არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვერიო სევდას?

როგორ მოვერიო სევდას?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვერიო სევდას?

„როცა ჩემს მეგობრებს უჭირთ, მაშინვე მათ დასახმარებლად მივდივარ და ვცდილობ, მდგომარეობა შევუმსუბუქო. მაგრამ სახლში რომ ვბრუნდები, ჩემს ოთახში ვიკეტები და ტირილს ვიწყებ; ამის შესახებ თითქმის არავინ იცის“ (კელი). *

„როცა სევდა მიპყრობს, ხალხს ვერიდები. თუ სადმე მეპატიჟებიან, მიზეზს ვეძებ, რომ არ წავიდე. ოჯახის წევრებს თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს ყველაფერი რიგზეა“ (რიკი).

ყოფილხარ ოდესმე კელისა და რიკის მსგავს მდგომარეობაში? თუ კი, ნუ იფიქრებ, რომ შენს თავს რაღაც უბედურება ხდება. სევდა დროდადრო ყველას იპყრობს. უარყოფითი გრძნობები ძველად ღვთის ერთგულ მსახურებსაც ეუფლებოდათ.

სევდის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება იცოდე, ზოგჯერ კი — არა. 19 წლის ანა ამბობს: „სევდა ადამიანს მხოლოდ მაშინ არ ეუფლება, როცა თავს ტრაგედია ატყდება. დარდი შეიძლება ნებისმიერ დროს მოგეძალოს, მაშინაც კი, როცა უშფოთველად ცხოვრობ. უცნაურია, მაგრამ ეს ასეა“.

როგორ უნდა მოერიო სევდას, იმისდა მიუხედავად, გაქვს თუ არა დანაღვლიანების მიზეზი?

რჩევა №1: ილაპარაკე. ბიბლიაში ნათქვამია: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

კელი: „დიდ შვებას ვგრძნობ, როცა ვინმეს ჩემს გრძნობებზე ვესაუბრები. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცას მაინც ეცოდინება, რას განვიცდი, დახმარების ხელს გამომიწვდის და სევდის მორევიდან ამომიყვანს“.

მითითება: ქვემოთ დაწერე ნამდვილი მეგობრის სახელი, რომელსაც გულს გადაუშლი.

․․․․․

რჩევა №2: დაწერე. თუ ფიქრობ, რომ შენს ცხოვრებას შავი ღრუბელი ფარავს, შეგიძლია შენი ფიქრები ქაღალდზე გადაიტანო. ღრმა მწუხარებას დავითი ზოგჯერ ფსალმუნებში გამოხატავდა (ფსალმუნი 6:6). განცდების წერილობით გადმოცემა დაგეხმარება, რომ ‘შეინარჩუნო სიბრძნე და ჭკუა’ (იგავები 3:21).

ჰეზერი: „წერა მეხმარება სევდით გამოწვეული არეულ-დარეული აზრები გონებაში დავალაგო. როცა გრძნობები ფურცელზე გადმოგაქვს და იცი, რატომ ხარ ამ მდგომარეობაში, სევდა ნაკლებად გრთგუნავს“.

მითითება: ზოგი დღიურს აწარმოებს. თუ შენც გაქვს დღიური, რა შეგიძლია ჩაწერო მასში? აღწერე შენი განცდები და ის, თუ რას შეიძლება გამოეწვია მწუხარება. დაწერილი ერთი თვის შემდეგ წაიკითხე. შეიცვალა შენი დამოკიდებულება ამ საკითხზე? თუ კი, დაწერე, რა დაგეხმარა.

რჩევა №3: ილოცე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ თუ შენს საწუხარზე ლოცულობ, ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს შენს გულსა და გონებას’ (ფილიპელები 4:7).

ესთერი: „ვცდილობდი, გამერკვია, რატომ ვიყავი ასე უგუნებოდ, მაგრამ ვერ ვიგებდი. იეჰოვას ვთხოვდი, სიხარულის პოვნაში დამხმარებოდა. ძალიან განვიცდიდი, რომ მიზეზი არ მქონდა და მაინც მოწყენილი ვიყავი. ბოლოს სევდას მოვერიე. არასდროს ჩათვალოთ ლოცვა უმნიშვნელოდ“.

მითითება: ლოცვის ნიმუშად გამოგადგება ფსალმუნის 139:23, 24. გული გადმოუღვარე იეჰოვას და სთხოვე, დაგეხმაროს მწუხარების მიზეზის დადგენაში.

ზემოთ მოცემული მითითებების გარდა, იხელმძღვანელე ბიბლიით (ფსალმუნი 119:105). თუ ბიბლიაში მოძებნი გამამხნევებელ მონაკვეთებს და გონებას დადებითი აზრებით აივსებ, ეს სასიკეთოდ აისახება შენს ფიქრებზე, გრძნობებსა და მოქმედებებზე (ფსალმუნი 1:1—3). მაგალითად, „მოციქულთა საქმეებში“ საინტერესო და გამამხნევებელ ეპიზოდებს შეხვდები. შეგიძლია აგრეთვე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2) წაიკითხო რუბრიკა „სამაგალითო ადამიანები“, რასაც 9 გვერდი ეთმობა. იქ წაიკითხავ იოსების, ხიზკიას, ლიდიას, დავითისა და სხვა ბიბლიური პერსონაჟების შესახებ. 227-ე გვერდიდან გაიგებ, როგორ დასძლია მოციქულმა პავლემ უარყოფითი გრძნობები, რომლებიც ზოგჯერ ეუფლებოდა.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ მცდელობის მიუხედავად, სევდას მაინც ვერ ერევი?

როცა სევდას ვერ ერევი

რაიანი ამბობს: „ზოგჯერ დილით რომ გამეღვიძება, ვფიქრობ, მორიგი უაზრო დღის გატარებას, ჯობია, ლოგინიდან არ ავდგე“. რაიანი ღრმა დეპრესიით იტანჯება და ის გამონაკლისი არ არის. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ოთხიდან ერთ ახალგაზრდას, სანამ ზრდასრულობის ასაკს მიაღწევს, ამა თუ იმ სახის დეპრესია აწუხებს.

როგორ უნდა გაიგო, გაქვს თუ არა დეპრესია? დეპრესიის სიმპტომებს შორის შეიძლება მოვიხსენიოთ გუნება-განწყობილებისა და ქცევების მკვეთრი ცვლილება, განმარტოების სურვილი, თითქმის ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა და უღირსობისა და უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობა.

რასაკვირველია, ზემოჩამოთვლილიდან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი ხანდახან ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აჯობებს მშობლებს დაელაპარაკო, რომ ექიმს მიაკითხოთ. ექიმი განსაზღვრავს, გესაჭიროება თუ არა მკურნალობა. *

თუ ღრმა დეპრესია გაწუხებს, იცოდე, რომ სასირცხვილო არაფერია. მკურნალობის შემდეგ ბევრმა თავი გაცილებით უკეთესად იგრძნო. ასე რომ, შენი სევდის მიზეზი დეპრესიაა თუ სხვა რამ, გახსოვდეს ფსალმუნის 34:18-ში ჩაწერილი გამამხნევებელი სიტყვები: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე: www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 3 როცა უგუნებობა დიდხანს გრძელდება, ზოგი ახალგაზრდა თვითმკვლელობაზე იწყებს ფიქრს. თუ გონებაში ასეთი აზრი გიტრიალებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უთხარი უფროსი ასაკის სანდო ადამიანს. იხილეთ 2008 წლის მაისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 26—28.

^ აბზ. 23 სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

დაფიქრდი

სასარგებლოა ტირილი?

„ხშირი ტირილი არ მჩვევია, მაგრამ როცა სევდა შემომაწვება, რომ არ ვიტირო არ შემიძლია. ტირილი ზედმეტი ემოციებისგან მათავისუფლებს და შვებას მგვრის. განსჯის უნარი მიბრუნდება და მომავალს იმედის თვალით ვუყურებ“ (ლიენი).

როგორ შეუძლიათ სხვებს შენი დახმარება?

„როცა მოწყენილი ვარ, ვიცი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვმარტოვდე. მართალია, ჩემს გრძნობებში რომ გავერკვე და ტირილით გული ვიჯერო, განმარტოება მჭირდება, მაგრამ ამის შემდეგ ხალხში უნდა გავიდე, რათა სევდიანი ფიქრები არ მომეძალოს“ (ქრისტინე).

[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ . . .

„სევდას მაშინ მივეცემი ხოლმე, როცა საკუთარ თავზე ზედმეტად ვფიქრობ. მაგრამ როცა იმაზე ვიწყებ ფიქრს, სხვებს როგორ დავეხმარო, ყურადღება მათზე გადამაქვს და სიხარულიც მიბრუნდება“.

„რეგულარული ვარჯიში კარგ ხასიათზე მაყენებს და შესაბამისად საკუთარ თავზე ისე ცუდად აღარ ვფიქრობ. ვარჯიშის დროს იმდენად ბევრ ენერგიას ვხარჯავ, რომ უარყოფითზე ფიქრის თავი აღარ მაქვს“.

[სურათები]

დრენელი

რებეკა

[სურათი 22 გვერდზე]

სხვების დახმარებითა და შენი ძალისხმევით მწუხარების ღრმა ორმოდან ამოსვლას შეძლებ