არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გამომწყვდეული“ ჩრდილოეთის ყაჯირი

„გამომწყვდეული“ ჩრდილოეთის ყაჯირი

„გამომწყვდეული“ ჩრდილოეთის ყაჯირი

ჩრდილოეთის ყაჯირის „ხუთსულიანი“ ოჯახი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ემზადება. მათთან გამოსამშვიდობებლად „მეგობრები“ მიდიან. ყაჯირები კიდევ ერთხელ ავლებენ თვალს თავიანთ საცხოვრებელს, სადაც არაერთი წელი მკვიდრობდნენ, და მიფრინავენ. „მეგობრები“ მანამ არ აშორებენ მათ თვალს, სანამ ისინი სივრცეში არ უჩინარდებიან.

ჩვენ ბირესიკის (მდინარე ევფრატის ახლოს მდებარე ქალაქი, თურქეთი) სასელექციო სადგურში ვიმყოფებით. სწორედ აქედან გაფრინდა ჩრდილოეთის ყაჯირის „ხუთსულიანი“ ოჯახი, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ფრინველთა სახეობას მიეკუთვნება. თითოეულ მათგანს ფეხზე სატელიტური გადამცემი ჰქონდა მიმაგრებული. ზემოხსენებული „მეგობრები“ — სადგურის თანამშრომლები და სტუმრები ბოლომდე ადევნებდნენ თვალს ფრინველებს, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდნენ და უკან შესაძლოა აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ.

რა სახეობის ფრინველია ყაჯირი და რატომ გამოიწვია მისმა მიგრაციამ ასეთი დიდი ინტერესი?

გავეცნოთ საოცარ ფრინველს

ახალგამოჩეკილ ყაჯირს თავზეც აქვს ბუმბული, რომელიც ზრდასთან ერთად სცვივა. მისი სხეული დაფარულია შავი, ხშირი ბუმბულით. მისი ბუმბული მზის შუქზე მოოქროსფრო-მომწვანო და იისფერ ფერსაც კი იძენს. მას წითელი თავი და ნისკარტი აქვს.

ყაჯირი ზრდასრულ ასაკს 3—4 წელიწადში აღწევს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 25—30 წელია. ის იკვებება მწერებით, ხვლიკებით და პატარა ძუძუმწოვრებით. მდედრი ყაჯირი წელიწადში 1—3 კვერცხამდე დებს. საინკუბაციო პერიოდი ოთხ კვირას გრძელდება. ეს ფრინველი იმითაც არის გამორჩეული, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ წყვილდება. როცა მას მეწყვილე უკვდება, ის დანაკარგს მწარედ გლოვობს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მარტო დარჩენილი ყაჯირი ან შიმშილით იკლავს თავს ან კლდეებს ენარცხება მანამ, სანამ არ მოკვდება.

როგორც ბირესიკის მაცხოვრებლები ყვებიან, მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ამ ფრინველების სამშობლოში დაბრუნებას ზეიმით ხვდებოდნენ. ეს თებერვლის შუა რიცხვებში ხდებოდა და გაზაფხულის დადგომის მომასწავებელი იყო. ამ დროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს ნავები მდინარე ევფრატის ნაპირზე გამოჰყავდათ, თან დოლზე უკრავდნენ და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებს აწყობდნენ.

მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ყაჯირების რაოდენობა არ იყო ასე შემცირებული. უფრო მეტიც, ისინი იმდენი იყვნენ, რომ მათი გუნდები ცას შავი ღრუბელივით მოედებოდა ხოლმე. მაგრამ წინა საუკუნეში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. იყო დრო, როცა ბირესიკის ფრინველების კოლონიაში 500—600 წყვილი ყაჯირი ბუდობდა, მაგრამ მეოცე საუკუნის შუა პერიოდში პესტიციდების მასობრივი გამოყენების შედეგად, მათი რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. დღესდღეობით ეს ფრინველი გადაშენების პირასაა.

გადაშენების საფრთხისგან დაცვა

ბირესიკის სასელექციო სადგური, სადაც ჩრდილოეთის ყაჯირს ამრავლებენ, 1977 წელს შეიქმნა. ფრინველებს შეეძლოთ თავისუფლად მიმოფრენა 1990 წლამდე, მაგრამ ამ წელს მხოლოდ ერთი დაბრუნდა უკან. მას შემდეგ რაღაც პერიოდი ყაჯირები თბილ ქვეყნებში გამოსაზამთრებლად აღარ გაუშვიათ. ივლის-აგვისტოში, როცა ყაჯირების მიგრაციის დრო დგება, მათ ვოლიერებში (სპეციალური სათავსი) ათავსებენ და თებერვალ-მარტამდე ამყოფებენ.

1997 წელს სასელექციო სადგურის თანამშრომლებმა კვლავ გაუშვეს ყაჯირები თბილ ქვეყნებში. სამწუხაროდ, 25 ყაჯირიდან უკან არც ერთი დაბრუნებულა. 1998 წლიდან მიგრაციის პერიოდში ყაჯირებს კვლავ ვოლიერებში ათავსებდნენ. შესაბამისად, ფრინველების რაოდენობამ ისევ იმატა. დღესდღეობით სასელექციო სადგურში 100-მდე ყაჯირი ბინადრობს.

რა ელით ყაჯირებს?

სამწუხაროდ, დასაწყისში მოხსენიებული ყაჯირთა „ხუთსულიანი“ ოჯახიდან მხოლოდ ორი დაბრუნდა. 2008 წელს კიდევ გაუშვეს ყაჯირთა სხვა გუნდი, მაგრამ უკან არც ერთი არ დაბრუნებულა. მეცნიერთა თქმით, მათ სამხრეთით, იორდანიამდე მიაღწიეს, სადაც, როგორც ჩანს, მოიწამლნენ. ასეთი ფაქტები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო პირთა და მეცნიერთა ძალისხმევის მიუხედავად, ყაჯირებს გადაშენების საფრთხე კვლავ ემუქრებათ.

მართალია, ყაჯირები უსაფრთხოების მიზნით „გამოამწყვდიეს“, მაგრამ ამ შემთხვევებმა აჩვენა, რომ ისინი გადამფრენი ფრინველები არიან და არ შეუძლიათ ერთ ადგილას დამკვიდრება. ამას ადასტურებს იერემიას 8:7-ში ჩაწერილი სიტყვები: „ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი დრო, გვრიტი, ნამგალა და შაშვიც ზუსტად იცავენ მოფრენის დროს“.

[სურათის საავტორო უფლებები 10 გვერდზე]

Left: Richard Bartz; right: © PREAU Louis-Marie/age fotostock