უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, სიხარულს არ ვკარგავ
უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, სიხარულს არ ვკარგავ
მოგვითხრო ხოსე გოდოფრედო ვარგესმა
სრულიად ჯანმრთელი დავიბადე. ბავშვობაში არაფერი მაწუხებდა. 17 წლის ასაკში ქარხანაში ელექტროშემდუღებლად დავიწყე მუშაობა. ორი წლის შემდეგ მუშაობა მომიწია ერთ-ერთი სადგურის ბაქანზე, სადაც მაღალი ძაბვა გადიოდა. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა; დენმა ისეთი ძალით დამარტყა, რომ 15 მეტრზე გამისროლა. გონება დავკარგე. სამი თვის მანძილზე კომაში ვიყავი. მხოლოდ თავს ვამოძრავებდი. დამბლა დამეცა და ოთხივე კიდური მომწყდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი.
ყველაფერში ღმერთს ვადანაშაულებდი. გულმოკლული ვეკითხებოდი, რატომ დამტოვა ცოცხალი. თავის მოკვლასაც კი ვფიქრობდი. სხვადასხვა რელიგიას მივმართე, მაგრამ ვერც ერთმა მანუგეშა და ვერც სულიერი შიმშილი მომიკლა. უფრო მეტიც, ეს რელიგიები არ მოუწოდებდნენ ხალხს, რომ ბიბლიური სწავლებებისა და ნორმების თანახმად ეცხოვრათ. 1981 წელს დედაჩემი მოკვდა, რის შემდეგაც ალკოჰოლს მივეძალე და ფულზე თამაში დავიწყე. მეგონა, ღმერთი ჩემი მდგომარეობის გამო შემიბრალებდა და უზომო სმას მაპატიებდა. უზნეო ცხოვრებასაც ვეწეოდი. ვცხოვრობდი ქალთან, რომელზეც არ ვიყავი დაქორწინებული.
ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა
37 წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდი იეჰოვას მოწმეებს. დედა სიცოცხლეში ხალხის ლაპარაკს იყო აყოლილი და სულ იმას ამბობდა, ყველაზე საშიში იეჰოვას მოწმეთა რელიგიააო. მიუხედავად ამისა, როცა მოწმეებმა მომაკითხეს, სახლში შევიპატიჟე. ასე მხოლოდ იმიტომ მოვიქეცი, რომ ტყუილში გამომეჭირა. ვფიქრობდი, რომ ბიბლიაში საკმაოდ კარგად ვერკვეოდი. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ თითქმის არაფერი მცოდნია. იმანაც განმაცვიფრა, რომ მოწმეები ყველა ჩემს კითხვაზე ბიბლიიდან მპასუხობდნენ. მალე დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე.
სამწუხაროდ, ქალმა, რომელთანაც წლები ვიცხოვრე, ახალშეძენილი რწმენის გამო მიმატოვა. ნელ-ნელა მავნე ჩვევები მივატოვე და ბიბლიური ნორმებით დავიწყე ცხოვრება. ღვთის
დახმარებით შევეგუე ჩემს უმძიმეს მდგომარეობას და უკვე 20 წელია სრული დროით მსახურება დიდ სიხარულს მანიჭებს. ბევრს აკვირვებს, თუ როგორ ვახერხებ ამას. მე არ ვარ მარტო, ჩემს უმცროს ძმასთან, უბალდოსთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც დაუნის სინდრომითაა დაავადებული. უბალდოც იეჰოვას მოწმეა და ერთად ვემსახურებით ღმერთს.ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. მსახურების დროს უბალდო ინვალიდის სავარძლით მატარებს. კარზე ის აკაკუნებს, მე კი მობინადრეს ვესაუბრები; ამასობაში, უბალდო ბიბლიურ მუხლებსა და შესაბამის ლიტერატურას ამზადებს. ის ბევრ სხვა რამეშიც მეხმარება. მე კოსმეტიკურ ნაწარმს ვყიდი და ამგვარად ვარჩენ ოჯახს. საჭმლის მომზადებასა თუ სხვა საოჯახო საქმეებში იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრების წევრები გვეხმარებიან. მათ ასევე დავყავართ ექიმთან. ამ ყველაფრისთვის მე და უბალდო ძალიან მადლიერები ვართ.
მიხარია, რომ უხუცესად ვმსახურობ ქრისტიანულ კრებაში. სულიერი ძმები ყოველთვის მეხმარებიან ბიბლიური თემების გამოკვლევაში. შესწავლისას ფანქარი პირით მიჭირავს და ამგვარად ვუსვამ ხაზს მნიშვნელოვან აზრებს.
როცა მეკითხებიან, ვარ თუ არა ბედნიერი, იქით ვეკითხები, რატომ არ უნდა ვიყო?! მე ხომ ცხოვრების აზრი ვიპოვე! მოუთმენლად ველი ღვთის განზრახვის შესრულებას, როცა დედამიწაზე სამოთხეში ყველა მის ერთგულ თაყვანისმცემელს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება (ესაია 35:5, 6; ლუკა 23:43).
[სურათი 24 გვერდზე]
18 წლის ხოსე უბედურ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე
[სურათი 25 გვერდზე]
მე და უბალდო მსახურებაში ერთმანეთს ვეხმარებით (მექსიკა)
[სურათი 25 გვერდზე]
სამეფო დარბაზში საჯარო მოხსენების წაკითხვისას ახალგაზრდა მოწმე ბიბლიის გადაშლაში მეხმარება
[სურათი 25 გვერდზე]
საჭმლის მომზადებასა თუ სხვა საოჯახო საქმეებში კრების წევრები გვეხმარებიან