არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაიცავით ოჯახი გრიპისგან

დაიცავით ოჯახი გრიპისგან

დაიცავით ოჯახი გრიპისგან

იესომ ქვეყნიერების აღსასრულზე საუბრისას წარმოთქვა წინასწარმეტყველება, რომ ‘იქნებოდა ეპიდემიები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას’ (ლუკა 21:11). ერთ-ერთი ასეთი ეპიდემიაა გრიპი.

გრიპს იწვევს ვირუსები, მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი გააჩნიათ და ელვის სისწრაფით მრავლდებიან. გრიპის ვირუსი აავადებს სასუნთქ გზებს და, ძირითადად, აირწვეთოვანი გზით — ცემინების, ხველებისა და საუბრის დროსაც კი — ვრცელდება. გრიპის ვირუსი პანდემიის სახეს მაშინ იღებს, როცა ეპიდემია დიდ მასშტაბებს აღწევს.

გრიპის ვირუსი ცხოველებსა და ფრინველებზეც ვრცელდება. არსებობს A, B და C ტიპის ვირუსი. ყველაზე ხშირად ვხვდებით A ტიპის ვირუსს. ვირუსის ზედაპირზე აღინიშნება „წანაზარდები“, გლიკოპროტეინები — ჰემაგლუტინინი (H) და ნეირამინიდაზა (N).

გრიპის ვირუსებთან ბრძოლა, ძირითადად, ორი მიზეზის გამოა რთული: პირველი, ეს ვირუსები სწრაფად მრავლდებიან და მუტაციასაც განიცდიან. მეორე, სხვადასხვა ვირუსებმა, ურთიერთქმედების შედეგად, შესაძლოა სრულიად განსხვავებული, ახალი ვირუსი წარმოქმნან. ასეთი სახით წარმოქმნილი ვირუსი უცხოა ორგანიზმისთვის და, შესაძლოა, იმუნური სისტემა ვერ შეეწინააღმდეგოს მას.

გრიპის სეზონად ცივი თვეები ითვლება. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალ ტემპერატურაზე ვირუსის ლიპიდური გარსი გარდაიქმნება მკვრივ წებოვან ჟელედ, რაც ჰაერში საკმაოდ კარგად იცავს ვირუსს არასასურველი ზემოქმედებისგან. მაღალ ტემპერატურაზე კი ეს გარსი თხევად მდგომარეობაში გადადის, ადამიანის სასუნთქ გზებში მოხვედრისთანავე აქტიურდება და ინფექციას იწვევს. აქედან გამომდინარე, სიცივე არ იწვევს ვირუსულ ინფექციებს, ის ვირუსული უჯრედების საარსებოდ ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

დაიცავით თავი გრიპისგან

მრავალი ქვეყნის მთავრობამ გრიპის ეპიდემიის დასამარცხებლად არაერთ ხერხს მიმართა. თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ? გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული სამი რჩევა.

აირჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი. იზრუნეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებმა კარგად გამოიძინონ და ჯანსაღი საკვები მიირთვან. კვების რაციონში უნდა შედიოდეს ახალი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და ამინომჟავების შემცველი ცხოველური ცილები, რომლებიც იმუნურ სისტემას გაგიძლიერებთ.

დაიცავით თავი მიკრობებისგან. შეეცადეთ, დაიცვათ სისუფთავე. ყოველდღე კარგად გადაწმინდეთ მაგიდები. ყოველი გამოყენების შემდეგ დარეცხეთ ჭურჭელი და სამზარეულოს ნივთები. რეგულარულად გამოცვალეთ ლოგინის თეთრეული. დეზინფექცია გაუკეთეთ ყველაფერს, რასაც ეხებით, მაგალითად, კარის სახელურს, ტელეფონსა თუ დისტანციური მართვის პულტს. შეძლებისდაგვარად გაანიავეთ ოთახი.

ისწავლეთ პირადი ჰიგიენის დაცვა. კარგად დაიბანეთ ხელები საპნით ან გაიწმინდეთ სპირტის შემცველი ხელსახოცით (თუ შესაძლებელია, თან ატარეთ სადეზინფექციო ხსნარით სავსე პატარა ბოთლი). ნუ ისარგებლებენ სხვები შენი პირსახოცით, მათ შორის შენი ოჯახის წევრები.

დაუბანელ ხელებს ნუ მოისვამთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე. ხველებისა და ცემინების დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები და გამოყენებისთანავე გადააგდეთ. ნუ შეეხებით ისეთ საგნებს, რამაც შეიძლება ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი, მაგალითად, ტელეფონს. ასწავლეთ ბავშვებს ჰიგიენის დაცვა. კარგი ჩვევები ყოველთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე.

სხვებზეც იფიქრეთ

ვირუსული ინფექცია გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და ავად გახდომიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში. ვირუსული ინფექციის სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია, მაგრამ უფრო ინტენსიურია. ძირითადი სიმპტომებია: ტემპერატურა (ძირითადად მაღალი), თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე, მშრალი ხველა და კუნთების ტკივილი. სისველე ცხვირის ღრუში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება და დიარეა ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. თუ ასეთი სიმპტომები გექნებათ, დარჩით სახლში, რომ სხვებს არ გადასდოთ ვირუსი.

კარგად დაისვენეთ და მიიღეთ ბევრი სითხე. პირველი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიიღეთ ანტივირუსული პრეპარატები. ნუ დაალევინებთ ბავშვს ასპირინს (აცეტილსალიცილის მჟავა), თუ მას გრიპი აქვს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა გაძნელებული სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში ან ძლიერი თავის ტკივილი.

გრიპის დროს მკურნალობა ბევრ არასასიამოვნო პროცედურასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, წინასწარი ზომების მიღება დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ ამ ვირუსულ ინფექციას. მალე დადგება დრო, როცა ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

[ჩარჩო 27 გვერდზე]

გრიპის გართულებული ფორმა

მექსიკაში H1N1 ვირუსის ერთ-ერთი ტიპი პირველად 2009 წელს დაფიქსირდა. ეს იყო „ესპანკას“ მსგავსი გრიპი, რომელმაც 1918 წელს ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2009 წელს გამოვლენილი H1N1 ვირუსი ისეთ ელემენტებსაც შეიცავს, რომელიც ღორებსა და ფრინველებსაც აინფიცირებს.

[ჩარჩო⁄სურათები 28, 29 გვერდებზე]

6 როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები?

1. ხველების დროს პირზე რამე აიფარეთ

2. დაიბანეთ ხელები

3. გაანიავეთ ოთახი

4. დაიცავით სისუფთავე

5. თუ ავად ხართ, არ გახვიდეთ სახლიდან

6. მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

როდესაც გრიპი რთულ ფორმაში გადადის

პირველ რიგში, მიჰყევით ექიმის რჩევას. არ ჩავარდეთ პანიკაში. განსაკუთრებით გრიპის სეზონზე გამოიყენეთ სტატიაში მოცემული რჩევები. თუ შესაძლებელია, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. თუ ავად ხართ, გაიკეთეთ ნიღაბი. ხშირად დაიბანეთ ხელები. გარეთ გასვლა რომ არ დაგჭირდეთ, წინასწარ მოიმარაგეთ ორი კვირის სამყოფი საკვები, რომელიც მალე არ ფუჭდება, აგრეთვე საჭირო მედიკამენტები თუ ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი ნივთები.

ეს რჩევები ყველგან გაითვალისწინეთ, იქნება ეს სამსახურში, სამეფო დარბაზსა თუ ნებისმიერ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა. ხშირად გაანიავეთ ოთახი.

[სურათი 27 გვერდზე]

მიკროსკოპით დანახული H1N1 გრიპის ვირუსი

[საავტორო უფლება]

CDC/Cynthia Goldsmith