როგორ მოქმედებს სტრესი?
როგორ მოქმედებს სტრესი?
ალბათ, გულისცემა გიჩქარდებათ და წნევა გიწევთ, როცა ავტობუსზე ან მატარებელზე გაგვიანდებათ. ტრანსპორტს კიდეც რომ ვერ მიუსწროთ, მალე დამშვიდდებით და თქვენი გულისცემა მწყობრში ჩადგება.
სულ სხვაგვარადაა საქმე, როცა სტრესი დიდხანს გრძელდება. ამ დროს გარკვეული ხნის მანძილზე თავს იჩენს შინაგანი აფორიაქება, კუნთების დაძაბულობა, მაღალი არტერიული წნევა და ფაღარათი. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანია სტრესში და უჭირს მდგომარეობიდან გამოსვლა. მაგალითად, ბევრს მონოტონური სამუშაო უქმნის სტრესს. როგორ მოქმედებს სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე?
როგორ რეაგირებს ორგანიზმი სტრესზე?
დოქტორი არიენ ვან დერ მერვა აღწერს, როგორ მოქმედებს სტრესი ორგანიზმზე. სტრესის დროს ორგანიზმი უმალვე გამოიმუშავებს ნეიროქიმიურ ნივთიერებებსა და ჰორმონებს და, შესაბამისად, ორგანოები და ორგანოთა სისტემები სწრაფი მოქმედების რეჟიმში გადადის და გაძლიერებულად ფუნქციონირებს.
სტრესის დროს ორგანიზმი სრულიად განსხვავებულად რეაგირებს. ამ დროს ჩართულია ხედვის, ყნოსვისა და შეხების ორგანოები. თქვენი ტვინი ორგანიზმს მყისვე გადასცემს იმპულსებს და თირკმელზედა ჯირკვალი ძლიერ ჰორმონებს გამოყოფს. შედეგად, აქტიურდება როგორც კუნთები, ისე გული, ფილტვები და სხვა ორგანოები, რაც ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად ამზადებს.
ორგანიზმის ამგვარი რეაქცია სტრესზე ერთგვარი თავდაცვაა და თქვენი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. მაგალითად, მანქანის მოახლოებისას უმალვე რეაგირებთ და გზიდან გადადიხართ. მაგრამ გაუსაძლისი სტრესის დროს სულ სხვაგვარადაა საქმე.
სტრესი შეიძლება „მტრად“ გექცეთ
რა შეიძლება ითქვას, თუ თქვენი ორგანიზმი მუდმივად გააქტიურებულია? ამ დროს არ იხსნება კუნთების დაძაბულობა, პულსაცია აჩქარებულია, არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის შემცველობა კი მაღალია. სისხლში დიდხანს
რჩება ცხიმების, შაქრის, ჰორმონებისა თუ სხვა ნივთიერებების ჭარბი რაოდენობა. ორგანიზმში დაგროვებული ქიმიური ნივთიერებები არაადეკვატურ რეაქციებს იწვევს. ამ დროს ადამიანი ხან აღგზნებულია, ხან მშვიდია. აღგზნება არც თუ ისე ხშირია და მცირე ხანს გრძელდება. ეს სერიოზულად აზიანებს მთავარ ორგანოებს.გარდა ამისა, სტრესი იწვევს ზურგისა და თავის ტკივილს, კისრისა და სხვა კუნთების დაძაბულობას. ეს სიმპტომები განსაკუთრებით თავს იჩენს
ქრონიკული სტრესის დროს. სტრესულ სიტუაციაში უქვეითდებათ შემოქმედებითი უნარი და შრომისუნარიანობა, კარგავენ ენთუზიაზმს და უფუჭდებათ სხვებთან ურთიერთობა. სტრესი აგრეთვე იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, დიარეასა და საყლაპავის სპაზმს. ხანგრძლივმა სტრესმა შესაძლებელია უფრო სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს, მაგალითად, ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.„ხანგრძლივი სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს კორტიზოლს, რაც იწვევს მუცლისა და ზურგის მიდამოებში ცხიმის უჯრედების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას“, — ამბობს დოქტორი არიენ ვან დერ მერვა. სტრესის შედეგად შესაძლოა განვითარდეს კანის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი. ქრონიკული სტრესი იწვევს დეპრესიას, აგრესიას, გამოფიტვას, მეხსიერების დაქვეითებასა და კონცენტრირების უნარის დაკარგვას. ხანგრძლივი სტრესი იმუნიტეტზე მოქმედებს და არაერთ დაავადებას იწვევს, იქნება ეს უბრალო გაციება, კიბო თუ ავტოიმუნური დაავადებები.
სტრესი ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე საზიანოდ მოქმედებს. ამიტომ, კარგია, თუ გვეცოდინება, როგორ შევიმსუბუქოთ სტრესი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანაირი სტრესისგან უნდა გავთავისუფლდეთ.
სტრესი შეგვიძლია ენერგიით სავსე ცხენს შევადაროთ. ცხენით გასეირნება ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ, თუ ცხენი გაშმაგდა, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. მსგავსად, ზომიერი სტრესი გვმატებს სიცოცხლის ხალისს, ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას, გვაძლევს სტიმულს, რომ ვიყოთ შრომისუნარიანები, გულმოდგინეები და შემოქმედებითად მივუდგეთ საქმეს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მეტისმეტმა სტრესმა ცხოვრების ხალისი არ დაგვაკარგვინოს? მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია სტრესის შემსუბუქება.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედის ‘საოცარი ქმნილება’
ერთ-ერთი ცნობილი თეორიის თანახმად, ადამიანის რეაქცია სტრესზე განპირობებულია იმით, რომ პრეისტორიულ ადამიანს მამონტებისა და ეშვებიანი ვეფხვების დანახვაზე შიში იპყრობდა, მაგრამ სინამდვილეში სტრესზე რეაგირების უნარი ბრძენი შემოქმედის დამსახურებაა. მან ისე შექმნა ჩვენი ფიზიოლოგიური სისტემა, რომ სისხლის შედედების წყალობით ორგანიზმს აქვს სასწაულებრივი უნარი, ებრძოლოს ინფექციას და მოაშუშოს ჭრილობები. ორგანიზმის ასეთი რეაგირება სტრესზე კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ არსებობს ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედი.
ორგანიზმში მიმდინარე სასწაულებრივი პროცესები იმის დასტურია, რომ „საოცრად ვართ შექმნილი“ (ფსალმუნი 139:13—16). ღმერთმა ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე დიდი სიყვარულით იზრუნა და ისე შეგვქმნა, რომ სიცოცხლით დავმტკბარიყავით. ეს გვარწმუნებს იმაში, რომ დედამიწაზე სამოთხეში ტკივილი, გლოვა და სიკვდილი აღარ იქნება (გამოცხადება 21:3—5).
[დიაგრამა⁄სურათი 5 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ქრონიკული სტრესის საზიანო შედეგები
თავის ტკივილი
კბილების ღრჭიალი
კისრის ტკივილი
გულის დაავადება
სხვადასხვა ორგანოს წყლული
ზურგის ტკივილი
კუნთების დაძაბულობა