არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პაწაწინა რკოსგან აღმოცენებული უზარმაზარი მუხა

პაწაწინა რკოსგან აღმოცენებული უზარმაზარი მუხა

პაწაწინა რკოსგან აღმოცენებული უზარმაზარი მუხა

პაწაწინა რკო, რომელიც ჭიქაში ჩადებულ მინიატურულ კვერცხს მოგვაგონებს, ხეზე თავს ვეღარ იმაგრებს და მიწაზე ვარდება. მოუსვენარი ციყვი მას მიწაში მალავს, მაგრამ მერე რატომღაც ავიწყდება. თესლი მიწაში ღივდება და დროთა განმავლობაში დიდებულ მუხის ხედ იქცევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტყეებს ამშვენებს.

მუხა, რომელიც ხშირად მოიხსენიება ისტორიულ წყაროებსა და მითებში, ათ საუკუნეზე მეტს ცოცხლობს და ზოგი მათგანი 40 მეტრამდე იზრდება. ჩვეულებრივ, ბებერ მუხას მასიური ტანი და განზე გართხმული ტოტები აქვს. დიდ ბრიტანეთში მუხის ორი სახეობაა გავრცელებული, მთელ მსოფლიოში კი — დაახლოებით 450. ყველა მათგანი თესლით, პაწაწინა რკოთი ამოიცნობა.

სხვა ხეებთან შედარებით, მუხა უამრავი სახეობის ცოცხალ ორგანიზმს მასპინძლობს. მასზე მწერების არაერთი სახეობა ბინადრობს. ზაფხულობით მუხლუხები სიამოვნებით შეექცევიან მის რბილ ფოთლებს. მაგრამ მუხა თავს ასე ადვილად არავის შეაჭმევინებს. მისი ზრდადასრულებული ფოთოლი გამოყოფს ტანინს, მთრიმლავ ნივთიერებას, რაც მწერებს ჭამის მადას უკარგავს.

ხეზე დაუსახლებელ ადგილს თითქმის ვერ ნახავთ. მუხაზე მობინადრე ათასგვარი მწერი უამრავ ფრინველსა და ობობას იზიდავს. ხოჭოები ბურღვით ცდილობენ სქელი დახეთქილი ქერქის ქვეშ დაბინავებას. ხის ფუღუროში ბუები და ღამურები იდებენ ბინას. თაგვები, მემინდვრიები, კურდღლები, მაჩვები და მელიები მის ძირში აფარებენ თავს.

მუხამ იცის, როგორ მოიშოროს თავიდან ჩამოცვენილი ფოთლები და რკოები. ყოველწლიურად ზრდასრული ხიდან დაახლოებით 250 000 ფოთოლი ცვივა. სოკო და ბაქტერია ჩამოცვენილ ფოთლებს შლის, რის შედეგადაც საკვები ნივთიერებები კვლავ ნიადაგს უბრუნდება. რამდენიმე წელიწადში მუხის ხეს შეუძლია 50 000-მდე რკო მოისხას, რომელთა უმეტესობას ფრინველები და ცხოველები ჭამენ. ტკიპები და ხოჭოები ხეს გამხმარ ნაწილებს აშორებენ, სოკოები კი მისი ქერქით იკვებებიან.

მუხა ძალიან ძლიერი და გამძლე ხეა. ბრიტანეთის ფლოტს, რომელიც წლების მანძილზე იყო ზღვაზე გაბატონებული, სწორედ მუხისგან აგებული ძლიერი საზღვაო გემები ჰყავდა. ამ ხისგან აგებულ სახლებსა და დამზადებულ ავეჯს ოდითგანვე უპირატესობას ანიჭებენ. ის იდეალური მასალაა კასრების დასამზადებლად, რომელშიც ლუდსა და ღვინოს აძველებენ.

მუხა დღესაც დიდად ფასობს. ეს ხე, რომელიც ბრიტანეთის ბუნების განუყოფელი ნაწილია, გულგრილს არავის ტოვებს თავისი სიძლიერის, საიმედოობისა და სიმტკიცის გამო. პაწაწინა რკოსგან უზარმაზარი ხე იზრდება, რაც ბუნების კიდევ ერთი საოცრებაა.

[სურათი 18 გვერდზე]

ზოგიერთი მუხა ათ საუკუნეზე მეტს ცოცხლობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია, გარშემოწერილობა კი — დაახლოებით 12,3 მეტრი

[სურათის საავტორო უფლებები 18 გვერდზე]

Tree: © John Martin/Alamy; acorn: © David Chapman/Alamy