არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოვრების საუკეთესო სარბიელს დავადექი

ცხოვრების საუკეთესო სარბიელს დავადექი

ცხოვრების საუკეთესო სარბიელს დავადექი

მოგვითხრო კარლ ერიკ ბერგმანმა

სწრაფი სირბილი ძალიან მიყვარდა. კარგი ფიზიკური მონაცემები მქონდა, ამიტომ სპრინტი ჩემი ცხოვრება გახდა.

ჩვიდმეტი წლის ასაკში, 1972 წელს სპორტულ კლუბში ჩავირიცხე. მალე მივხვდი, რომ ბევრი ვარჯიშის გარეშე სახელგანთქმული სპორტსმენი ვერ გავხდებოდი. სპრინტში ჩემპიონი რომ გახდე, მხოლოდ ფიზიკური მონაცემები არ კმარა. მაგრამ მე მზად ვიყავი, ამ საქმისთვის თავი მიმეძღვნა.

22 წლისამ იმდენს მივაღწიე, რომ ფინეთის ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი. მომდევნო წელს ფინეთის მასშტაბით 100 მეტრიან დისტანციაზე სპრინტში საუკეთესო შედეგი ვაჩვენე. აქილევსის მყესისა და მუხლქვეშა მყესის ტრავმის გამო, ჩემი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინე. მაგრამ სირბილი ისე ძალიან მიყვარდა, რომ მწვრთნელი გავხდი და პერსპექტიული სპორტსმენების მომზადება დავიწყე. 1982 წელს კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტში სწავლა გადავწყვიტე, რადგან იქ სპორტული კარიერის შესაქმნელად ხელსაყრელი კლიმატი იყო. გასამგზავრებლად თვითმფრინავის ბილეთიც კი შევიძინე.

ჩემი ცხოვრება იცვლება

ერთ საღამოს, კალიფორნიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, კარზე ზარმა დარეკა. კარი რომ გავაღე, ჩემ წინ ორი ქალბატონი იდგა. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათმა სიმშვიდემ და თავდაჭერილობამ გამაოცა, რადგან ეს ის თვისებებია, რაც სპორტსმენს უნდა ჰქონდეს. ქალბატონები შინ შევიპატიჟე და საინტერესოდ ვისაუბრეთ. წასვლის წინ მათ დამიტოვეს წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ *. წიგნის კითხვა დავიწყე. ნახევარი რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ რაც იქ ეწერა, ჭეშმარიტება იყო. როცა ქალბატონები მეორედ მესტუმრნენ, ვკითხე, რა უნდა გამეკეთებინა, იეჰოვას მოწმე რომ გავმხდარიყავი. მათ მითხრეს, რომ ბიბლია უნდა შემესწავლა.

ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ამავდროულად იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებს ვესწრებოდი ქალაქ ვანტააში, სადაც მე ვცხოვრობდი. დავრწმუნდი, რომ ყველაფერი, რასაც ვსწავლობდი, ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ნელ-ნელა დამანახვა, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში. კალიფორნიაში გასამგზავრებელი ბილეთი უკან დავაბრუნე. იმ ფულით ვიყიდე კოსტიუმი კრების შეხვედრებზე ჩასაცმელად და პორტფელი ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის სატარებლად. 1983 წელს ჰელსინკიში საოლქო კონგრესზე მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

ჭეშმარიტებით სხვა სპორტსმენებიც ინტერესდებიან

ნასწავლს დიდი ენთუზიაზმით ვუზიარებდი მეგობრებს. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ მე ბიბლიით დავინტერესდებოდი. მალე ჭორი გავრცელდა, რომ ჭკუიდან შევიშალე. მეგობრებმა ჩემგან თავი შორს დაიჭირეს. სავარჯიშოდ მონათვლის შემდეგაც დავდიოდი, ფორმა რომ შემენარჩუნებინა. სარბენ ბილიკზე ხშირად ვხვდებოდი ნაცნობებს. ჩემი საუბრებიდან მათ დაინახეს, რომ საღ ჭკუაზე ვიყავი, თუმცა შეცვლილი.

დროთა განმავლობაში ზოგი მათგანი მიხვდა, რომ რასაც ვლაპარაკობდი აზრს მოკლებული არ იყო და ღირდა მასზე დაფიქრება. მათ შენიშნეს, რომ უწმაწურ სიტყვებს აღარ ვიყენებდი და აღარც აგრესიული ვიყავი. რამდენიმე სპორტსმენს ბიბლიის გამოკვლევის სურვილი გაუჩნდა. მათ დიდი სიამოვნებით ვუჩვენებდი ბიბლიიდან იმ მონაკვეთებს, სადაც ქრისტიანის ცხოვრება სპორტულ შეჯიბრებასთან არის შედარებული; ჩვენ ხომ მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მოსაპოვებლად დავრბივართ (2 ტიმოთე 2:5; 4:7, 8).

სინამდვილეში, ადამიანს ბედნიერს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება კი არ ხდის, არამედ იმის კეთება, რაც ჩვენს შემოქმედს სიამოვნებს. ჩემი საუბრების შემდეგ ზოგმა სპორტსმენმა შეიცვალა დასახული მიზანი და შეიყვარა ბიბლიური ჭეშმარიტება, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მიხარია, რომ რამდენიმე მათგანი ღმერთს ისეთივე გულმოდგინებით ემსახურება, როგორც ადრე სპორტს ემსახურებოდა.

ერთ-ერთი სპორტსმენი, ვინც გულმოდგინე ღვთისმსახური გახდა, 800 მეტრიან დისტანციაზე მორბენალი ივონი იყო, ის სკანდინავიაში ყველაზე სწრაფმსრბოლი ქალი იყო ამ დისტანციაზე და ფინეთის რეკორდი ჰქონდა მოხსნილი. ევროპის შეჯიბრებებზე მსუბუქ ათლეტიკაში მან წარმატებით იასპარეზა ფინეთის სახელით. ივონმა დაინახა, რომ დღევანდელ ქვეყნიერებაში დიდებისთვის ბრძოლა ამაოება იყო. მან ბიბლიიდან გაიგო, რომ მალე ამ ქვეყნიერებას ღვთის ქვეყნიერება შეცვლის (1 იოანე 2:17).

ივონმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. იმ პერიოდში ის ხვდებოდა იოუკოს, რომელიც ფინეთის ეროვნული ნაკრების წევრი იყო მსუბუქ ათლეტიკაში. იოუკო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ფინეთის სახელით წარდგა. მოგვიანებით ივონი და იოუკო შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ სპორტული კარიერის გასაგრძელებლად.

ამერიკაში ივონმა განაგრძო ბიბლიის შესწავლა. მას იოუკოც შეურთდა, თუმცა იმ მიზნით, რომ მოწმეების სწავლებაში რაიმე ხინჯი ეპოვა და ივონი აზრზე მოეყვანა. მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტება ნელ-ნელა იოუკოს გულს შეეხო. ივონი და იოუკო დაქორწინდნენ, თავი მიუძღვნეს ღმერთს და მოინათლნენ. დღეს ორივე პიონერი, სრული დროით მსახურია.

ბიბლიის შესწავლის დაწყება ბარბროსთანაც მოვახერხე, რომელიც ფინელი ჩემპიონი იყო ქალთა შორის 400 მეტრიან დისტანციაზე სირბილში. ცოტა ხნის წინ ის ევროპის ჩემპიონატზე ფინეთის სახელით გამოვიდა. ბარბრო და მისი ქმარი იარმო, რომელიც ჭოკით მხტომელი იყო, საცხოვრებლად შვედეთში გადავიდნენ. იქ ბარბრომ განაგრძო ბიბლიის შესწავლა. ცოტა ხანში მას იარმოც შეუერთდა. ორივეს აინტერესებდა, რა იყო სიცოცხლის აზრი. ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლის შემდეგ ბარბრო და იარმო შვედეთში მოინათლნენ. იარმო ფიზიოთერაპევტი გახდა. დღეს ეს ცოლ-ქმარი ღმერთს დიდი მონდომებით ემსახურება. იარმო ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს.

ბიბლიით აგრეთვე დაინტერესდა ნიჭიერი მორბენალი ჰეიდი, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდი იყო. მე მისი მწვრთნელი ვიყავი და შევამჩნიე, რომ სულიერი საკითხები აინტერესებდა. ერთხელაც მას ღვთის სამეფოზე და იმ კურთხევებზე ვესაუბრე, რასაც ეს სამეფო მოიტანდა დედამიწაზე. მერე ვკითხე: „გჯერა, რომ ღვთის კურთხევებს ჩვენც მივიღებთ?“ (ფსალმუნი 37:11, 29; მათე 6:9, 10). „დიახ“, — მიპასუხა მან. ჰეიდიმ ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა. ერთ ქრისტიან დას მისი მისამართი გადავეცი. რამდენიმე წელში ჰეიდი მოინათლა. დროთა განმავლობაში ის მშვენიერ ქრისტიანად ჩამოყალიბდა და ჩემი ცოლი გახდა. ჰეიდი შესანიშნავი მეუღლეა. ის დღემდე ღვთის მოშურნე მსახურია. არადა, სპორტისთვის რომ თავი მიეძღვნა, ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა კარიერის შესაქმნელად.

ჩემს უმცროს ძმას, პიტერს, რომელიც ასევე სპორტსმენი იყო, თავიდან ძალიან არ ესიამოვნა, ბიბლიის შესწავლა რომ დავიწყე. მას მივეცი წიგნი „მარადიული ცხოვრება“. ერთ დღეს ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „იმ წიგნის წაკითხვა დავიწყე, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიგებ. შეგიძლია დამეხმარო?“. მისი მისამართი ერთ ძმას გადავეცი. ოთხი თვის მერე ჩემი ძმა მოინათლა. მოგვიანებით, ის დაქორწინდა; მისი მეუღლე დღეს პიონერად მსახურობს.

რბოლა გრძელდება

მისიონერობაზე ჯერ კიდევ მონათვლამდე ვფიქრობდი. მონათვლის მერე მალე პიონერად დავიწყე მსახურება. მივხვდი, რომ თუ სიცოცხლის სარბიელზე გავრბოდი, მაქსიმალურად უნდა დავხარჯულიყავი. მე და ჩემმა მეუღლემ განცხადება შევავსეთ იეჰოვას მოწმეთა მისიონერულ სკოლა „გალაადში“ სასწავლებლად, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. 1994 წელს სკოლაში მიგვიწვიეს. კურსის დამთავრების შემდეგ ლატვიაში გაგვამწესეს, სადაც რუსულ ენაზეც ლაპარაკობენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხი იმედგაცრუებული დარჩა. საბჭოთა კავშირის დროს ბიბლია ბევრისთვის ავტორიტეტული არ იყო, ის იკრძალებოდა კიდეც. თუმცა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბიბლია მაინც ბევრს აინტერესებდა. რუსული ენის სწავლა ჩემთვის ერთი-ერთი ურთულესი საქმე იყო. ლატვიაში ექვსწლიანი მისიონერული მსახურების შემდეგ იეჰოვას მოწმეთა კრებების განსამტკიცებლად მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს. ჩემს ერთგულ მეუღლესთან ერთად ამ საქმეს დღემდე ვასრულებ.

წლების განმავლობაში ბევრს დავეხმარე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ მოსაპოვებლად წარმატებით რბოლაში (1 ტიმოთე 6:19). სპორტსმენმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოავლინოს, მწვრთნელს კარგად უნდა ესმოდეს მისი. მწრთვნელი მას ძლიერი მხარეების განვითარებასა და სისუსტეების დაძლევაში უნდა დაეხმაროს. მან თავის მოსწავლეს უნდა შთააგონოს, რომ საქმე შუაგზაზე არ მიატოვოს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

დღემდე მაოცებს ქრისტიანსა და სპორტსმენს შორის არსებული მსგავსება, რასაც მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა კორინთელებისთვის მიწერილ თავის პირველ წერილში. წარმატებული სპორტსმენი მხოლოდ გამარჯვებაზე არ ოცნებობს; ის გამუდმებით განაგრძობს ფიზიკურ ვარჯიშს, რეალურ მიზნებს ისახავს და მათ მისაღწევად ყოველდღე იღწვის. თუ ყურადღებას მოადუნებს და მიზანსწრაფული აღარ იქნება, მანამდე გაწეული შრომა წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. ჭეშმარიტი ქრისტიანიც გამუდმებით უნდა იყოს კონცენტრირებული თავის მიზანზე.

გარდა ამისა, წარმატებული სპორტსმენი რეჟიმით ცხოვრობს და მკაცრად იცავს დიეტას. ჭეშმარიტი ქრისტიანიც ასეა. ის გონებას არ ასაზრდოებს ზნეობრივად გამხრწნელი სწავლებებით და, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, არ იკვებება „დემონების სუფრიდან“. პირიქით, ის ნოყიერ სულიერ საკვებს მიირთმევს იეჰოვას სუფრიდან ანუ ბიბლიიდან (1 კორინთელები 10:21). უფრო მეტიც, რთულ სიტუაციებში სპორტსმენი დადებით განწყობას ინარჩუნებს. ის აღიარებს თავის შეცდომებს და გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის. პავლემ დაწერა: „მე უმიზნოდ არ გავრბივარ . . . არამედ ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა . . . არ აღმოვჩნდე უღირსი“ (1 კორინთელები 9:24—27).

მე და ჩემი მეუღლე რეგულარულად ვვარჯიშობთ სპორტდარბაზში და დღემდე ვინარჩუნებთ კარგ ფიზიკურ ფორმას. მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევთ, რომ ამან ხელი შეგვიშალოს იეჰოვას მსახურებაში, რომელმაც ადამიანი ასე საოცრად შექმნა (ფსალმუნი 139:14). ჩვენ ერთად ვიღწვით, რომ „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ ჯილდო მოვიპოვოთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 4:8).

მას შემდეგ, რაც მოციქულმა პავლემ ქრისტემდე მცხოვრები „მოწმეთა ღრუბელი“ მოიხსენია, მოგვიწოდა: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრაელები 12:1). არ არსებობს იმაზე ღირებული საქმე, ვიდრე ამ სარბიელზე სირბილი, რადგან ყველა, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, მარადიულ კურთხევებს მიიღებს (2 ტიმოთე 4:7, 8).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 14 გვერდზე]

80-იანი წლების შუა პერიოდი. მე და ჰეიდი; ზემოთ ივონი, ქვემოთ იოუკო და მათი ქალიშვილი

[სურათი 15 გვერდზე]

ჰეიდისთან ერთად მსახურებაში დღეს

[სურათი 15 გვერდზე]

2009 წლის იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე ჰელსინკიში. ივონი და იოუკო ჩვენგან მარცხნივ, მარჯვნივ — იარმო და ბარბრო

[სურათის საავტორო უფლება 12 გვერდზე]

Published in Aamulehti 8/21/1979