არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჰეპატიტი B — „ჩასაფრებული“ მკვლელი

ჰეპატიტი B — „ჩასაფრებული“ მკვლელი

ჰეპატიტი B — „ჩასაფრებული“ მკვლელი

„ოცდაშვიდი წლის ასაკში დავქორწინდი. სიცოცხლით სავსე ვიყავი და ჯანმრთელობას არ ვუჩიოდი. საკმაოდ სტრესული სამუშაო მქონდა. გარდა ამისა, ქრისტიანულ კრებაშიც ბევრი პასუხისმგებლობა მეკისრა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ღვიძლის სერიოზული დაავადება — B ჰეპატიტი მჭირდა“ (დუკ იუნი).

ღვიძლი სისხლს ფილტრავს მასში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ის 500-მდე სხვა მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს. სწორედ ამიტომ აყენებს სერიოზულ ზიანს ადამიანის ორგანიზმს ჰეპატიტი, ანუ ღვიძლის ანთება. ეს დაავადება ვითარდება ჭარბი ალკოჰოლის მოხმარებისა და ტოქსიკური ნივთიერებებით გაჯერებულ გარემოში დიდხანს ყოფნის შედეგად. უმეტეს შემთხვევებში კი ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი ვირუსებია. მეცნიერებმა გამოავლინეს ხუთი ასეთი ვირუსი და ვარაუდობენ, რომ კიდევ სამი არსებობს (იხილეთ  ჩარჩო ქვემოთ).

ჰეპატიტის გამომწვევი ხუთი ვირუსიდან მხოლოდ B ჰეპატიტის ვირუსი დაახლოებით 600 000 ადამიანს კლავს წელიწადში, რაც მალარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვს უტოლდება. B ჰეპატიტით დაინფიცირდა ორ მილიარდზე მეტი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი. დაინფიცირებულთა უმეტესობა რამდენიმე თვეში განიკურნა. დაახლოებით 350 000 000-ზე მეტი ადამიანის შემთხვევაში ამ დაავადებამ ქრონიკული სახე შეიძინა. მათ მთელი სიცოცხლე ამ დაავადებასთან ერთად უწევთ ცხოვრება. გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს სხვისი დაინფიცირების საშიშროება. *

დროულად გაწეულმა სამედიცინო დახმარებამ შესაძლოა თავიდან აარიდოს მოსალოდნელი სერიოზული გართულებები მათაც, რომლებსაც ქრონიკული ჰეპატიტი აქვთ. ბევრი მხოლოდ მაშინ იგებს, რომ B ჰეპატიტი სჭირს, როცა სისხლის სპეციალურ ანალიზს იკეთებს. დაავადება შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის აღების შემთხვევაშიც კი არ გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ უწოდებენ B ჰეპატიტს „ჩასაფრებულ“ მკვლელს; ის „მსხვერპლს“ თავს მოულოდნელად „ესხმის“. დაავადების სიმპტომები შესაძლოა ათწლეულების მანძილზეც კი არ გამოვლინდეს. როცა სიმპტომები თავს იჩენს, შესაძლოა უკვე განვითარებული იყოს ციროზი ან სიმსივნე. ეს დაავადებები სიცოცხლეს უსწრაფებს B ჰეპატიტით დაინფიცირებულ ყოველ მეოთხე ადამიანს.

„საიდან ავიკიდე B ჰეპატიტი?!“

„დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისას ოცდაათი წლის ვიყავი, — იხსენებს დუკ იუნი. — დიარეა მქონდა, ამიტომ კლასიკურ მედიცინას მივმართე. შედეგად მხოლოდ სიმპტომები მომეხსნა. მერე ექიმბაშთან წავედი, რომელმაც შინაგანი ორგანოების სამკურნალოდ რაღაც წამალი დამინიშნა. არც ერთ ექიმს არ გამოუკვლევია, მქონდა თუ არა ჰეპატიტი. რამდენადაც დიარეა გამიმწვავდა, ისევ კლასიკურ მედიცინას მივმართე. * ექიმმა ხელით გამსინჯა და მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი ვიგრძენი. სისხლის ანალიზმა გაამართლა ექიმის ეჭვი. აღმოჩნდა, რომ B ჰეპატიტი მქონდა. გავოგნდი, მე ხომ არც სისხლი გადამისხამს არასდროს და არც თავაშვებული ცხოვრებით მიცხოვრია!“

მას შემდეგ, რაც დუკ იუნმა თავისი დაავადების შესახებ შეიტყო, მისმა ცოლმა, შვილებმა და და-ძმებმა სისხლის ანალიზი ჩააბარეს. თითოეული მათგანის სისხლში აღმოჩნდა B ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინიც ამ ვირუსის მატარებლები იყვნენ. მათ გაუმართლათ, რადგან ორგანიზმმა დასძლია ვირუსი. ნათესავებისგან ხომ არ გადაედო დუკ იუნს ვირუსი? ყველა ერთად დაინფიცირდა? ცნობილი არაა საიდან შეეყარათ მათ ეს ვირუსი. როგორც წესი, B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელთა 35 პროცენტისთვის დაინფიცირების მიზეზი უცნობი რჩება. B ჰეპატიტი მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ის არც ყოველდღიური ურთიერთობით და არც საერთო ჭურჭლის მოხმარებით გადადის. თუ დაინფიცირებული ადამიანის სისხლი ან შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სითხე, როგორიცაა ნერწყვი, სპერმა, ან გამონადენი საშოდან, მოხვდება ჯანმრთელი ადამიანის კანის დაზიანებულ ზედაპირზე ან ლორწოვან გარსში, ვირუსი გადავა სისხლში და გამოიწვევს დაინფიცირებას.

დაბინძურებული სისხლის გადასხმის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი ინფიცირდება. განსაკუთრებით ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც B ჰეპატიტის კვლევა და დიაგნოსტიკა არც ისე ადვილი ან სრულიად შეუძლებელია. B ჰეპატიტის ვირუსის გადადების ალბათობა 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შიდს-ის გამომწვევი აივ-ი ვირუსის. ეს ვირუსი რომ შეგეყაროთ, სულ მცირე რაოდენობის დაინფიცირებული სისხლიც კი საკმარისია. მაგალითად, სამართებელზე მიმხმარი სისხლი კვირების მანძილზე ვირუსის გავრცელების კერაა. *

ნუ გარიყავთ!

„როცა სამსახურში გაიგეს, რომ B ჰეპატიტი მქონდა, პატარა ოფისი გამომიყვეს, თანამშრომლებთან რომ ნაკლები შეხება მქონოდა“, — იხსენებს დუკ იუნი. დაავადებულებთან ასეთი მოპყრობა ძალიან ხშირია. ამის მიზეზი შესაძლოა ის არის, რომ ბევრმა არ იცის, როგორ ვრცელდება ეს ვირუსი. ვინც კარგად იცის, რა სიმპტომები ახასიათებს B ჰეპატიტს, ის შეიძლება A ჰეპატიტში (ბოტკინი) აერიოს. A ჰეპატიტი უფრო გადამდებია, ვიდრე B ჰეპატიტი, თუმცა სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის სიცოცხლეს. B ჰეპატიტი სქესობრივი გზითაც ვრცელდება, ამიტომ მათ ზნეობასაც კი, ვისაც უზნეო ცხოვრებით არ უცხოვრია და ეს დაავადება სჭირს, ეჭვქვეშ აყენებენ.

სამწუხაროდ, ბევრი ამ დაავადების შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობს და ამიტომ გაუმართლებელი ეჭვები აქვს. მაგალითად, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა B ჰეპატიტით დაინფიცირებულებთან, ახალგაზრდასთან თუ ხნიერთან, ურთიერთობას გაურბიან. მშობლები ნებას არ რთავენ შვილებს, რომ მათთან ითამაშონ, სკოლები არ იღებენ ასეთ მოსწავლეებს, ხოლო დამსაქმებლებს სამუშაოზე არ აჰყავთ ისინი. ბევრს სხვებისგან გარიყვის შიშით არ სურს B ჰეპატიტზე გამოკვლევა, ან შეგნებულად არ ამხელს, რომ ამ ვირუსის მატარებელია. ზოგი როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას სასწორზე დებს. სწორედ ამ მიზეზით გადაეცემა ეს დაავადება თაობიდან თაობას.

დასვენების აუცილებლობა

დუკ იუნი გვიყვება: „ექიმმა დასვენება მირჩია. მხოლოდ ორი თვის შემდეგ დავბრუნდი სამსახურში. სისხლის ანალიზმა და ღვიძლის ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ციროზის ნიშნები არ მქონდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ ყველაფერი რიგზე იყო“. სამი წლის შემდეგ კომპანიამ დუკ იუნი სამუშაოდ დიდ ქალაქში გაგზავნა. ის ძალიან დაიტვირთა და სტრესიც მეტი ჰქონდა. ოჯახსაც დუკი არჩენდა და უფრო მეტი გადასახადების გადახდაც უწევდა.

რამდენიმე თვეში დუკის სისხლში კვლავ თავი იჩინა B ჰეპატიტის ვირუსმა. მან იგრძნო, რომ ძალა ეცლებოდა. „სამსახურის დატოვება მომიწია. ძალიან ვნანობ, რომ ჯანმრთელობას არ გავუფრთხილდი. თავი რომ დამეზოგა, ასეთ მდგომარეობამდე არ მივიდოდი“. ეს დუკ იუნისთვის კარგი გაკვეთილი იყო. ამის შემდეგ ის ნაკლებს მუშაობდა და ბევრ თანხასაც აღარ ხარჯავდა. დუკს ოჯახიც ეხმარებოდა. მისმა ცოლმაც იშოვა სამსახური და მათ ერთობლივი ძალებით გაჰქონდათ თავი.

ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება

მართალია, რაღაც პერიოდის განმავლობაში დუკ იუნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ მისი ღვიძლი ნელ-ნელა კარგავდა თავის ფუნქციას; მასში ფერხდებოდა სისხლის გადინება, რის გამოც მას წნევა უწევდა. თერთმეტი წლის შემდეგ დუკს პირიდან სისხლი წამოუვიდა. მიზეზი საყლაპავ მილში გამავალი ვენის გასკდომა იყო. ის დაუყოვნებლივ მოათავსეს საავადმყოფოში ერთი კვირით. ამ შემთხვევიდან ოთხი წლის შემდეგ დუკს დროდადრო გონება ებინდებოდა. მას აზოტმა აუწია, რადგან მისი ღვიძლი ვეღარ ფილტრავდა სისხლს. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

დღეს დუკ იუნი 54 წლისაა. ასაკის მატებასთან ერთად მას უფრო და უფრო უჭირს ამ დაავადებასთან ბრძოლა. ღვიძლის გასუფთავება ვირუსისგან ძლიერი ანტიბიოტიკებითაც კი შეუძლებელია. გარდა ამისა, ამ წამლებს გვერდითი მოვლენებიც აქვს. ერთადერთი გამოსავალი ღვიძლის გადანერგვაა, მაგრამ ესეც მორიგ სირთულესთან არის დაკავშირებული. ღვიძლის ტრანსპლანტაციის მსურველი ბევრია, დონორი კი ცოტა. დუკ იუნი თავის მდგომარეობას ასე აფასებს: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნაღმზე ვზივარ. მაგრამ ვხვდები, დარდით ვერას გავხდები. ცხოვრება გრძელდება. რაც მთავარია, მაქვს თავის დასადები ადგილი და მყავს შესანიშნავი ოჯახი. ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ახლა მეტი დრო მაქვს ოჯახთან ურთიერთობისთვის და ბიბლიის კითხვისთვის. ეს მეხმარება ნაკლებად ვიფიქრო ნაადრევ სიკვდილზე და იმედით ვუყურო მომავალს. დადგება დრო, როცა ავადმყოფობა წარსულს ჩაჰბარდება“. *

დუკ იუნის ოპტიმისტური განწყობის დამსახურებაა ის, რომ მისი ოჯახი ბედნიერია. დუკი, მისი ცოლი და სამი შვილი სრული დროით მონაწილეობენ ქრისტიანულ მსახურებაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 დაავადება მიიჩნევა ქრონიკულად, თუ იმუნური სისტემა ექვსი თვის მანძილზე ვერ დაძლევს ვირუსს.

^ აბზ. 7 „გამოიღვიძეთ!“-ი რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს.

^ აბზ. 9 დაავადებული ადამიანის სისხლი დაუყოვნებლივ უნდა მოიწმინდოს წყალში გაზავებული მათეთრებელი ხსნარით (კონცენტრაციით 1/10-ზე). სისხლის მოწმენდისას ხელთათმანები გაიკეთეთ.

^ აბზ. 18 ამ ბიბლიური იმედის შესახებ წაიკითხეთ გამოცხადების 21:3, 4 და იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

[ჩანართი 13 გვერდზე]

დროულად გაწეული სამედიცინო დახმარება თავიდან აგაცილებთ მოსალოდნელ სერიოზულ გართულებებს

[ჩანართი 14 გვერდზე]

ბევრს სხვებისგან გარიყვის შიშით არ სურს B ჰეპატიტზე გამოკვლევა, ან შეგნებულად არ ამხელს, რომ ამ ვირუსის მატარებელია

[ჩარჩო 12, 13 გვერდებზე]

 რა ტიპის ჰეპატიტები არსებობს?

ცნობილია ხუთი ტიპის ჰეპატიტი. აქედან ყველაზე გავრცელებული A, B და C ჰეპატიტებია. ვარაუდობენ, რომ ჰეპატიტის გამომწვევი სხვა ვირუსებიც არსებობს. ყველა ტიპის ჰეპატიტს ახასიათებს გრიპის მსგავსი სიმპტომები, რასაც შეიძლება თან ახლდეს სიყვითლე. ბევრ დაინფიცირებულს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, დაავადების არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. თუმცა, როცა B და C ჰეპატიტის სიმპტომები იჩენს თავს, როგორც წესი, ღვიძლი უკვე საკმაოდაა დაზიანებული.

A ჰეპატიტი

ამ ვირუსს A ჰეპატიტით დაავადებული ადამიანის ექსკრემენტები შეიცავს. ვირუსი ცოცხალი რჩება მარილიან წყალში, მტკნარ წყალსა თუ ყინულის ნატეხებში. A ჰეპატიტი შეგეყრებათ, თუ . . .

უმად მიირთმევთ ფეკალიებით დაბინძურებული წყლიდან ამოღებულ ზღვის პროდუქტებს, ან დალევთ ფეკალიების შემცველ წყალს.

ახლო ურთიერთობა გაქვთ დაავადებულთან, მაგალითად, ჭამთ ან სვამთ საერთო ჭურჭლიდან.

არ დაიბანთ ხელს ტუალეტის მოხმარების, A ჰეპატიტით დაავადებული ბავშვისთვის ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ და საჭმლის მომზადების წინ.

A ჰეპატიტი მწვავე დაავადებაა, მაგრამ არ არის ქრონიკული. უმეტეს შემთხვევაში ორგანიზმი რამდენიმე კვირაში ან თვეში ერევა ვირუსს. ამ დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია დასვენება და სწორი კვება. ალკოჰოლი, ასევე ისეთი წამლები, როგორიცაა პარაცეტამოლი, რთული გადასამუშავებელია ღვიძლისთვის. ექიმის ნებართვის გარეშე დაავადებულმა თავი უნდა შეიკავოს ასეთი პრეპარატების მიღებისგან. ვინც ერთხელ გადაიტანა ბოტკინი, შესაძლოა მეტად აღარ შეეყაროს ის, თუმცა არ არის დაზღვეული სხვა ტიპის ჰეპატიტისგან. ბოტკინის საწინააღმდეგო ვაქცინა თავიდან აგაცილებთ A ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებას.

B ჰეპატიტი

B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია დაავადებული ადამიანის სისხლი, სპერმა და გამონადენი საშოდან. ვირუსი მაშინ ვრცელდება, როცა სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ვირუსი გადაეცემა . . .

მშობიარობისას (დაავადებული დედა გადასცემს ახალშობილს)

ისეთი არასტერილური სამედიცინო ხელსაწყოების გამოყენებისას, რომლითაც შესაძლოა ისარგებლონ ქირურგებმა, სტომატოლოგებმა, ტატუირებისა და პირსინგის სპეციალისტებმა

ერთი და იგივე ნემსის, საპარსის, ქლიბის, მაკრატლის, კბილის ჯაგრისის ან ნებისმიერი ისეთი რამის საერთო მოხმარებისას, რაზეც შეიძლება დაავადებულის სისხლი მოხვდეს და სხვაც ადვილად დააინფიციროს

სქესობრივი ურთიერთობით

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ B ჰეპატიტის ვირუსი არ გადააქვთ მწერებს და არ ვრცელდება ხველებით, შეხებით, ჩახუტებით, ლოყაზე კოცნით, ძუძუთი კვებით და ჭამა-სმის დროს საერთო ჭურჭლის გამოყენებით. ზრდასრული ორგანიზმი უმკლავდება ამ ვირუსს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს მორიგი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. საქმე გაცილებით რთულადაა ბავშვებში. მათ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. სათანადო მკურნალობის გარეშე B ჰეპატიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაშლა და სიკვდილი.

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი B ჰეპატიტის მსგავსად ვრცელდება, ძირითადად, დაბინძურებული შპრიცის გამოყენების შედეგად. C ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ არ არსებობს ვაქცინა. *

[სქოლიო]

^ აბზ. 46 ამ დაავადების შესახებ დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე იხილეთ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე www.who.int

[ჩარჩო 14 გვერდზე]

ნუ დააინფიცირებთ თაობებს!

მართალია, B ჰეპატიტი მთელ მსოფლიოშია მოდებული, მაგრამ ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევებიდან დაახლოებით 78 პროცენტი აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე ფიქსირდება. ამ რეგიონში ყოველი მეათე ამ ვირუსის მატარებელია. უმეტესობა მათგანს ვირუსი დაბადებისთანავე დედისგან გადაეცა ან ადრეულ ასაკში სხვა ბავშვებისგან გადაედო. ახალშობილებისა თუ მათი ვაქცინით აცრა, ვისაც დაინფიცირების საფრთხე ემუქრება, საკმაოდ ეფექტურია და დაავადება თაობებს არ გადაეცემა. * იმ ქვეყნებში, სადაც B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომია, საგრძნობლად შემცირდა დაავადებულთა რაოდენობა.

[სქოლიო]

^ აბზ. 51 B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა სისხლის ფრაქციებიდან იყოს მიღებული. დაინტერესებულ მკითხველებს შეუძლიათ იხილონ 2000 წლის 15 ივნისისა და 1994 წლის 1 ოქტომბრის (რუს.) „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“. აგრეთვე იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვერდი 215, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 15 გვერდზე]

დუკ იუნი ცოლთან და სამ შვილთან ერთად

[სურათის საავტორო უფლება 12 გვერდზე]

© Sebastian Kaulitzki/Alamy