„რკინის კლაკნილი“ მთელ კონტინენტზე
„რკინის კლაკნილი“ მთელ კონტინენტზე
კანადა სიდიდით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი, სულ რაღაც, 150 წლის წინათ უკაცრიელი და შეუსწავლელი იყო. ისტორიკოსი პიერ ბერტონი აღნიშნავს: „მოსახლეობის 75 პროცენტი გარე სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობდა საკუთარ ფერმებში. გზები იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ ქვეყანაში გადაადგილება ჭირდა“. ტბებითა და მდინარეებით გადაადგილებაც საკმაოდ რთული იყო, რადგან წლის განმავლობაში წყალი ხუთი თვე იყინებოდა.
1871 წელს პრემიერ-მინისტრმა ჯონ მაკდონალდმა რკინიგზის გაყვანის იდეა წამოაყენა, რათა ერთმანეთთან დაკავშირებულიყო ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროები. 1869 წელს ასეთი რკინიგზა უკვე გაყვანილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ კანადას არ ჰქონდა საკმარისი სახსრები; გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს უტოლდებოდა და უფრო დიდ ტერიტორიაზე იყო საჭირო რკინიგზის გაყვანა. ერთმა კანადელმა პოლიტიკოსმა ამ წამოწყებას „ყველაზე უაზრო ჩანაფიქრი“ უწოდა. სხვა პოლიტიკურმა მოღვაწემ კი ირონიულად აღნიშნა, რომ ეს იდეა ისეთივე აბსურდული იყო, როგორც რკინიგზის მთვარემდე გაყვანა.
ძვირადღირებული პროექტი
მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებით, რკინიგზის მშენებლობა ათ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. შოტლანდიელი ინჟინრის, სენდფორდ ფლემინგის გამოთვლით, რკინიგზის გაყვანა 100 მილიონი დოლარი დაჯდებოდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. რკინიგზის გაყვანა შეერთებული შტატების გავლით გაამარტივებდა სამუშაოს და გზაც დამოკლდებოდა, მაგრამ მაკდონალდმა დაიჟინა, რომ რკინიგზის ხაზი მხოლოდ კანადის ტერიტორიაზე გაეყვანათ, რაც ომის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გაკონტროლებას გააადვილებდა.
ინვესტორები ამ ჩანაფიქრს ეჭვის თვალით უყურებდნენ და რისკიან წამოწყებად მიიჩნევდნენ. მაგრამ 1875 წელს კანადის ნაციონალურმა რკინიგზამ დაიწყო პირველი გათხრები. 10 წლის შემდეგ ამ პროექტის განხორციელებას სერიოზული საფრთხე შეექმნა. რკინიგზას სესხად ჰქონდა აღებული 400 000 დოლარი, რომელიც 1885 წლის 10 ივლისს, დღის სამ საათზე უნდა დაეფარა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ამავე დღეს, დღის ორ საათზე, კანადის პარლამენტის გადაწყვეტილებით, რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად დამატებითი სესხი გაიცა.
სხვა დაბრკოლებები
ჩრდილოეთ ონტარიოში რკინიგზის ხაზის გაყვანისას მუშებმა 30 სანტიმეტრის სიღრმეზე კლდოვანი ნიადაგი აღმოაჩინეს. ამიტომ, საკმაოდ დიდ სიღრმეზე მოუწიათ მიწის ამოთხრა. ზამთარში ცენტრალურ კანადაში ტემპერატურა - 47 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას ქმნიდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყოველ წელს თოვლის სიმაღლე რამდენიმე მეტრს აღწევდა. დასავლეთით მდებარე კლდოვან მთებს შორის რკინიგზის
გაყვანა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდა მუშებს; „ისინი შეიძლება სრულიად მოულოდნელად გამოსალმებოდნენ სიცოცხლეს“. აუცილებელი გახდა გვირაბებისა და ხიდების აგება. წვიმაში, თოვლსა თუ ტალახში მათ ყოველდღე ათი საათი უნდა ემუშავათ.საბოლოოდ, 1885 წლის 7 ნოემბერს ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ იგლ-პასში რკინიგზის მშენებლობა დიდი ზარ-ზეიმის გარეშე დასრულდა. ამ სადგურს უწოდეს „კრეგელაკი“, შოტლანდიის ერთ-ერთი სოფლის სახელი, სადაც ერთ დროს მოსახლეობა აჯანყდა და ძნელბედობის ჟამს ისეთივე სიმამაცე გამოიჩინა, როგორიც მუშებმა რკინიგზის გაყვანისას. ამიტომ ეს ადგილი სიმამაცის სიმბოლოდ იქცა. როცა კანადის ნაციონალური რკინიგზის სადგურის გენერალურ დირექტორს სიტყვით გამოსვლა სთხოვეს, მან მოკლედ აღნიშნა: „ყველაფერი წარმატებით დასრულდა“.
ხალხმა შვებით ამოისუნთქა
ამ პროექტზე სამუშაოდ ჩაყვანილი ათასობით ჩინელი მუშა დაარწმუნეს, რომ სტაბილური სამუშაო ექნებოდათ. მუშაობა ხშირად ძალიან საშიში იყო, განსაკუთრებით კი კლდოვან მთებში. სანამ მუშებმა სახლში დასაბრუნებლად საჭირო თანხა არ შეაგროვეს, სახლში ვერ დაბრუნდნენ. ამასობაში, რამდენიმე წელი გავიდა და მშენებლობაც დასრულდა.
რკინიგზის გაყვანის შედეგად მრეწველობა და ვაჭრობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილშიც განვითარდა. ამან იქაური ცხოვრების წესიც შეცვალა; დაარსდა
პატარა თუ დიდი ქალაქები. ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად რეზერვაციებში გადავიდა. შეიცვალა სავაჭრო მარშრუტი და შესაბამისად, დაიხურა მცირე სავაჭრო ობიექტები, მაგალითად, გზისპირა ბარები. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობდნენ, რკინიგზის წყალობით მათ ამოისუნთქეს და აღარ უწევდათ ჭუჭყში, ტალახსა და თოვლ-ჭყაპში ხეტიალი. გარდა ამისა, საკვები პროდუქტები, რომელიც კანადაში წყნარი ოკეანის გავლით შემოჰქონდათ, რამდენიმე დღეში მიეწოდებოდა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებს.მართალია, მატარებლებით დღესაც სარგებლობენ მთელ კანადაში და ტვირთის დიდი ნაწილიც გადააქვთ, მაგრამ ავტომობილებისა თუ თვითმფრინავების გამოგონების შემდეგ მატარებლებზე მგზავრების რაოდენობა შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბევრი ჯერ კიდევ სარგებლობს კომფორტული მატარებლით, რათა თავი დააღწიოს 21-ე საუკუნის აურზაურს და გზად, ტორონტოდან ვანკუვერამდე, ბუნების ულამაზესი ხედებით დატკბეს. თუ ადრე რკინიგზამ ხალხის ცხოვრების ტემპი დააჩქარა, დღეს მათ ერთი სანაპიროდან მეორემდე „რკინის კლაკნილით“ მგზავრობისას შეუძლიათ დაისვენონ და რკინიგზის გაყვანის საინტერესო ისტორია გაიხსენონ.
[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]
იმედის მომცემი ცნობის ქადაგება
კანადის ზოგიერთ დასახლებამდე მისაღწევად რკინიგზა დღესაც ერთ-ერთი მთავარი გადასაადგილებელი საშუალებაა. ამიტომ, იეჰოვას მოწმეები სწორედ მატარებლებით სარგებლობენ, რომ შორეულ ტერიტორიებზე ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უქადაგონ (ესაია 9:6, 7; მათე 6:9, 10). ერთი მოწმე ამბობს: „მატარებელში ქადაგების დაწყება ძალიან ადვილია, რადგან ხალხი ინტერესდება, სად მივდივართ და რატომ“.
ერთი მოწმე, რომელიც ჩრდილოეთ ონტარიოში, ნიპიგონის ტბასთან მდებარე ინდიელთა ტომის ოჯიბვეს დასახლებაში ქადაგებდა, იხსენებს: „თუმცა ირგვლივ საუცხოო ხედები იშლებოდა, ჩვენს მეხსიერებაში უფრო მეტად ის ხალხი დარჩა, რომლებიც იქ გავიცანით. ზოგი გადასაადგილებლად თავიანთ კანოეებს გვაძლევდა და ნებას გვრთავდა, უფასოდ გვესარგებლა საკლასო ოთახით. მთელი დღის ქადაგების შემდეგ სწორედ ამ საკლასო ოთახში ვაყურებინებდით შეკრებილ ხალხს ვიდეოფილმს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ“.
[სურათი 16 გვერდზე]
ჯონ მაკდონალდი
[სურათი 17 გვერდზე]
რკინიგზის გაყვანა ურთულესი საქმე იყო
[სურათები 17 გვერდზე]
კლდოვან მთებს შორის არაერთი გვირაბისა და ხიდის აგება გახდა საჭირო
[სურათი 17 გვერდზე]
ტრანსკონტინენტური სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება კანადაში
[სურათი 18 გვერდზე]
„რკინის კლაკნილით“ მგზავრობა დღეს
[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]
Top: Canadian Pacific Railway (A17566); middle: Library and Archives Canada/C-006513
[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]
Top, left to right: Canadian Pacific Railway (NS13561-2); Canadian Pacific Railway (NS7865); Library and Archives Canada/PA-066576; bottom: Canadian Pacific Railway (NS1960)
[სურათის საავტორო უფლებები 18 გვერდზე]
Top: Canadian National Railway Company; right: Courtesy VIA Rail Canada Inc.