არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გათავისუფლებული ხართ!“

„გათავისუფლებული ხართ!“

„გათავისუფლებული ხართ!“

სამსახურში მას „სასწაულმოქმედ ფრედს“ * ეძახდნენ. მისმა ინოვაციურმა იდეებმა კომპანიას ექვსი წლის მანძილზე დიდი მოგება მოუტანა. ერთხელ ის უფროსმა გამოიძახა. ფრედი ფიქრობდა, რომ ხელფასს მოუმატებდნენ ან დააწინაურებდნენ, მაგრამ უფროსმა უკმეხად უთხრა: „გათავისუფლებული ხართ!“

ფრედი ყურებს არ უჯერებდა. იგი ამბობს: „მიყვარდა ჩემი საქმე და შემოსავალიც კარგი მქონდა, მაგრამ ერთ წამში ყველაფერი თავდაყირა დადგა“. მოგვიანებით, როცა ფრედმა მომხდარის შესახებ თავის ცოლს, ადელს მოუყვა, მას მოულოდნელობისგან ელდა ეცა. ადელი იხსენებს: „თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა. თავში სულ ის მიტრიალებდა, რით უნდა გვერჩინა თავი“.

ფრედის მსგავსად, მთელ მსოფლიოში ყოველ წელს მილიონობით ადამიანი კარგავს სამსახურს, როგორც ეს თანდართულ დიაგრამაზეა ნაჩვენები. ამ მშრალი რიცხვების მიღმა ძალიან დიდი ემოციური ტკივილი იმალება. რაული, პერუელი იმიგრანტი ნიუ-იორკის ერთ ფეშენებელურ სასტუმროში 18 წელი მუშაობდა, მაგრამ სამსახურიდან დაითხოვეს. ის ამაოდ ეძებდა სამუშაოს. „თითქმის 30 წელი მე ვინახავდი ოჯახს, — ამბობს ის. — მაგრამ ახლა არაფრის მაქნისი მგონია თავი“.

რაულის შემთხვევა კარგად აჩვენებს, რას გრძნობს ყველა უმუშევარი. სამსახურის დაკარგვა მხოლოდ ფინანსურად კი არ აზარალებს უმუშევრად დარჩენილს, არამედ ხშირ შემთხვევაში დიდ ემოციურ ტკივილსაც აყენებს. რენა, რომლის ქმარი, მეთიუ, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო უმუშევარი, ამბობს: „თუ არაფერი გაბადია, ხალხიც არაფრად გთვლის. ცოტა ხანში შენც სხვებივით იწყებ ფიქრს და უვარგისად მიიჩნევ საკუთარ თავს“.

ემოციურ ტკივილს იმაზე ფიქრიც ემატება, თუ როგორ გაიტანო თავი. ფრედი ამბობს: „როცა ფული გვქონდა, არასდროს გვიფიქრია ცხოვრების გამარტივებაზე, მაგრამ იგივე ხარჯები რომ დავფაროთ, იძულებული ვართ, გავიმარტივოთ ცხოვრება“.

სამუშაოს მოძებნამდე ემოციურ ტკივილს ვერ გაექცევით. ამას გარდა, ხელმომჭირნედაც მოგიწევთ ცხოვრება. ახლა განვიხილოთ ორი პრაქტიკული რჩევა, რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ემოციური ტკივილის შემსუბუქებაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ამ სტატიათა სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

[სქემა 3 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

2008 წლის მონაცემებით უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი სამ ქვეყანაში

იაპონია 2 650 000

ესპანეთი 2 590 000

აშშ 8 924 000