არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ გვეუფლება მარტოობის გრძნობა?

რატომ გვეუფლება მარტოობის გრძნობა?

რატომ გვეუფლება მარტოობის გრძნობა?

მარტოობა და განმარტოება განსხვავებული ცნებებია. ერთი ლექსიკონის თანახმად, მარტოობა ნიშნავს „ეულად ყოფნას ურთიერთობის დიდი სურვილის მიუხედავად“, ხოლო განმარტოება — „საკუთარი ნება-სურვილით . . . ხალხთან ურთიერთობის გაწყვეტას“.

ხანდახან განმარტოება კარგია. ბევრი ამ დროს ლოცულობს და ფიქრობს. ამ მიზნით იესოსაც უყვარდა განმარტოება (მათე 14:13; ლუკა 4:42; 5:16; 6:12). მარტოობა კი მტანჯველი გრძნობაა. რატომ ეუფლებათ ადამიანებს მარტოობის გრძნობა?

მარტოობა დიდ ქალაქებში

დიდ ქალაქებში ათასობით თუ მილიონობით ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ ცხოვრობს. მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, ეს ხშირად მარტოობის მიზეზი ხდება. ქალაქის გაცხოველებული რიტმი ბევრს მეზობლების გაცნობაში ხელს უშლის. ასე რომ, ქალაქელები მთელი ცხოვრება უცხო ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობენ. უცნობი ადამიანებისადმი საყოველთაოდ გავრცელებული უნდობლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სურვილიც დიდ როლს თამაშობს ამ ნეგატიური გრძნობის წარმოქმნაში.

არაადამიანური მუშაობის მეთოდები

ბევრ კომერციულ კომპანიასა თუ საწარმოს მართვის ისეთი სისტემა აქვს, რომ თანამშრომლებს, განურჩევლად რანგისა, არასრულფასოვნებისა და მარტოობის გრძნობა ეუფლებათ. მრავალი დასაქმებული პირი მუდმივ დაძაბულობასა და სტრესს განიცდის.

გარდა ამისა, დიდ კომპანიებში სამუშაო ადგილების სისტემატური ცვლა თანამშრომლებს საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს და განცალკევებისა და მარტოობისკენ უბიძგებს. ზოგ ფრანგულ კორპორაციაში პერსონალის გახშირებული თვითმკვლელობის შესახებ, გაზეთმა „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნმა“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მუდმივ ეკონომიკურ ცვლილებებთან შეგუება [ფრანგი თანამშრომლების] შესაძლებლობების ზღვარს ცდება“.

ცივი ურთიერთობები

იაპონიაში მოღვაწე პროფესორი ტეტსურო საიტო ამბობს: „ადამიანები ურთიერთობის უნარს კარგავენ, რადგან მათ შორის მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები ჩადგა“. ავსტრალიაში გამომავალი გაზეთი „სანდი ტელეგრაფი“, იუწყებოდა: „ტექნიკამ . . . ადამიანები საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტა. პირისპირ საუბარი ელექტრონულმა ფოსტამ და SMS-მა შეცვალა“.

საფრანგეთში მცხოვრები 21 წლის რეიჩელი გვიზიარებს, რატომ გრძნობს თავს მარტოდ: „ადამიანები არ ცდილობენ შენთან პირისპირ ლაპარაკს, რადგან ტექსტური შეტყობინებებით, ჩეთ-რუმებში საუბრებითა და ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილებით კმაყოფილდებიან. ასეთი ურთიერთობა კი მარტოობის გრძნობას უფრო მიმძაფრებს“.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ხალხის მასიური გადაადგილება გამოიწვია. სამსახურის შენარჩუნებისა თუ ახალი სამუშაოს ძიებაში ბევრი იძულებულია, ხშირად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებლის შეცვლა კი გარდაუვალს ხდის მეზობლებთან, მეგობრებთან, კლასელებთან და ზოგჯერ ოჯახის წევრებთან განშორებას. ხშირად მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტილი კაცი უცხო გარემოში ისეა, როგორც უფესვოდ გადანერგილი მცენარე.

ფრანსისს კარგად ახსოვს ის დღე, როცა განიდან საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის ყვება: „ენობრივი ბარიერის, მეგობრების სიმცირისა და ცივი კლიმატის გამო, თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი“.

ინგლისში ჩასული იმიგრანტი, ბეჯატი, გვიზიარებს: „ძალიან გამიჭირდა ადგილობრივ კულტურასთან შეგუება. მყავდა ნაცნობები, მაგრამ მეგობრები და ოჯახის წევრები, ვისაც გულიანად დაველაპარაკებოდი და ჩემს გრძნობებს გავუზიარებდი, გვერდში არ მყავდა“.

საყვარელი ადამიანის დაკარგვა

მეუღლის სიკვდილი დიდი დანაკარგია. ეს განსაკუთრებით რთული ასატანი მისთვის არის, ვინც დიდი ხნის მანძილზე უვლიდა ავადმყოფ მეუღლეს. ხშირად ამ დროს ადამიანის სულში მარტოობის გრძნობა ისადგურებს.

ფერნანდი, პარიზში მცხოვრები ქვრივი, თავის ტკივილს გვიზიარებს: „მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, და რა რთულია, რომ მას გულისნადებს ვეღარ ვუზიარებ“. ანისაც უმძიმს გარდაცვლილ მეუღლესთან განშორება. ის ამბობს: „უიმისობას განსაკუთრებით მაშინ განვიცდი, როცა ჯანმრთელობასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებები მაქვს მისაღები“.

განქორწინება, ცალ-ცალკე ცხოვრება და დაუქორწინებლობა

განქორწინება ან მეუღლისგან განცალკევებით ცხოვრება ხშირად მარტოობისა და იმედგაცრუების გრძნობას ბადებს. დღეს, ისე როგორც არასდროს, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ განქორწინების შედეგად ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. მათი აზრით, განქორწინებული მშობლების შვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რომ ზრდასრულ ასაკში მარტოობის გრძნობა განუვითარდეთ.

მარტოობის განცდა პერიოდულად ისეთებსაც ეუფლებათ, ვინც თავის შესაფერ ცხოვრების მეგზურს ვერ პოულობს. მარტოობის გრძნობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როცა დაუქორწინებლები უტაქტო რეპლიკებს ისმენენ, მაგალითად, რატომ არ ქმნი ოჯახს, არ გინდა ბედნიერი იყო?

მარტოობის გრძნობა მარტოხელა მშობლებისთვისაც არ არის უცხო. მშობლობა დიდი სიხარულია, თუმცა თან სირთულეებიც ახლავს, რომელთა გადალახვა მარტოხელა მშობელს მარტო უწევს.

ხანდაზმულობა და ახალგაზრდული გამოუცდელობა

მოხუცები ხშირად გრძნობენ თავს მარტოდ, მაშინაც კი, როცა ოჯახის წევრებისგან ყურადღება არ აკლიათ. დროდადრო მათ შეიძლება ნათესავები ან მეგობრები აკითხავენ, მაგრამ ხანდახან დღეები ან კვირები ისე გადის, რომ მათ სანახავად არავინ მიდის.

მარტოობა ახალგაზრდებსაც ტანჯავთ. ბევრი მარტო ერთობა — უყურებს ტელევიზორს, თამაშობს ვიდეოთამაშებს და კომპიუტერის წინ უამრავ საათს მარტო ატარებს.

არსებობს ამ პრობლემიდან გამოსავალი? როგორ დავაღწიოთ თავი მარტოობას?

[ჩანართი 5 გვერდზე]

„ენობრივი ბარიერის, მეგობრების სიმცირისა და ცივი კლიმატის გამო, თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი“