არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიმსუბუქეთ სტრესი

შეიმსუბუქეთ სტრესი

შეიმსუბუქეთ სტრესი

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა. ალბათ, თქვენც დაეთანხმებით ამ სიტყვებს — დღეს მართლაც ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1).

ცეცხლის ჩაქრობა გაცილებით ადვილია მანამ, სანამ ყველაფერს მოედება. მსგავსად, ხანმოკლე სტრესთან გამკლავება უფრო ადვილია, ვიდრე ხანგრძლივ სტრესთან. ერთმა ექიმმა თქვა: „ცხოვრების დაძაბული რიტმის მიუხედავად, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, შევიმსუბუქოთ სტრესი“. *

ყოველდღიური სტრესის შემსუბუქებაში ორი რჩევა დაგეხმარებათ. პირველი, რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, შეამცირეთ სტრესის გამომწვევი მიზეზები. მეორე, შეეცადეთ დაიოკოთ ემოციები და მძაფრი რეაგირება არ მოახდინოთ სტრესზე, რომელიც თქვენგან დამოუკიდებლად იქმნება.

შეუძლია ბიბლიას დაგვეხმაროს სტრესთან გამკლავებაში?

როგორ გვეხმარება ბიბლია?

ბიბლიის ფურცლებზე ჩვენი შემოქმედის გამომაცოცხლებელ აზრებს ვკითხულობთ. ღვთის სიტყვა საუკეთესო ხელმძღვანელობას გვიწევს. მასში მოცემული სულიერი აზრები სტრესს საგრძნობლად გვიმსუბუქებს. ყოველდღიურ სტრესთან გამკლავებაში ღვთის შემდეგი სიტყვებიც გვეხმარება: „ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები“ (იესო ნავეს ძე 1:7—9).

ბიბლია აგრეთვე გვარწმუნებს, რომ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას ‘სათუთი გრძნობები აქვს და გულმოწყალეა’ (იაკობი 5:11). კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიცია ამბობს: „როცა ვფიქრობ ღვთის ნებასა და მის შემოქმედებაზე, სტრესი საგრძნობლად მიმსუბუქდება“.

წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა საუკუნეების წინათ იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული თბილი სიტყვები დაჩაგრულ და დატანჯულ ხალხს: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28—30).

იესო არ იყო მკაცრი. ის მხედველობაში იღებდა თავისი მოწაფეების ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას. იესო იმაზეც ზრუნავდა, რომ მათ მთელი დღის ქადაგების შემდეგ დაესვენათ (მარკოზი 6:30—32). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ზეციერი მეფე, იესო, მთელი გულით თანაგვიგრძნობს, როცა სტრესი ძალას გვაცლის. ის გულმოწყალებას ავლენს ჩვენ მიმართ და ‘დროულად გვეხმარება’ (ებრაელები 2:17, 18; 4:16).

კარგი ურთიერთობის ფასი

სტრესის შემსუბუქებაში ყველაზე მეტად კარგი ურთიერთობა გვეხმარება. ბიბლიაში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22). ბევრს მეუღლესთან, მეგობართან ან თანამშრომელთან საუბარი სტრესს უმსუბუქებს.

ამ დროს ყველაზე მეტად ღმერთთან გულახდილი საუბარი განუგეშებთ. თუ ყოველთვის მიმართავთ ღმერთს ლოცვით, არ დაიწყებთ ყველაფერზე წუხილს. ბევრმა ლოცვის წყალობით გაიაზრა, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“. ღვთის ამ დანაპირების გონებაში ჩაბეჭდვა მათ „გულებსა და გონებას“ იცავს (ფილიპელები 4:6, 7; იგავები 14:30).

ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ „ფსიქიკურად ისინი უფრო ჯანმრთელები არიან და სტრესსაც უფრო ადვილად უმკლავდებიან, ვისაც კარგი მეგობრები ჰყავს, ვიდრე ისინი, რომელთაც მარტო უწევთ ყველაფრის კეთება“. ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლებს საუკეთესო მეგობრობის გაწევა შეუძლიათ. ბიბლიური რჩევის თანახმად, ისინი რეგულარულად იკრიბებიან და ამხნევებენ ერთმანეთს (ებრაელები 10:24, 25). ერთი იეჰოვას მოწმე ამბობს: „ზოგჯერ საათობით ვმუშაობ და სულ სტრესში ვარ, მაგრამ კრების შეხვედრაზე დამამთავრებელი ლოცვის შემდეგ ვგრძნობ, რომ სტრესი მეხსნება“.

იუმორიც საგრძნობლად ხსნის სტრესს. ეკლესიასტეს 3:4-ში ნათქვამია, რომ არის „ტირილის დრო და სიცილის დრო“. სიცილი კარგ ხასიათზე გვაყენებს და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. როგორც ერთი ექიმი აღნიშნავს, „სიცილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, რაც ხელს უშლის ადრენალინის წარმოქმნას“. ერთი ქალი ამბობს: „ყველაზე სტრესულ სიტუაციებში ჩემი ქმარი ისეთ სასაცილო რამეს იტყვის, რომ დაძაბულობა მეხსნება“.

კარგი თვისებების შეძენა სტრესს ამცირებს

ბიბლია მოგვიწოდებს, შევიძინოთ კარგი თვისებები, რაც შეგვიმცირებს სტრესს. ამ თვისებებს ღვთის სიტყვაში „სულის ნაყოფი“ ეწოდება. ესენია: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი [და] თავშეკავება“. გარდა ამისა, ბიბლია გვირჩევს, რომ მოვიშოროთ „ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“. შემდეგ ვკითხულობთ: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (გალატელები 5:22, 23; ეფესოელები 4:31, 32).

ერთი ექიმი გვიხსნის, რატომ არის სასარგებლო, განსაკუთრებით ჩვენს დროში, ბიბლიური რჩევების გამოყენება. ის ამბობს: „სხვებისადმი პატივისცემის გამოვლენა საკმაოდ ამსუბუქებს სტრესს“. ბიბლიაში ისიცაა ნათქვამი, რომ სტრესთან გამკლავებაში მოკრძალებულობაც გვეხმარება. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე მოკრძალებული შეხედულება გვქონდეს (მიქა 6:8).

ღმერთს სურს, თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ფიზიკურად და გონებრივად გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ და ყველაფერს ჩვენი სურვილისამებრ ვერ გავაკეთებთ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, უარი ვთქვათ ისეთ სურვილებზე, რომლის შესრულებაც ჩვენს ძალას აღემატება.

ზემოთ მოცემული ბიბლიის რჩევების გამოყენების შემთხვევაშიც კი შეიძლება სრულიად ვერ გავთავისუფლდეთ სტრესისგან. სატანა ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღვთის თაყვანისმცემლები თავისი მზაკვრული მეთოდებით დააბრკოლოს და დაამტკიცოს, რომ ღვთის მსახურები გაუსაძლისი სტრესის დროს მიატოვებენ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისცემას (გამოცხადება 12:17). როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, სტრესის შესამსუბუქებლად ღმერთი არაერთი სახით გვიწევს დროულ დახმარებას. *

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 თუ სტრესი იმდენხანს გრძელდება, რომ ჯანმრთელობას ვნებს, კარგი იქნება, დახმარებისთვის ექიმს მიმართოთ.

^ აბზ. 20 ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ 2005 წლის 8 თებერვლის გამოიღვიძეთ!-ის სტატიათა სერიაში „განთავისუფლდით სტრესისგან“ და 2001 წლის 8 თებერვლის გამოიღვიძეთ!-ის სტატიათა სერიაში „როგორ გავუძლოთ დღევანდელი ცხოვრების რიტმს?“ (რუს.).

[ჩარჩო 9 გვერდზე]

როგორ შეგვიძლია სტრესის შემსუბუქება?

● ნუ მოითხოვთ სრულყოფილებას საკუთარი თავისგან და სხვებისგან (ეკლესიასტე 7:16).

● დაადგინეთ სწორი პრიორიტეტები (ფილიპელები 1:10, 11).

● ივარჯიშეთ რეგულარულად (1 ტიმოთე 4:8).

● დატკბით იეჰოვას შემოქმედებით (ფსალმუნი 92:4, 5).

● ცოტა ხნით განმარტოვდით (მათე 14:23).

● საკმარისად დაისვენეთ და გამოიძინეთ (ეკლესიასტე 4:6).

[სურათი 7 გვერდზე]

სტრესი რომ შეიმსუბუქოთ, დრო გამოყავით ურთიერთობისთვის

[სურათი 7 გვერდზე]

ღვთის მოსაწონი თვისებების შეძენა სტრესს ამცირებს