არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალპური ვირზაზუნა

ალპური ვირზაზუნა

ალპური ვირზაზუნა

გზად სტვენის მკვეთრი ხმა შემომესმა. თითქოს ბიჭი უსტვენდა თავის მეგობარს, ოღონდ ხმა უფრო ძლიერი იყო. სტვენა ექოსავით ისმოდა მთებში. ძნელად თუ მიხვდებოდი, საიდან მოდიოდა ხმა. უცებ, შევნიშნე პატარა, ფუმფულაბეწვიანი არსება, რომელიც იქვე სოროში მიიმალა. ჩავხედე თუ არა გზამკვლევს, მივხვდი, რომ ეს ალპური ვირზაზუნა იყო.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო უკეთ გავიცანი ეს პატარა და ფუმფულაბეწვიანი მღრღნელი. ვირზაზუნები, მზეს რომ მიეფიცხონ, კლდეებს მიაშურებენ ხოლმე. ისიც გავიგე, სად იყო მათი სოროები და როგორ უძლებდნენ ალპური ზონის მკაცრ კლიმატს.

ოჯახის მუჭუჭები

ალპურ ზონაში ცხოვრება ვირზაზუნასთვის არც ისე ადვილია. იქ ზამთარი ცივია და თოვლი თვეობით დევს. ამას ისიც ემატება, რომ მტაცებელი ცხოველები და ფრინველები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. ამ მღრღნელებს საოცარი თვისებები აქვთ — ისინი ერთმანეთში ინაწილებენ საქმეს, ყველაფერს წინასწარ გეგმავენ და გუშაგის როლსაც ითავსებენ. სწორედ ამ თვისებების წყალობით ინარჩუნებენ ისინი სიცოცხლეს.

ვირზაზუნები ოჯახებად ცხოვრობენ; თითოეულ ოჯახში არის დედ-მამა და მათი ნაშიერები. მათ რამდენიმე სორო აქვთ. ოჯახი ერთ სოროში ცხოვრობს, სხვა სოროებს კი საფრთხის დროს აფარებენ თავს. ზოგჯერ ვირზაზუნები თავიანთ სოროებს კლდის ნაპრალებში, ლოდებქვეშ თხრიან. ეს სოროები კოშკისმაგვარია, რაც ძალიან მოსახერხებელია გუშაგობისთვის და მზის გულზე ნებივრობისთვის.

ისინი კარგი მეოჯახეები არიან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვირზაზუნები ჰიგიენას იცავენ. მათ საპირფარეშოსთვის ცალკე სორო აქვთ გამოყოფილი და ამიტომაც არის მათი საცხოვრებელი სუფთა. ვირზაზუნები თავიანთი სოროს ბოლოში ბალახებისგან ქვეშაგებს იკეთებენ, რომ დედამ უსაფრთხოდ შვას თავისი ნაშიერი. ამ მყუდრო და თბილ ადგილს ოჯახი მთელი ზამთარი „საძინებლადაც“ იყენებს.

ოჯახში ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე გუშაგობაა. ზრდასრული ვირზაზუნა დარაჯობს სოროს მაშინ, როცა ოჯახის სხვა წევრები ახლომახლო საკვების საშოვნელად არიან წასული. მოსალოდნელი საფრთხე რომ ადვილად შეამჩნიოს, ვირზაზუნა ზოგჯერ უკანა ფეხებზე დგება და ირგვლივ ყველაფერს ამოწმებს. ალპურ ვირზაზუნას ყველაზე დიდ საფრთხეს არწივები, მელიები და ადამიანები უქმნიან. როგორც კი სადარაჯოზე მდგომი ვირზაზუნა თვალს მოჰკრავს დიდ მტაცებელ ფრინველს, სტვენით ტეხს განგაშს და ამით მოსალოდნელ საფრთხეს აუწყებს შრომაში გართულ სხვა ვირზაზუნებს. საოცარია, რომ ყველაზე საშიში მტრის, არწივის მოახლოებისას ვირზაზუნა სრულიად განსხვავებულად, გაბმულად სტვენს. საფრთხის მომასწავებელი სტვენის დროს ვირზაზუნები თავშესაფარში გარბიან. თვალის დახამხამებაში მიწის ზედაპირზე ვირზაზუნების კვალიც კი არსად ჩანს!

გაფრთხილების უგულებელყოფა ვირზაზუნებს, განსაკუთრებით პატარებს, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ და მთის არწივის გემრიელ ლუკმად იქცნენ. თუ მტაცებელი ძალიან ახლოსაა, გუშაგი სათვალთვალო კოშკიდან მალევე უჩინარდება და სხვების მსგავსად თავშესაფრისკენ გარბის. რამდენიმე წუთში ის დიდი სიფრთხილით წევს თავს, რათა დარწმუნდეს, რომ საფრთხემ ჩაიარა.

ძილად მივარდნილნი

ალპების მწვანედ აბიბინებულ მდელოებზე მობინადრე ვირზაზუნები ბალახს მიირთმევენ. აქ ზაფხულში არც თუ ისე ცხელა. სიგრილეში ვირზაზუნები მზეს კლდეებზე ეფიცხებიან. მაგრამ როგორც კი ტემპერატურა მატულობს, მოსვენებას კარგავენ, რადგან თავიანთ ფუმფულა ბეწვს თავს ვერ აღწევენ. სწორედ ამიტომ, ისინი დილა-საღამოს უფრო აქტიურად არიან ჩაბმული საქმეში.

ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: უძილობა ალპურ ვირზაზუნებს არ აწუხებთ. ისინი დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე ღრმა ძილს ეძლევიან, მის მონათესავე ჭაღარა ვირზაზუნას კი ცხრა თვე სძინავს. ზამთრის ღრმა ძილის პერიოდში ვირზაზუნას გული წუთში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ცემს და სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 5 გრადუსამდე ეცემა. ცხადია, მათ რომ ამდენი ხნის მანძილზე საკვების გარეშე გაძლონ, რაღაც უნდა იღონონ. ამიტომ, ისინი მთელი ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის მანძილზე უზომოდ ბევრს ჭამენ და ორგანიზმში იგროვებენ ცხიმის მარაგს, რაც მათ ზამთარს ატანინებთ.

ვირზაზუნები ერთმანეთს ცხვირების მიდებით ესალმებიან. ისინი ძალიან მზრუნველები არიან. სიცივეში ოჯახის წევრები ერთმანეთს გასათბობად ეკვრიან. პატარა ვირზაზუნები ანცობით გამოირჩევიან, ხშირად დასდევენ ერთმანეთს და წრეებს არტყამენ. ერთხელ შევნიშნე, რომ ვირზაზუნების ჯგუფს სამი ვირზაზუნა გამოეყო, რომლებიც ყირაზე გადადიოდნენ და ძიძგილაობდნენ.

ალპური ვირზაზუნები ზრუნავენ მომავალზე და საფრთხისგან თავის დასაღწევად ფხიზლობენ (იობი 12:7). ამ მღრღნელებისგან ადამიანებსაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.

[ჩანართი 11 გვერდზე]

ალპების ამწვანებულ მდელოებს ვირზაზუნები თავისებურ ხიბლს სძენენ. მათი შეხმატკბილებული ოჯახები შემოქმედის სიბრძნეზე მეტყველებს (ფსალმუნი 50:10)

[ჩანართი 12 გვერდზე]

ზრდასრული ვირზაზუნა დარაჯობს სოროს მაშინ, როცა ოჯახის სხვა წევრები ახლომახლო საკვების საშოვნელად არიან წასული