არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვარსკვლავობას ღვთის მსახურება ვარჩიე

ვარსკვლავობას ღვთის მსახურება ვარჩიე

ვარსკვლავობას ღვთის მსახურება ვარჩიე

მოგვითხრო მარტა ტერესა მარკესმა

სიმღერა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში რადიოშიც კი ვმღეროდი. ბაღის შემდეგ სკოლაში აღარ მივლია, რადგან ხმის დასამუშავებლად ვოკალის პედაგოგთან, მექსიკის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორთან, დავდიოდი.

1969 წელს, როცა 24 წლის ვიყავი, ჩემმა მეგობარმა, რომელიც მოცეკვავე იყო, პრესტიჟულ ბარ-რესტორანში „ლა-რამპა-ასულში“ მიმიწვია, რომ ჩემთვის მოესმინათ. ვიმღერე ცნობილი მექსიკელი კომპოზიტორის ტომას მენდესის სიმღერა „კუკურუკუკუ პალომა“, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა. ჩემი კარიერა სწორედ იმ დღიდან დაიწყო. სცენაზე „რომელია რომელის“ სახელით გამოვდიოდი და სოლოს ვასრულებდი.

ტომას მენდესთან და სხვა ნიჭიერ მექსიკელ კომპოზიტორებთან თუ მომღერლებთან, მათ შორის კუკო სანჩესთან და ხუან გაბრიელთან ერთად ვმუშაობდი. მეამაყებოდა, როცა ჩემს სახელს ბილბორდებზე, გაზეთებსა და ჟურნალებში ვხედავდი. ვმღეროდი ღამის კლუბებში, რადიოში, და მექსიკასა და ბელიზში გამართულ კონცერტებზეც გამოვდიოდი. გარდა ამისა, ვმუშაობდი ცნობილ მექსიკელ კომედიანტთან ლეონორილდა ოჩოასთან, რომელსაც იმ პერიოდში ტელევიზიით ახალი შოუ მიჰყავდა.

დროთა განმავლობაში პოპულარული გავხდი და ბევრი ფულიც ვიშოვე. რაც გამიხარდებოდა, ყველაფერს ვყიდულობდი. არ ვიკლებდი ძვირფასეულობას, წაულას ბეწვის ქურქებს, და პენტჰაუზებში (ფეშენებელური ბინა მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულზე) ვცხოვრობდი. ფუფუნების მიუხედავად, ბედნიერი მაინც არ ვიყავი. სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი. მართალია, კათოლიკეების ოჯახში გავიზარდე, მაგრამ უზნეო ცხოვრებას ვეწეოდი და ამიტომ ეკლესიაში სიარულის მრცხვენოდა.

ჩემს გულში იეჰოვას სიყვარული იდგამს ფესვებს

პირველი ალბომის ჩაწერის დროს ჩემს მეგობარს, ლორენა ვონგს, რომელიც „რანჩერას“ (მექსიკური ხალხური სიმღერის ჟანრი) ასრულებდა, ჩემი გრძნობები გავუზიარე. ვუთხარი, რომ მონაზვნად აღკვეცა და ღარიბებისთვის ხელის გამართვა მინდოდა. მან მოულოდნელობისგან წამოიძახა: „მონაზონი? ხომ არ გაგიჟდი?!“

— იცი ღვთის სახელი? — მკითხა ცოტა ხანში.

— უფალი იესო ქრისტე, — მივუგე მე.

— არა, ღვთის სახელი იეჰოვაა, იესო კი მისი ძეა, — მითხრა მან.

— იეჰოვა? — გაკვირვებულმა ვკითხე. ეს სახელი პირველად გავიგე. ლორენამ ბიბლია მომცა და შემპირდა, რომ თავის მასწავლებელს გამომიგზავნიდა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. *

ყოველთვის, როცა ლორენას ვხვდებოდი, ვეკითხებოდი: „როდის გამომიგზავნი შენს მასწავლებელს?“. სულიერ შიმშილს ვგრძნობდი.

ამასობაში დავიწყე ბიბლიის კითხვა და საკუთარი თვალით ამოვიკითხე ღვთის სახელი, რამაც ძალიან გამაოცა (ფსალმუნი 83:18). თავზარი დამცა ათი მცნებიდან ერთ-ერთის წაკითხვამ: „არ იმრუშო“ (გამოსვლა 20:14). იმ დროს ერთ დაქორწინებულ მამაკაცთან ვცხოვრობდი, რომლისგანაც რვა თვის ბიჭუნა მყავდა. კიდევ მყავდა უფროსი ბიჭი. ისიც შემეძინა მამაკაცისგან, რომელზეც არ ვყოფილვარ დაქორწინებული.

ერთხელ, როცა ახალი შოუსთვის სიმღერას ვამზადებდი, კარზე კაკუნი გავიგონე. ეს იყო ლორენას მასწავლებელი, მაურისიო ლინარესი, რომელიც მეუღლესთან ერთად მოვიდა. ისინი მესაუბრნენ ღვთის განზრახვაზე და დამიტოვეს წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. * ეს წიგნი ერთ ღამეში წავიკითხე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის გაგება მიჭირდა. სწორედ ამ დღიდან გამიღვივდა გულში იეჰოვას სიყვარული.

ვიწყებ ახალ ცხოვრებას

მოწმეებმა არა მარტო ბიბლია შემასწავლეს, არამედ გამართული კითხვაც მასწავლეს. იეჰოვას ნება რომ შემესრულებინა, ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. თავიდან მოვიცილე ღვთისთვის საძულველი ქანდაკებები, ოქროს მედალიონები და თილისმები.

ყველაზე მეტად გამიჭირდა მოწევისა და სმის მიტოვება. როცა ღვინის მაღაზიას ჩავუვლიდი, კბილები მიკაწკაწებდა. ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე მეგობრებთან, რადგან ყოველთვის ძვირადღირებულ რესტორნებში ატარებდნენ დროს და უზომოდ სვამდნენ. ვიცოდი, რომ მათთან ურთიერთობა კარგს არაფერს მომიტანდა და ისევ სასმელზე გავხდებოდი დამოკიდებული.

ჩემთვის ძალიან რთული იყო, შემეწყვიტა მდიდარი და ცნობილი ადამიანების წვეულებებზე სიარული. როდესაც ერთმა ცნობილმა კუბელმა მოკრივემ თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა, ღმერთს ვთხოვე: „მარტო ამ ერთხელ წავალ იეჰოვა. ამის მერე აღარასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც შენ არ მოგწონს“. მე შევასრულე ჩემი სიტყვა.

ჩემი მეორე შვილის მამასთანაც გავწყვიტე ურთიერთობა. ის მდიდარი იყო და მასთან დარჩენის სანაცვლოდ ბევრ რამეს მპირდებოდა, მაგრამ მაინც წავედი მისგან. ძალიან გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიყვარდა და ეს თავადაც კარგად იცოდა. მან უტიფრად მითხრა: „მე ვარ შენი ღმერთი და ქრისტე!“

— ერთ დროს მართლა იყავი, მაგრამ დღეს იეჰოვაა ჩემი ღმერთი! — თამამად ვუთხარი. ის დამემუქრა, რომ მცემდა და შვილს წამართმევდა, რომელიც მის გვარს ატარებდა.

იმ დროს ზოგი მეუბნებოდა, რომ მომღერლობა ჩემი პროფესია იყო და ეს ხელს არ შემიშლიდა ღვთის მსახურებაში. თუმცა სხვები მაფრთხილებდნენ: „შენ ვერ გაერიყები მეგობრებს, რომლებიც ეწევიან და უზომოდ სვამენ, და ვერც შენი თაყვანისმცემლებისგან დააღწევ თავს, რომლებიც სექსს შემოგთავაზებენ“. მივხვდი, რომ ეს სიმართლე იყო.

როდესაც ვარსკვლავი გავხდი, ჩემთან ერთი ღამის გატარებისთვის დიდ თანხას მთავაზობდნენ. გადავწყვიტე, აღარასდროს ავყოლოდი ცდუნებას. 1975 წელს ჩინეთში დაგეგმილი ტურნე გავაუქმე, რის შემდეგაც ექვს თვეში იეჰოვას მივუძღვენი თავი და მოვინათლე.

სირთულეებმა ვერ წამართვა სიხარული

რით უნდა მერჩინა საკუთარი თავი და ოჯახი? სკოლაში მე არ მივლია და სიმღერის გარდა არც არაფერი ვიცოდი. ჩემი ორი შვილი, უფროსი და, ირმა და მისი სამივე შვილი ფინანსურად ჩემზე იყვნენ დამოკიდებული. ჩვენ იძულებულები გავხდით, დაგვეტოვებინა მდიდრული საცხოვრებელი და ოროთახიან ბინაში გადავსულიყავით. ძალიან გამიჭირდა ფუფუნების შემდეგ ასეთ პირობებში ცხოვრება. ერთი პერიოდი შვილები და ჩემი და დაჟინებით მთხოვდნენ, ისევ დამეწყო სიმღერა, მაგრამ აზრი ვერ შემაცვლევინეს.

ძვირფასეულობა, ბეწვეული და მანქანა გავყიდე და რაღაც პერიოდი ამ ფულით ვირჩენდით თავს. ჩემი მეორე შვილის მამისგან პრობლემებს რომ ავრიდებოდით, საცხოვრებლად ისეთ ქალაქში გადავედით, სადაც ის ვერ გვიპოვიდა.

იქ იეჰოვას მოწმეებმა მასწავლეს ტამალებისა (მექსიკური ხორცის ღვეზელი) და დონატების მომზადება. მოგვიანებით ქარხანაში ვიშოვე სამუშაო, სადაც ღამით ვმუშაობდი, მაგრამ ამ სამსახურის გამო ქრისტიანულ კრებებს რეგულარულად ვერ ვესწრებოდი და ვერ ვმსახურობდი. ამიტომ, თავი დავანებე სამსახურს და სახლში ტამალების გამოცხობა დავიწყე. გამომცხვარ ტამალებს კალათაში ვაწყობდი და ქუჩაში ვყიდდი. ამგვარად, ოჯახსაც ვარჩენ და უკვე 25 წელზე მეტია, სრული დროითაც ვმსახურობ.

ჩემი არჩევნის გამო არასდროს მინანია

როდესაც მეკითხებიან, როგორ შეველიე ვარსკვლავობას, ვპასუხობ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა გავიცანი და მისი შესანიშნავი განზრახვები გავიგე და ამას არაფერზე გავცვლი. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა შვილებმა ბიბლია შეისწავლეს, თავი მიუძღვნეს იეჰოვას და თანამორწმუნეებზე დაქორწინდნენ. ჩემი ორივე ბიჭი და მათი ცოლები შვილებს იეჰოვას სიყვარულს უნერგავენ.

თითქმის 30 წელია პიონერად (ასე ეძახიან იეჰოვას მოწმეები სრული დროით მსახურებს) ვმსახურობ. ღვთის შეწევნით ბევრ ადამიანს ვასწავლე ბიბლიური ჭეშმარიტება და დღეს ისინი ღვთის მიძღვნილი მსახურები არიან. ენით აუწერელ სიხარულს ვგრძნობ, როცა ვხედავ, რომ ჩემი სულიერი შვილები „ჭეშმარიტებაში დადიან“ და ბევრი მათგანი პიონერად მსახურობს (3 იოანე 4). ამჟამად 64 წლის ვარ და ბიბლიის 18 შესწავლას ვატარებ.

ახალგაზრდობაში, როცა მომღერალი ვიყავი, სულიერ შიმშილს ვგრძნობდი და სხვების დახმარების დიდი მოთხოვნილებაც მქონდა. სულიერადაც დავნაყრდი და სხვებსაც ვეხმარები, რადგან ვასრულებ იესოს მითითებას: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“ (მათე 28:19, 20). უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე გვერდში მედგა და დღესაც არ მაკლებს თავის სიყვარულს! საკუთარ თავზე გამოვცადე ამ სიტყვების ჭეშმარიტება: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“ (ფსალმუნი 34:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 ლორენა ვონგი მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა.

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[სურათი 25 გვერდზე]

ჩემს შვილებთან, მათ ცოლებთან და ჩემს უფროს დასთან ერთად, რომელიც ჩემსავით პიონერად მსახურობს

[სურათი 26 გვერდზე]

დღემდე ტამალების გაყიდვით ვირჩენ თავს და თან სრული დროით ვმსახურობ