არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იურთები გადასაადგილებელი სახლები ცენტრალურ აზიაში

იურთები გადასაადგილებელი სახლები ცენტრალურ აზიაში

იურთები გადასაადგილებელი სახლები ცენტრალურ აზიაში

ცენტრალურ აზიაში მომთაბარე ხალხს რომ ჰკითხოთ, რა არის რბილი, მომრგვალო, ზამთარში თბილი, ზაფხულში კი გრილი, უეჭველად გიპასუხებენ, რომ ეს არის იურთი. ამ ტრადიციულ სახლებს ერთ დროს ყველგან ნახავდით — მონღოლეთისა და ყაზახეთის სტეპებიდან მოყოლებული ყირგიზეთის მთა-ბარით დამთავრებული.

იურთი მომრგვალო, კარვის მსგავსი კონსტრუქციაა. მისი შიდა კედლები მორთულია ლერწმის ჭილოფებით, გარეთა კედლებს კი რამდენიმე შრედ მატყლის ქეჩები აქვს შემოკრული. იურთები მსუბუქი სატარებელი და ადვილად ასაწყობია; ამავე დროს, ის გამძლე და მოსახერხებელია როგორც ცივ ზამთარში, ისე ცხელ ზაფხულში. ყირგიზები იურთს „ნაცრისფერ სახლს“ უწოდებენ, ყაზახები — „ქეჩის სახლს“, ხოლო მონღოლები — „გერს“ ანუ სახლს.

იურთები შეიძლება იყოს მონაცრისფრო-მოყავისფრო ან ქათქათა თეთრი, რაც მატყლის ფერზეა დამოკიდებული. ყირგიზული და ყაზახური იურთები ხშირად მორთულია ხასხასა ფერებად შეღებილი შალის ქსოვილებით, რომლებზეც ვერძის რქაა გამოსახული. ადრე იმ ოჯახებს, ვისაც ლამაზი საბნები და ქეჩის ჭილოფები ჰქონდა, მდიდარ და პატივდებულ ოჯახებად მიიჩნევდნენ.

იურთის ძირითადი ნაწილია ცენტრალური რგოლი ანუ თვალი, რომელზეც სახურავის წვრილი ძელები ერთდება. ეს მყარი და მძიმე რგოლი კონსტრუქციას სიმტკიცეს უნარჩუნებს. რგოლს ფარავენ ქეჩით, რომელიც შეიძლება გადაიხადოს იურთის გასანიავებლად, ან დაიხუროს ცივ ამინდში. ღამით, როცა ცა მოწმენდილია, ზოგი სახურავს ქეჩას ხდის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სილამაზით ტკბება.

იდეალური მომთაბარე ცხოვრებისთვის

მომთაბარე ცხოვრებას ზოგი დღესაც ეწევა ყაზახეთის, ყირგიზეთისა და მონღოლეთის შორეულ მხარეებში. თავის წიგნში „იურთები — ცხოვრება მრგვალ სახლებში“, ბეკი კემერი, მოგვითხრობს, რომ მონღოლეთში აქლემებს დღემდე იყენებენ იურთების გადასაზიდად. ის წერს: „კარკასს ერთ აქლემს ჰკიდებენ ისე, რომ სიმძიმე ორივე მხარეს თანაბრად განაწილდეს. სახურავის რგოლს სულ ბოლოს დებენ. ის კარგად ეცმევა კუზზე. მეორე აქლემს ქეჩებს ჰკიდებენ. იქ სადაც აქლემები არ ჰყავთ, მწყემსებს იაკზე (ტიბეტური ხარი) ან ცხენებზე შებმული ურმით გადააქვთ იურთი; შორ მანძილზე გადასატანად ზოგჯერ რუსულ სატვირთო მანქანებსაც იყენებენ“.

მონღოლურ იურთებს სწორი ძელები და შედარებით ბრტყელი სახურავი აქვს, რისი წყალობითაც ტრიალ მინდორში ძლიერ ქარებსა და მეხის დაცემას უძლებს. ყირგიზული და ყაზახური იურთები უფრო დაქანებული და მომრგვალებულია. მზის სხივებმა შიგნით ადვილად რომ შეაღწიოს, ჩვეულებრივ, იურთებს ისე დგამენ, რომ შესასვლელი მზისკენ იყოს მიმართული. შესასვლელის პირდაპირ, ბოლოში დგას ხის კომოდი, რომელზეც მყვირალა ფერის მოქარგული ქეჩის ხალიჩები და საბნები აწყვია. როგორც წესი, საპატიო სტუმარს ან ოჯახის უფროსს მის წინ სვამენ.

იურთის მარჯვენა მხარე ქალებისთვისაა განკუთვნილი. აქ აწყვია სამზარეულოს, სამრეცხაოს, საკერავი და მატყლის დასამუშავებელი ნივთები. მარცხენა მხარე კაცებისთვისაა. იქ ნახავთ უნაგირებს, მათრახებს, სანადირო იარაღებსა თუ ცხოველების მოსავლელად განკუთვნილ საგნებს.

პოლიტიკურ ქარცეცხლს გადარჩენილი

1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ მომთაბარე ხალხის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მთელ ცენტრალურ აზიაში საბჭოთა მთავრობამ ააგო სკოლები, საავადმყოფოები, გაიყვანა გზები და ამგვარად ხალხს ერთ ადგილას დამკვიდრების საშუალება მიეცა.

დროთა განმავლობაში ბევრმა ადგილობრივმა მიატოვა მომთაბარე ცხოვრების წესი და სოფლებსა და ქალაქებში დასახლდა. თუმცა იურთებს დღესაც იყენებენ მწყემსები ზაფხულობით, როცა მიბარებულ ცხვარ-ძროხასა და ცხენებს აბალახებენ.

მაკსატი, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა და ყირგიზეთში ცხოვრობს თავის ახალგაზრდობას იხსენებს: „მოზარდი რომ ვიყავი, მამაჩემს მიბარებული საქონლის მწყემსვაში ვეხმარებოდი. ივლისში, თოვლი რომ გადნებოდა და გზები გაიხსნებოდა, საქონელს მთის საძოვრებზე მივერეკებოდით. იურთს მთის ნაკადულის გვერდით ვაწყობდით, რათა საჭმლის დასამზადებლად, სარეცხის გასარეცხად და საბანაოდ საკმარისი წყალი გვქონოდა. იქ აცივებამდე, ოქტომბრის დასაწყისამდე ვრჩებოდით“. ასე რომ, იურთებს თანამედროვე საზოგადოებაშიც იყენებენ.

თანამედროვე იურთი

ყირგიზეთში, ისევე როგორც ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში, გზის პირას აუცილებლად ნახავთ იურთებს. მათ მაღაზიებად და კაფეებად იყენებენ, სადაც ტურისტებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალება ეძლევათ. სტუმრებს შეუძლიათ ყირგიზეთის მთებში ან მტკნარი ტბის ისიკ-ყულის მახლობლად იურთში ღამე გაათიონ და ყირგიზების ტრადიციულ ყოფა-ცხოვრებას გაეცნონ.

ცენტრალურ აზიაში იურთს ტრადიციული დაკრძალვის ცერემონიალებზეც იყენებენ. მაკსატი ამბობს: „ყირგიზეთში მიცვალებულს იურთში ასვენებენ, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები მის დასატირებლად მიდიან“.

ბოლო დროს იურთები დასავლეთის ქვეყნებშიც გამოჩნდა. ზოგი იურთს პოპულარიზაციას უწევს, როგორც პრაქტიკულ სახლს, რომელიც გარემოს და ხალხს ნაკლებ პრობლემებს უქმნის. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე იურთების უმეტესობა საკმაოდ განსხვავდება ძველი დროის იურთებისგან. დღეს მათ თანამედროვე ტექნოლოგიითა და მასალით აგებენ და ხშირად მუდმივ საცხოვრებლად იყენებენ.

იურთების წარმოშობის ზუსტი ისტორია ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფასეული კონსტრუქციაა. იურთის შექმნა ცენტრალური აზიის მომთაბარე ხალხების ცხოვრების წესმა განაპირობა და იგი, უდავოდ, ამტანი და შემგუებელი ხალხის გამომგონებლურ უნარზე მოწმობს.

[სურათი 17 გვერდზე]

იურთები ყირგიზეთის ცნობილი ტბის ისიკ-ყულის გასწვრივ