არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„უზარმაზარი მფრინავი მექანიზმი“

„უზარმაზარი მფრინავი მექანიზმი“

„უზარმაზარი მფრინავი მექანიზმი“

ალბატროსს „უზარმაზარ მფრინავ მექანიზმს“ უწოდებენ და არც თუ უსაფუძვლოდ. ოკეანის ყველაზე დიდი ფრინველის, ალბატროსის ფრთების შლილი 3 მეტრს აღწევს და ფრენის დროს საათში 115 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. ალბატროსი ხმელეთზე მოუქნელი ჩანს, მაგრამ ცაში ერთობ მოხდენილად ლივლივებს.

ალბატროსების 20 სახეობიდან დაახლოებით 15 ახალი ზელანდიის ოკეანის წყლებში ბინადრობს. ოტაგოს ნახევარკუნძულზე მდებარე ტაიაროას კონცხი ერთადერთი ადგილია მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც ალბატროსები მრავლდებიან.

ალბატროსის ერთ-ერთი სახეობა, სამეფო ალბატროსი 6—10 წლიდან იწყებს გამრავლებას და მთელი სიცოცხლის მანძილზე მრავლდება. ზოგი სახეობა ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრობს. ალბატროსი ორ წელიწადში ერთხელ დებს კვერცხს და გამრავლებამდე ოკეანის წყლებში ბინადრობს. მათ, ჩვეულებრივ, ერთი პარტნიორი ჰყავთ მთელი სიცოცხლის მანძილზე.

როგორც წესი, ბუდის გაკეთებას ისინი სექტემბრიდან იწყებენ, რაშიც მამალიც იღებს მონაწილეობას და დედალიც. ნოემბერში დედალი ჯდება კვერცხზე, რომელიც ნახევარ კილოგრამამდე იწონის. დაახლოებით 80 დღის მანძილზე დედალთან ერთად მამალიც ჯდება ბუდეში და თებერვლამდე მართვეს გამოჩეკვას ელოდებიან. შემდეგ მშობლები მონაცვლეობით ზრუნავენ თავიანთ პატარაზე და დაქუცმაცებულ თევზსა და კალმარებს აჭმევენ. ექვსი თვის მართვე შესაძლოა ბევრ ზრდასრულ ალბატროსზე მძიმე იყოს და 12 კილოგრამსაც კი იწონიდეს.

თითქმის ერთ წელიწადში მშობლები ტოვებენ ტაიაროას კონცხს და მორიგ გამრავლებამდე ოკეანეს უბრუნდებიან. ამასობაში, მართვეები ზედმეტ წონას იცილებენ, ბუმბულით იმოსებიან და დიდი წვალების შემდეგ ფრენას სწავლობენ. მომდევნო წლების განმავლობაში პატარა ალბატროსები ოკეანის წყლებზე პოულობენ თავშესაფარს. როცა წამოიჩიტებიან, ისევ ტაიაროას კონცხზე ბრუნდებიან. სანამ უფროსები „ბუდის მოწყობით“ არიან დაკავებული და მრავლდებიან, „ახალგაზრდა“ ალბატროსები თავს იწონებენ, ანცობენ და ფრენის ოსტატობას წარმოაჩენენ.

[ჩარჩო 25 გვერდზე]

სტუმრად სამეფო ალბატროსის კოლონიაში

ბავშვობიდანვე მხიბლავდა ალბატროსებზე მოყოლილი ისტორიები და როცა სამეფო ალბატროსების კოლონიაში სტუმრად დამპატიჟეს, სიხარულით დავთანხმდი. ქარიანი დღე იყო. როცა კოლონიას მივუახლოვდით, ცას ავხედეთ და თვალებით ალბატროსებს დავუწყეთ ძებნა. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია; მალე ცაზე ალბატროსები გამოჩნდნენ და დაგვატკბეს თავიანთი ლივლივით.

გზად დამთვალიერებელთა ჯგუფს შევხვდით. მათ გიდი ერთსაათიან ექსკურსიას უტარებდა. წარმოდგენილი ფიტულებიდან, სლაიდებიდან და ვიდეოჩანაწერებიდან ისიც შევიტყვეთ, რომ სამეფო ალბატროსს შეუძლია მთელი ცხოვრება ოკეანეში გაატაროს და წყალზე იძინოს კიდეც. ოკეანის ეს საოცარი ფრინველი შემოქმედის კიდევ ერთი შედევრია, რაც აღგვძრავს, ხოტბა შევასხათ ‘ყველაფრის შემქმნელ’ იეჰოვა ღმერთს (გამოცხადება 4:11).

[სურათი 24 გვერდზე]

მშობლები მონაცვლეობით ზრუნავენ თავიანთ პატარაზე და კვებავენ მას. ექვსი თვის მართვე შესაძლოა 12 კილოგრამსაც კი იწონიდეს

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ტაიაროას კონცხი, სამეფო ალბატროსის საცხოვრებელი

[სურათი 24 გვერდზე]

სამეფო ალბატროსს შეუძლია მთელი ცხოვრება ოკეანეში გაატაროს და წყალზე იძინოს კიდეც

[სურათის საავტორო უფლებები 23 გვერდზე]

Top: © David Wall/Alamy; bottom: © Kim Westerskov/Alamy

[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]

Background: © davidwallphoto.com; page 24, top: Tui De Roy/Roving Tortoise Photos; page 24, bottom: Courtesy Diarmuid Toman; page 25, albatross in flight: © Naturfoto-Online/Wolfgang Bittmann