არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გამოვნახო საერთო ენა ჩემს და-ძმებთან?

როგორ გამოვნახო საერთო ენა ჩემს და-ძმებთან?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გამოვნახო საერთო ენა ჩემს და-ძმებთან?

როგორ შეაფასებდი და-ძმებთან შენს ურთიერთობას?

․․․․․ საუკეთესო მეგობრები ვართ

․․․․․ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს

․․․․․ ერთმანეთის ატანა გვიწევს

․․․․․ სულ ვჩხუბობთ

ზოგს კარგი და-ძმობა აქვს. 19 წლის ფელიშა ამბობს: „ჩემი და ირენა 16 წლისაა. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ“. * 17 წლის კარლი იმავეს ამბობს თავის 20 წლის ძმაზე, ერიკზე: „მაგრად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ არასდროს ვჩხუბობთ“.

ბევრს ლორენისა და მარლას მსგავსი ურთიერთობა აქვს. ლორენი ყვება: „ჩხუბის მიზეზს ყოველთვის ვპოულობთ. ყოველ სიტყვაზე ვეკიდებით ერთმანეთს“. 12 წლის ელისი კი თავის 14 წლის ძმაზე, დენისზე ამბობს: „დენისი სულ ჩემს ნერვებზე თამაშობს. მივარდება ოთახში და დაუკითხავად იღებს ჩემს ნივთებს. სუფთა ბავშვია რა“!

შენც გიჭირს და-ძმებთან საერთოს გამონახვა? მართალია, მშობლები ზრუნავენ იმაზე, რომ ოჯახში სიმშვიდე იყოს, მაგრამ ადრე თუ გვიან თავად მოგიწევს უთანხმოებების დამოუკიდებლად მოგვარება. სჯობს ამის სწავლა ოჯახიდან დაიწყო.

ყველაზე ხშირად რის გამო ჩხუბობ საკუთარ და-ძმებთან? გადახედე ქვემოთ მოყვანილ მიზეზებს და აღნიშნე ✔ ჩარჩოში მოყვანილი რომელი კითხვები გეხება, ან თავად დაწერე სხვა მიზეზები, რის გამოც გამოდიხარ მწყობრიდან.

სხვის ნივთებში ქექვა. ჩემი და-ძმები დაუკითხავად იღებენ ჩემს ნივთებს.

ხასიათის შეუთავსებლობა. ჩემი და-ძმები ყოველთვის თავს მახვევენ საკუთარ აზრს და ჩემს ცხოვრებაში უხეშად ერევიან.

რამის უნებართვოდ გაკეთება. და-ძმები დაუკაკუნებლად შემოდიან ჩემს ოთახში და დაუკითხავად კითხულობენ ჩემს მესიჯებსა თუ იმეილებს.

სხვა ․․․․․

რთულია არ გაღიზიანდე, როცა შენი და-ძმა გამუდმებით გაბეზრებს თავს — სულ ჭკუას გასწავლის და უხეშად ერევა შენს პირადულ საქმეებში. ერთ ბიბლიურ იგავში ვკითხულობთ: „ცხვირის ჭყლეტით სისხლი გამოდის, რისხვის ჭყლეტით კი — ჩხუბი“ (იგავები 30:33). ისევე როგორც ცხვირში ჩარტყმისას წამოვა სისხლი, ასევეა გულში წყენის ჩადებისას — შეიძლება სულ პატარა მიზეზმაც კი გამოგიყვანოს მდგომარეობიდან. ასეთი რეაქცია სიტუაციას უფრო ამწვავებს (იგავები 26:21). როგორ შეგიძლია თავი ხელში აიყვანო და რისხვა არ გადმოანთხიო? ამაში პრობლემის მთავარი მიზეზის დანახვა დაგეხმარება.

პირში მიხლა თუ პრობლემის მიზეზის გარკვევა?

და-ძმებს შორის უსიამოვნება სახეზე გამოყრილ მუწუკებს ჰგავს. მუწუკი ადვილი შესამჩნევია კია, მაგრამ გამონაყარის მიზეზს ერთი შეხედვით ვერ დაადგენ. მსგავსად ამისა, და-ძმებს შორის უსიამოვნების მიღმა უფრო სერიოზული პრობლემა იმალება.

მუწუკი იმდენად არასასიამოვნო შესახედავია, რომ შეიძლება თავად შეეცადო მის ამორწყვას და მოიშორო კიდეც. მაგრამ ამით უფრო გაიუარესებ მდგომარეობას — შესაძლოა ინფექცია შეგეჭრას ან ლაქა დაგრჩეს. კარგი იქნება, თუ ჯერ გაიგებ, რა მიზეზით გამოგივიდა მუწუკი სახეზე და ამგვარად თავიდან აირიდებ გართულებებს. ზუსტად ასევეა უსიამოვნებების დროს. თუ თავიდანვე შეეცდები პრობლემის მიზეზის გარკვევას, საქმე ჩხუბამდე არ მივა. ამ დროს მეფე სოლომონის რჩევის გათვალისწინება არ იქნებოდა ურიგო: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ (იგავები 19:11).

კიდევ ერთხელ დაფიქრდი ზემოხსენებული ელისის შემთხვევაზე. ის თავის ძმაზე დენისზე ამბობს, რომ უვარდება ოთახში და დაუკითხავად იღებს მის ნივთებს. სწორედ ეს ხდება მათი ჩხუბის მიზეზი. მაგრამ შენ რას ფიქრობ, როგორ აირიდებდნენ ისინი თავიდან უსიამოვნებას? ალბათ, დაგვეთანხმები, რომ ამას ურთიერთპატივისცემით შეძლებდნენ. *

ელისი შეიძლება ფიქრობდა, რომ თუ დენისს პირში მიახლიდა, არასდროს შესულიყო მის ოთახში და არ აეღო მისი ნივთები, ამით გადაჭრიდა პრობლემას. ასეთი პირდაპირობა მორიგ კონფლიქტს გამოიწვევდა. მაგრამ, თუ ელისი სთხოვდა დენისს, პატივი ეცა მისთვის და დაუკითხავად არ აეღო მისი ნივთები, მათ აღარ დაეძაბებოდათ ურთიერთობა.

როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები?

მხოლოდ ის არ არის საკმარისი, გაარკვიო პრობლემის მთავარი მიზეზი. უნდა იცოდე, როგორ გადაჭრა პრობლემა, რომ მორიგ კონფლიქტს აარიდო თავი. ქვემოთ მოცემულია ექვსი რჩევა:

1. გაითვალისწინეთ ერთმანეთის თხოვნა. „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“, — დაწერა მეფე სოლომონმა (იგავები 15:22). გული რომ არ გაგიტყდეს, დაფიქრდი, რა იწვევს თქვენ შორის კონფლიქტს. ერთმა და იმავე პრობლემამ რომ არ იჩინოს თავი, ისეთ რამეზე შეთანხმდით, რის გაკეთებასაც რეალურად შეძლებთ. მაგალითად, როცა საქმე პირად ნივთებს ეხება, შეგიძლიათ ერთმანეთს უთხრათ: „გთხოვ, სანამ რამეს აიღებ, ყოველთვის მკითხე“. შეიძლება და-ძმისგან უარიც მიიღო: „ვერ გათხოვებ ამ ნივთს“. ასეთ შემთხვევაშიც კი პატივი ეცი მის აზრს. ამ დროს ყოველთვის გახსოვდეს იესოს რჩევა: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ეს პრინციპი დაგეხმარებათ, ისეთი მოთხოვნები წაუყენოთ ერთმანეთს, რომელთა შესრულებაც ორივეს გაგიადვილდებათ. მშობლებსაც შეეკითხეთ, რამდენად გონივრულია თქვენი მოთხოვნები (ეფესოელები 6:1).

2. თავად შეასრულე შენ მიერ წაყენებული მოთხოვნები. პავლე მოციქულმა დაწერა: „სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არა? ქადაგებ, არ მოიპაროო და იპარავ?“ (რომაელები 2:21). როგორ შეგიძლია ამ პრინციპის გამოყენება? თუ გსურს, და-ძმებმა პატივი სცენ შენს აზრს, თავად მოიქეცი შენი ნათქვამის თანახმად. მაგალითად, თუ მათ სთხოვ, ოთახში დაუკაკუნებლად არ შემოვიდნენ, მაშინ შენც იგივე გააკეთე. ან თუ სთხოვ, რომ შენი მესიჯები და იმეილები არ წაიკითხონ, შენც ნუ წაიკითხავ მათსას.

3. მაშინვე ნუ განაწყენდები! რატომ არის ეს რჩევა გონივრული? პასუხი ბიბლიურ იგავშია: „განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“ (ეკლესიასტე 7:9). თუ ადვილად ნაწყენდები, სიმშვიდეს დაკარგავ. ყოველთვის იტყვის შენი და ან ძმა ისეთ რამეს, რაც გაგაღიზიანებს. შენც ხომ გაგიღიზიანებია ისინი?! (მათე 7:1—5). ჯენი ყვება: „როცა 13 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ყოველთვის მე ვიყავი მართალი და ჩემი აზრის გატანა მინდოდა. ახლა იმავეს ჩემი პატარა და აკეთებს და ამიტომ არ ვბრაზდები მის ნათქვამზე“.

4. აპატიე და გულში წყენა არ ჩაიდო. სერიოზული უთანხმოების დროს უნდა გაარკვიო მიზეზი და განმუხტო სიტუაცია. მაგრამ არ იქნება კარგი, თუ ყველა წვრილმანზე გამოეკიდები შენს და-ძმას. თუ ‘გვერდს აუვლი დანაშაულს’, იეჰოვას გულს გაუხარებ (იგავები 19:11). 19 წლის ელისონი ამბობს: „მე და ჩემი და რეიჩელი ადვილად ვაგვარებთ უთანხმოებებს. ხშირ შემთხვევაში უმალვე ვიხდით ბოდიშს და მოგვიანებით ერთმანეთს ვუხსნით გაღიზიანების მიზეზს. ზოგჯერ მეორე დილამდე არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, რადგან არ გვინდა, ცხელ გულზე ერთმანეთს კიდევ უფრო ვატკინოთ გული. ამ დროს ბევრი ახსნა-განმარტებაც არ გვჭირდება. ასე გაცილებით გვიადვილდება, ვაპატიოთ ერთმანეთს და გულში წყენა არ ჩავიდოთ“.

5. დაეკითხე მშობლებს. თუ ვერ რიგდებით, მშობლებს სთხოვე დახმარება (რომაელები 14:19). გახსოვდეს, რომ შენს სულიერ მოწიფულობას ისიც განსაზღვრავს, მიმართავ თუ არა უთანხმოების დროს მშობლებს რჩევისთვის.

6. კარგი დაინახე შენს და-ძმებში. ალბათ, შენს და-ძმებს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც მოგწონს. ქვემოთ დაწერე, ყველაზე მეტად რომელი თვისება მოგწონს შენს და-ძმებში.

სახელი რომელი თვისება მომწონს

․․․․․ ․․․․․

ნაცვლად იმისა, რომ ოცდაოთხი საათი შენი და-ძმების ცუდ საქციელზე იბუზღუნო, გულწრფელად უთხარი, მათი რომელი თვისებები გხიბლავს (ფსალმუნი 130:3; იგავები 15:23).

თვალი გაუსწორე სინამდვილეს: არ გეგონოს, რომ პრობლემები თავისით მოგვარდება, როცა მშობლიური სახლიდან წახვალ. შენ გარშემო, სამსახურსა თუ სხვაგან, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი უხეში მოპყრობით, გულგრილობითა და ეგოისტური საქციელით გაგაღიზიანებენ. ოჯახი ის ადგილია, სადაც შეგიძლია ისწავლო უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარება. შეიძლება გიჭირს საკუთარ და-ძმებთან საერთოს პოვნა, მაგრამ შეეცადე, ამაშიც დადებითი დაინახო. სწორედ შენი და-ძმები გეხმარებიან ისეთი თვისებების განვითარებაში, რაც სამომავლოდ წაგადგება.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ძმამ ან დამ შეიძლება ყოველთვის ვერ გაგიწიოს ნამდვილი მეგობრობა (იგავები 18:24). მაგრამ თქვენ შეძლებთ კარგ ურთიერთობას, თუ ‘მოუთმენთ ერთმანეთს’ მაშინაც კი, თუ გაქვთ ‘ჩივილის მიზეზი’ (კოლოსელები 3:13). თუ ასე მოიქცევით, ერთმანეთს აღარ მოუშლით ნერვებს და საერთო ენასაც ადვილად გამონახავთ.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ზოგი სახელი შეცვლილია.

დაფიქრდი

● რატომ არის აუცილებელი, საკუთარი სიმართლის მტკიცების ნაცვლად პრობლემის მოგვარება ისწავლო?

● ამ ექვსი რჩევიდან ყველაზე მეტად რომელი გეხება პირადად შენ?

[ჩარჩო 27 გვერდზე]

 გაარკვიე პრობლემის მთავარი მიზეზი

გინდა ისწავლო, როგორ მოაგვარო და-ძმებთან უთანხმოებები? ამაში დაგეხმარება იესო ქრისტეს იგავი გზასაცდენილ შვილზე, რომელმაც დატოვა მშობლიური სახლი და თავისი ქონება გაფლანგა (ლუკა 15:11—32).

წაიკითხე ეს იგავი და ყურადღება მიაქციე, რა რეაქცია ჰქონდა უფროს ძმას, როცა გაიგო, რომ უმცროსი ძმა სახლში დაბრუნდა. ამის შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

რამ გამოიწვია უფროსი ძმის მწვავე რეაქცია?

შენი აზრით, რატომ ჰქონდა უფროს ძმას ასეთი რეაქცია?

როგორ შეეცადა მამა ამ უსიამოვნების მოგვარებას?

როგორ შეეძლო უფროს ძმას ამ პრობლემის მოგვარება?

ახლა დაფიქრდი შენსა და შენს და-ძმებს შორის წამოჭრილ უთანხმოებაზე. დაწერე პასუხები ქვემოთ მოცემულ კითხვებზე.

რამ გამოიწვია თქვენს შორის უთანხმოება?

როგორ ფიქრობ, რა იყო ამის ძირითადი მიზეზი?

როგორ უნდა მოიქცე, რომ თავიდან აირიდო მორიგი უთანხმოებები?

[ჩარჩო⁄სურათები 28, 29 გვერდებზე]

შენი თანატოლები ამბობენ . . .

„ძალიან მინდა, რომ მე და ჩემს დებს მთელი ცხოვრება კარგი ურთიერთობა გვქონდეს. მაგრამ ეს რომ ასე იყოს, დღესვე უნდა გავუწიო მათ კარგი მეგობრობა“

„ოჯახში ყველაფერს შეხმატკბილებულად ვაკეთებთ, ამიტომ არ გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა და ადრინდელივით აღარ ვკამათობთ“

„ზოგ რამეში ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა, მაგრამ ჩემი და მაინც ყველას მირჩევნია. არავისში გავცვლი ჩემს დაიკოს!“

„ჩემს და-ძმებთან ყველაზე თბილი მოგონებები მაკავშირებს. მათ გარეშე ყველაფერი ფასს დაკარგავს. ყველას, ვისაც ჰყავს და-ძმები, მინდა ვუთხრა: „იცოდეთ მათი ფასი და გაუფრთხილდით მათ“

[სურათები]

ტია

ბიანკა

სამანტა

მერლინი

[სურათი 27 გვერდზე]

და-ძმებს შორის უსიამოვნება სახეზე გამოყრილ მუწუკებს ჰგავს. მაშინვე ნუ შეეცდები მათ მოცილებას, ჯერ გაარკვიე გამონაყარის მიზეზი.