არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადება

მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადება

მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადება

იდგა 1854 წელი. ლონდონში კვლავ იფეთქა ქოლერამ, საშინელმა დაავადებამ, რომელსაც თან ახლდა ფაღარათი და გაუწყლოება. ქოლერა ელვის სისწრაფით მოედო მთელ ქალაქს. ბევრმა, ვინც დილით სრულიად საღ-სალამათმა გაიღვიძა, მწუხრის ჟამს სული დალია. ამ დაავადების წინაშე ყველა უძლური იყო.

ქოლერა საუკუნის ყველაზე საშიში და საიდუმლოებით მოცული დაავადება იყო. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს დაავადება ვრცელდებოდა ფეკალიების აუტანელი სუნით გაჟღენთილი ჰაერის შესუნთქვით. მათი ვარაუდი არ იყო საფუძველს მოკლებული. მდინარე ტემზა, რომელზეც ლონდონი იყო გაშენებული, საშინლად ყარდა. მართლა ჰაერი იყო დაავადების გამომწვევი მიზეზი?

ხუთი წლით ადრე ექიმმა ჯონ სნოუმ გამოთქვა ახალი მოსაზრება, რომ ქოლერა გამოწვეული იყო არა დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვით, არამედ დაბინძურებული წყლის სმით. ექიმ უილიამ ბადის მტკიცებით კი, ქოლერა სოკოს დაავადების ერთგვარი სახეობა იყო.

1854 წელს, მაშინ როცა ქოლერა მძვინვარებდა, ექიმი სნოუ დაკვირვებას ახდენდა დაავადებულ პაციენტებზე, რომლებიც ლონდონის ერთ-ერთ უბანში, სოჰოში ცხოვრობდნენ. მას აინტერესებდა, ძირითადად რა იყო ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი. კვლევების შედეგებმა თავად ექიმიც გააოცა. აღმოჩნდა, რომ ამ უბანში ყველა დაავადებულს ერთი და იმავე ავზიდან მიეწოდებოდა წყალი, რომელიც დაბინძურებული იყო ქოლერის გამომწვევი ბაქტერიების შემცველი ფეკალიებით. *

იმავე წელს კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ იტალიელმა მეცნიერმა ფილიპო პაჩინიმ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღწერა, რა სახის ბაქტერია იწვევდა ქოლერას. დიდად არავინ იღო ყურად მისი კვლევის შედეგები, როგორც ეს სნოუსა და ბადის შემთხვევაში მოხდა. 1858 წლამდე ხალხი კვლავ ქოლერის მარწუხებში გმინავდა.

საშინელი სიმყრალე“

პარლამენტი ახალი საკანალიზაციო სისტემის გაყვანას და ტემზის გაწმენდას აჭიანურებდა. მაგრამ, როცა 1858 წელს ზაფხულის მწველმა მზემ დააჭირა, იძულებული გახდნენ, ზომები მიეღოთ. მდინარე ტემზა თემთა პალატის შენობასთან ახლოს მიედინებოდა. აუტანელ სუნს რომ არ შეეწუხებინა, პოლიტიკოსებმა შტორები სადეზინფექციო ხსნარით გაჟღინთეს, მაგრამ ამან არ გაჭრა. სწორედ „საშინელმა სიმყრალემ“ აიძულა პარლამენტი, რომ უმოქმედოდ არ ყოფილიყვნენ. სულ რაღაც 18 დღეში მათ ბრძანება გასცეს ახალი საკანალიზაციო სისტემის გასაყვანად.

ლონდონში გაიყვანეს ახალი საკანალიზაციო სისტემა. უზარმაზარი მილებით ფეკალიები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის მიქცევის ადგილას გაედინებოდა და საბოლოოდ, ღია ზღვაში ხვდებოდა. შედეგმა არ დააყოვნა — ქოლერა წარსულს ჩაჰბარდა და ქალაქმა შვებით ამოისუნთქა.

დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ქოლერას იწვევდა დაბინძურებული წყალი და მასზე დამზადებული საკვები და არა ფეკალიების სუნით გაჟღენთილი ჰაერი. ინგლისელები თავის დროზე ამ დაავადებას თავისუფლად აირიდებდნენ თავიდან, თუ სანიტარიულ წესრიგს დაიცავდნენ.

კანონი, რომელმაც დროს გაუსწრო

ათასობით წლის წინათ, სანამ ლონდონელებს ქოლერა დარევდა ხელს, მოსემ ისრაელი ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა. მართალია, ისრაელებმა დაახლოებით 40 წელი იხეტიალეს სინაის უდაბნოში, მაგრამ ისეთი დაავადება, როგორიცაა ქოლერა, არასდროს შეჰყრიათ. არ გაინტერესებთ, რა იყო ამის მიზეზი?

ისრაელ ერს ნაბრძანები ჰქონდა, რომ გასულიყვნენ ბანაკის გარეთ, ორმო ამოეთხარათ და იქ ჩაეფლოთ განავალი, რათა არ დაებინძურებინათ ბანაკის ტერიტორია და წყაროები. ამის შესახებ ჩაწერილია ბიბლიაში, კერძოდ კანონის 23:12, 13-ში:

„ადგილი გექნება ბანაკის გარეთ და იქ გადი. თან გქონდეს ბარი სხვა აღჭურვილობასთან ერთად და გარეთ ჩაჯდომისას ორმო ამოთხარე და ჩაფალი შენი განავალი“.

ამ, ერთი შეხედვით, მარტივმა კანონმა დაიცვა ისრაელი იმ დაავადებებისგან, რომელიც მეზობელ ერებს სტანჯავდა. ჰიგიენური ნორმების დაცვის წყალობით დღესაც უნარჩუნდება ბევრს სიცოცხლე. * ქვემოთ ვისაუბრებთ ერთ შემთხვევაზე.

„ჩვენ ერთხელაც არ შეგვყრია სერიოზული დაავადება“

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მალავიში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დევნის ტალღა აგორდა. 30 000-ზე მეტმა კაცმა, ქალმა და ბავშვმა თავი შეაფარა მეზობელ ქვეყანას, მოზამბიკს და ათ ბანაკად დასახლდნენ. როგორც ცნობილია, ლტოლვილთა ბანაკებში ხშირად წყლით არაერთი დაავადება ვრცელდება. როგორ შეძლეს იეჰოვას მოწმეებმა არც თუ ისე ხელსაყრელ პირობებში ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვა?

ლემონ კაბვაზი ცხოვრობდა მლანგენის 17 000-კაციან ბანაკში. იგი იხსენებს: „ბანაკის ტერიტორიაზე ყოველთვის ვიცავდით სისუფთავეს. ბანაკის გარეთ გაკეთებული იყო სპეციალური ორმოები ექსკრემენტების ჩასამარხავად. არავის ჰქონდა უფლება, ბანაკის შიგნით ამოეთხარა ასეთი ორმო. ნაგავიც ბანაკის გარეთ გაგვქონდა და ორმოში ვფლავდით. მოხალისეები საგულდაგულოდ იცავდნენ ჰიგიენის ნორმებს, მაგალითად, ზრუნავდნენ ჭების სისუფთავეზე, რომელიც ბანაკის გარეთ, სხვა ადგილას იყო ამოთხრილი. მართალია, სივიწროვეში ვცხოვრობდით, მაგრამ ბიბლიური პრინციპების დაცვის წყალობით არასდროს შეგვყრია სერიოზული დაავადებები, მათ შორის, ქოლერა“.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ზოგ ნაწილში ხალხს არა აქვს კანალიზაცია. ასეთი ანტისანიტარიით გამოწვეული ინფექციური დაავადებებით ყოველდღე დაახლოებით 5 000 ბავშვი კვდება.

თუმცა, დღეს ქოლერა და მსგავსი დაავადებები ადვილად იკურნება და მათი თავიდან აცილება ჰიგიენური ნორმების დაცვითაც შეიძლება, ბიბლია გვაიმედებს, რომ მალე არც ერთი დაავადება აღარ იარსებებს. გამოცხადების 21:4-ში ვკითხულობთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“. ღვთის სიტყვა გვპირდება, რომ იმ დროს „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო ადამიანებისთვის, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 და მე-8 თავები (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 მართალია, იმ დროისთვის კანალიზაცია უკვე არსებობდა, მაგრამ საკანალიზაციო სისტემა დაზიანებული იყო და ფეკალიები სასმელ წყალს ერეოდა. საკანალიზაციო მილებიდან ფეკალიები არხებში ხვდებოდა, არხებიდან კი — მდინარე ტემზაში, რომელიც ქალაქს სასმელი წყლით ამარაგებდა.

^ აბზ. 15 როგორც დავინახეთ, ქოლერას იწვევს დაბინძურებული წყალი ან მასზე მომზადებული საკვები, ამიტომ, სანამ რამეს შეჭამთ ან დალევთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება, თუ სუფთა წყალს დალევთ და კერძსაც სუფთად მოამზადებთ.

[ჩანართი 21 გვერდზე]

ქოლერის გამომწვევი ბაქტერიების შემცველი ფეკალიებით დაბინძურებული მდინარე ტემზა, რომელიც ლონდონის გავლით მიედინებოდა, იმ ეპოქის მხატვართა არაერთ ნახატზეა ასახული

[სურათი 22 გვერდზე]

მოზამბიკის ლტოლვილთა ათ ბანაკში მოსახლე 30 000-ზე მეტი კაცი, ქალი თუ ბავშვი ყოველთვის ზრუნავდა ბანაკის სისუფთავეზე

[სურათის საავტორო უფლებები 20 გვერდზე]

Death on Thames: © Mary Evans Picture Library; map: University of Texas Libraries