ესპანეთის სასამართლო იცავს დედის უფლებებს
ესპანეთის სასამართლო იცავს დედის უფლებებს
● როგორ იგრძნობდით თავს, თუ გეტყოდნენ, რომ დედობის ღირსი არა ხართ? ან თუ დაგადანაშაულებდნენ, რომ თქვენს შვილებს საზოგადოებასთან სრულფასოვანი ურთიერთობის საშუალებას არ აძლევთ, კარგისა და ცუდის გარჩევას არ ასწავლით და ამიტომაც არ არიან ინტელექტუალურად განვითარებული?
ესპანელ როსა ლოპესს, რომელიც ორი ქალიშვილის დედაა, სწორედ ასეთი ბრალდებები წაუყენა ყოფილმა ქმარმა, და მისი მეურვეობის უფლება ეჭვქვეშ დააყენა. როსა იეჰოვას მოწმეა და მისი ყოფილი ქმრის მტკიცებით, შვილებს საზოგადოებასთან თავისუფლად ურთიერთობის უფლებას არ აძლევს. გარდა ამისა, მისი თქმით, როსა ხელს უშლის ბავშვებს განათლების მიღებაში და ზნეობრივ ნორმებზე არასწორ შეხედულებებს უყალიბებს. როცა ადგილობრივმა სასამართლომ როსა გაამართლა, მისმა ყოფილმა ქმარმა საოლქო სასამართლოს მიმართა.
სასამართლო პროცესზე, რომელიც განიხილავს მშობლის მეურვეობის საკითხს, იურისტები ცდილობენ საქმე ისე წარმართონ, რომ მიკერძოებას არ ჰქონდეს ადგილი, პროცესი რელიგიურ დებატებს არ დაემსგავსოს და ვინმეს რწმენა განსჯის საგანი არ გახდეს. ასეთ პროცესზე შემდეგი საკითხები განიხილება: როგორი გადაწყვეტილების მიღება იქნება ბავშვისთვის საუკეთესო? რომელი მშობელი ახდენს ცუდ გავლენას ბავშვზე? რომელი მშობელი შეძლებს ბავშვზე საუკეთესოდ ზრუნვას?
სასამართლომ საქმის პროცესში ჩართო ფსიქოლოგი, რომელიც გაესაუბრა მშობლებსა და შვილებს. ფსიქოლოგის დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ექვსი წლის მანძილზე, როცა ბავშვები დედასთან იზრდებოდნენ, კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მშობლებთან თუ სხვებთან. ფსიქოლოგის დასკვნისა და მშობლების ჩვენების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ „იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ უმცირესობასთან ურთიერთობას არ მიუყენებია მათთვის ემოციური ზიანი და უარყოფითად არ ასახულა საზოგადოებასთან მათ ურთიერთობაზე“. სასამართლოზე აგრეთვე აღინიშნა, რომ როსას ყოფილი მეუღლის ბრალდებები „სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო“.
ზოგი საზოგადოებაში გავრცელებული რელიგიური დეზინფორმაციის გავლენაში მოექცა. მათი აზრით, იეჰოვას მოწმეთა შვილები ჯანსაღ გარემოში არ იზრდებიან. მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. პირიქით, მოწმეები შვილებს ისე ზრდიან, რომ იყვნენ ყველაფერში ზომიერები, მზრუნველები და ცხოვრებისთვის ყოველმხრივ მომზადებული (ეფესოელები 6:4; 2 ტიმოთე 3:15—17).
[სურათი 14 გვერდზე]
როსა ლოპესმა თავის ორ ქალიშვილზე მეურვეობის უფლება კანონიერად მოიპოვა