოროტი იყო, უმცროსი კი — კეთილი. მან უფროს ძმას უთხრა, რომ რკინის ნავი აეგო, კეთილ ძმას კი ხის ნავის აგება დაავალა. შემდეგ უმცროს ძმას უთხრა, რომ ნავზე აეყვანა თავისი და, ყველა სახეობის ცხოველი წყვილ-წყვილად და თან წაეღო ყველა ჯიშის მცენარის თესლი.

როცა წარღვნა მოვიდა, რკინის ნავი ჩაიძირა, ხის ნავმა კი წყალზე დაიწყო ტივტივი. ცას ცისარტყელასავით გადაეკრა დრაკონი, რომელმაც წყალი დააშრო. ამის შემდეგ უმცროსი ძმა დაქორწინდა თავის დაზე და დედამიწა მათი შთამომავლობით აივსო. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ლეგენდასა და წმინდა წერილებში, კერძოდ, დაბადების 6—10 თავებში ჩაწერილ უტყუარ ცნობას შორის რაღაც მსგავსებაა.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

მთის ტომთა ქალების საუცხოო სამოსი

[საავტორო უფლება]

Hilltribe Museum, Chiang Mai

[სურათები 17 გვერდზე]

ჯოლა თავის ოჯახთან ერთად

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Both pictures: Hilltribe Museum, Chiang Mai