არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ერთი გამოკითხვის თანახმად, 15-დან 64 წლამდე ასაკის ბრაზილიელი მამაკაცების 10,3 პროცენტს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტით გაცნობილ სულ მცირე ერთ ადამიანთან მაინც ჰქონდა სექსი (ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო).

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე დიდი ხნის მანძილზე დაახლოებით 80 მეტრი სისქის ყინულის საფრით იყო დაფარული. ამჟამად ეს „მრავალწლიანი ყინული . . . თითქმის დამდნარია, რაც პოლარული საზღვაო გზების გახსნას შეუწყობს ხელს“ (REUTERS NEWS SERVICE, კანადა).

მოსკოვმა და ვატიკანმა ურთიერთ შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გამოაცხადა („რია ნოვოსტი“, რუსეთი).

კილიმანჯარომ, აფრიკის უმაღლესმა მთამ, „2000—2007 წლებში ყინულის საფრის 26 პროცენტი დაკარგა“ (DAILY NATION, კენია).

ინდივიდუალისტები მაგრამ დეპრესიულები

გამოკვლევების თანახმად, მსოფლიოში ბრიტანელები „ყველაზე ინდივიდუალისტური ხალხი არიან. მათთვის პირადი ინტერესები საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დგას“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“. სხვა კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ ბრიტანელები ყველაზე მეტად განიცდიან დეპრესიასა და სტრესს. ზოგი ექსპერტი ინდივიდუალიზმსა და დეპრესიას შორის კავშირს ხედავს. დასავლეთის ქვეყნებში ჩატარებული კვლევები შეადარეს ჩინეთსა და ტაივანში ჩატარებულ კვლევებს. აღმოჩნდა, რომ ჩინელები და ტაივანელები, რომლებიც საზოგადოების ინტერესებს პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ, ფსიქიკურად უფრო ჯანმრთელები არიან. დასავლეთის „ეგოცენტრული საზოგადოება . . . დეპრესიულს გვხდის“, — დასძენს იგივე გაზეთი.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინება შვედეთის ეკლესიაში

2009 წლის ოქტომბერში შვედეთის ლუთერანულმა ეკლესიამ დაუშვა ჰომოსექსუალისტების ჯვრისწერა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე თვით ადრე შვედეთის პარლამენტში მიღებული კანონი ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინების შესახებ. „ეს იმას ნიშნავს, რომ შვედეთის ეკლესია ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიებიდან, რომელმაც გადაუხვია ქალ-ვაჟის ქორწინებაზე ტრადიციული შეხედულებიდან“, — ნათქვამია შვედეთში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში (Dagens Nyheter).

რა ენაზე ტირიან ჩვილები?

ვიურცბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ დაბადებიდან მეორე დღესვე ჩვილების ტირილი ჰგავს იმ ენის ჟღერადობას, რომელზეც ჩვილის მშობლები ლაპარაკობენ. მკვლევარებმა ჩაიწერეს 30 ფრანგი და 30 გერმანელი ახალშობილის ტირილი, შეამოწმეს ხმის სიხშირე, ბგერის ჟღერადობა და ტონი. ფრანგი ბავშვები ხშირად ტირილს დაბალი ტონით იწყებენ და ნელ-ნელა უმატებენ, მაშინ როცა გერმანელები მაღალი ტონით იწყებენ და ნელ-ნელა დაბლა ჩამოდიან. ორივე შემთხვევაში ჩვილები თავიანთი მშობლების ენის ჟღერადობას ჰბაძავდნენ. მიჩნეულია, რომ ჩვილი ენას დედის მუცელშივე სწავლობს და ენის ადგმას პირველივე ტირილიდან იწყებს.