არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა გადაიხადოთ ფული რელიგიური მსახურებისთვის?

უნდა გადაიხადოთ ფული რელიგიური მსახურებისთვის?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა გადაიხადოთ ფული რელიგიური მსახურებისთვის?

მრავალ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ქრისტიანული თუ სხვა რელიგიების წინამძღოლები რელიგიური მსახურებისთვის საფასურს ითხოვენ. ისინი თანხას იღებენ ნათლობაში, საქორწინო თუ დაკრძალვის ცერემონიალში. მათი შემოსავალი შეიძლება ასობით და ზოგჯერ ათასობით დოლარსაც კი შეადგენდეს.

სამღვდელოების ზოგ წარმომადგენელს თავად მთავრობა უხდის ფულს სხვადასხვა საეკლესიო ცერემონიალისა თუ მღვდელმსახურების წესების შესრულებაში და ყოველდღიურად საკანონმდებლო სხდომების გახსნამდე ლოცვის წარმოთქმაში. მორწმუნეები შეიძლება მადლიერები არიან ასეთი მსახურებისთვის და ეკლესიებსაც შესაძლოა აქვთ ხარჯების დასაფარავი თანხები. მაგრამ იწონებს ღმერთი რელიგიური მსახურებისთვის საფასურის გადახდის ჩვეულებას, ან იმას, რომ ხალხს ავალდებულებენ თანხის გადახდას?

„სავაჭრო სახლი“

დედამიწაზე იესო ქრისტეს მსახურებისას იუდეველი რელიგიური წინამძღოლები და სხვები რელიგიური დღესასწაულების, განსაკუთრებით კი პასექის დროს, დიდ მოგებას ნახულობდნენ. იესო განსჯიდა მათ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მან „ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა“. იესომ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:14—16).

მსგავსი შემთხვევა წინასწარმეტყველ მიქას დროს ძვ. წ. VIII საუკუნეში მოხდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისრაელის რელიგიურმა წინამძღოლებმა ‘შეიძულეს სამართალი’; მღვდლები ‘საფასურისთვის ასწავლიდნენ’. უფრო მეტიც, ამ ყველაფერს ღვთის სახელით აკეთებდნენ. ისინი ამბობდნენ: „განა იეჰოვა არ არისო ჩვენთან?!“ (მიქა 3:9, 11). სინამდვილეში იეჰოვა შორს იყო მათგან. იეჰოვა არ იწონებდა მათ საქციელს და წინასწარმეტყველის მეშვეობით ამხელდა.

დღევანდელი რელიგიური წინამძღოლები მსგავს სიხარბეს ავლენენ და თავიანთ თაყვანისმცემლობის ადგილებს „სავაჭრო სახლად“ აქცევენ. რელიგიები ჩაბმულნი არიან კომერციაში და ხშირად სარგებლის მიღების მიზნით ხატებსა და სხვა საეკლესიო ნივთებს ყიდიან * (1 იოანე 5:21).

„უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“

მას შემდეგ, რაც იესომ დაავალა თავის მოციქულებს, ექადაგათ სასიხარულო ცნობა, განეკურნათ ავადმყოფები და მკვდრებიც კი აღედგინათ, ასეთი სიტყვები უთხრა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:7, 8). მის მიმდევრებს რელიგიური მსახურებისთვის საფასური არ უნდა მოეთხოვათ. იესომ თავად მისცა მათ უსასყიდლოდ ქადაგების მაგალითი.

პავლე მოციქულიც იესოს მაგალითს მიჰყვებოდა და უსასყიდლოდ აუწყებდა სასიხარულო ცნობას (1 კორინთელები 9:18). ის თავისი ხელობით, კარვების კერვით, ირჩენდა თავს (საქმეები 18:1—3). პავლეს საკუთარ თავზე და თავის მისიონერ თანამსახურებზე თამამად შეეძლო ეთქვა: „ჩვენ . . . ღვთის სიტყვით არ ვვაჭრობთ, როგორც მრავალნი“ (2 კორინთელები 2:17). მაგრამ როგორაა შესაძლებელი კრების საჭიროებებისთვის, მაგალითად, თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ადგილების დასაქირავებლად ან საყიდლად საჭირო თანხის მოძიება?

„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“

ღვთის თაყვანისმცემლობისთვის საჭირო ხარჯები ნებაყოფლობითი შესაწირავების მეშვეობით იფარება. იეჰოვას მოწმეები ამ პრინციპით მოქმედებენ: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). მოწმეები საფასურს არ იხდიან პუბლიკაციებში, ნათლობაში და ქორწილისა თუ დაკრძალვის ცერემონიალის დროს. მათ შეხვედრებზე არც მეათედის აკრეფა ხდება და არც შესაწირავების აკრეფის მიზნით თეფშის ჩამოტარება. ვისაც სურს საერთაშორისო სამქადაგებლო საქმისთვის შესაწირავის გაღება, შეუძლიათ თანხა ჩააგდონ შესაწირავის ყუთებში, რომლებიც სამეფო დარბაზებში თვალში მოსახვედრ ადგილას არ არის მოთავსებული.

მთელ მსოფლიოში გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავები ხმარდება იეჰოვას მოწმეების სამეფო თუ საკონგრესო დარბაზების, ფილიალებისა და სტამბების შენახვას, და სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა დახმარებას. ზოგი, იესოს მიერ მოხსენიებული გაჭირვებული ქვრივის მსგავსად, მცირე შესაწირავს იღებს (ლუკა 21:2). ზოგი კი ბევრს სწირავს. ისინი, ვინც ბიბლიური პრინციპებით მოქმედებენ და შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმს იღებენ, შინაგან კმაყოფილებასა და სიხარულს გრძნობენ, და ღვთის კურთხევებსაც არ არიან მოკლებულნი (საქმეები 20:35; 2 კორინთელები 8:12).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 იხილეთ 2008 წლის აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში ბიბლიის თვალსაზრისი: „უნდა გამოვიყენოთ გამოსახულებები თაყვანისცემისას?“

გიფიქრიათ?

● რა თქვა იესომ მათზე, ვინც ტაძარში ვაჭრობდა? (იოანე 2:14—16)

● იღებდა მოციქული პავლე საფასურს ღვთის მსახურებისთვის? (2 კორინთელები 2:17)

● როგორი სახის გაცემა უყვარს ღმერთს? (2 კორინთელები 9:7)

[ჩანართი 23 გვერდზე]

„გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:14—16)