არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოგზაურობა „ქვეყნის დასალიერში“

მოგზაურობა „ქვეყნის დასალიერში“

მოგზაურობა „ქვეყნის დასალიერში“

ძველი დროის ზღვაოსნები ყოველთვის ოცნებობდნენ, ეპოვათ ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც ატლანტის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან დააკავშირებდა. ისინი გზად გადაულახავ დაბრკოლებას აწყდებოდნენ. მათ უნდა გაევლოთ არქტიკის ზღვა, რომელიც ყინულის ლოდებით იყო ჩახერგილი.

მოგზაურებს უკიდურეს ჩრდილოეთში ახალი გზის გაკვლევის დაუცხრომელი ჟინი ჰკლავდათ. მე-16 საუკუნეში აღმოსავლეთის მიმართულებით ძირითადი სავაჭრო გზა უკიდურეს სამხრეთში, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ სანაპიროებს მიუყვებოდა, ამ გზით კი მხოლოდ ესპანელები და პორტუგალიელები სარგებლობდნენ. სხვა ქვეყნების ვაჭრებს უწევდათ, ჩრდილოეთში მოეძებნათ შემოვლითი გზები, აღმოსავლეთის ქვეყნებთან რომ ჰქონოდათ სავაჭრო ურთიერთობა. ამ არცთუ იოლ საქმეს არაერთი მოგზაური შეეჭიდა.

ინგლისელები: 1553 წელს ჰიუ უილობისა და რიჩარდ ჩენსლერის მიერ მოეწყო ინგლისელთა პირველი ექსპედიცია. ზღვაზე ამოვარდნილი შტორმის გამო მათ გემებს გზა აებნათ და ერთმანეთი დაკარგეს. უილობი იძულებული გახდა, ზამთარი რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში, კოლის ნახევარკუნძულის უკაცრიელ სანაპიროზე გაეტარებინა. რადგანაც ის და მისი ეკიპაჟის წევრები სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულნი, მკაცრ კლიმატურ პირობებს შეეწირნენ. რაც შეეხება ჩენსლერს, იგი არხანგელსკში გაჩერდა. იქ ყოფნისას ჩენსლერი ივან IV მრისხანემ მიიწვია მოსკოვში. მართალია, ჩენსლერმა ვერ იპოვა აზიისკენ მიმავალი ჩრდილოეთის დერეფანი, მაგრამ საფუძველი ჩაუყარა ინგლისსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას.

ჰოლანდიელები: 1594 წელს უილიამ ბარენცმა პირველად გასცურა ახალი მიწისკენ. მაგრამ 1596 წელს მესამე მოგზაურობისას, როცა მისი გემი რუსეთში, ახალი მიწის კუნძულების უკიდურეს ჩრდილოეთში არქიპელაგს მიუყვებოდა, სერიოზულად დაზიანდა ყინულით ჩახერგილ გზაზე და აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას. მან თავის ეკიპაჟის წევრებთან ერთად მკაცრი ზამთარი ზღვიდან გამორიყული ნაფოტებისგან აშენებულ სახლში გაატარა და თან ყველანაირად თავს იცავდნენ, რომ თეთრი დათვის ლუკმა არ გამხდარიყვნენ. საბოლოოდ, ბარენცი და მისი ეკიპაჟი ორი პატარა ნავით გამოემართნენ კუნძულიდან, მაგრამ ბარენცი მგზავრობისას დაიღუპა.

რუსები: რუსმა მკვლევარებმა ხშირი ექსპედიციების მოწყობა დაიწყეს ციმბირსა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, რათა უკეთ შეესწავლათ ეს ტერიტორიები. სულ რაღაც 60 წელიწადში, 1581 წლიდან 1641 წლამდე, მათ შეისწავლეს მთელი ტერიტორია ურალის მთებიდან წყნარი ოკეანის სანაპიროებამდე. იმ დროისთვის კაზაკებმა არქტიკის ოკეანისკენ ციმბირის მდინარეების გავლით გაცურეს. მათ ციმბირი რუსეთის საკუთრებად მიაჩნდათ და სწორედ ისინი იყვნენ პირველები, ვინც ფეხი დადგა ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1648 წელს რუსეთის გემებმა გაცურეს სრუტეში, რომელიც დღეს ბერინგის სრუტის სახელითაა ცნობილი. ამ სრუტეს სახელი დანიელი ზღვაოსნის ვიტუს ბერინგის საპატივცემულოდ ეწოდა.

შემდგომი ექსპედიციები

1733—1743 წლებში ბერინგმა დიდი ექსპედიცია მოაწყო. მან დაახლოებით ათასი კაცი შეკრიბა და შვიდ ჯგუფად დაყო. ექსპედიციას რუსეთის ტერიტორიაში შემავალი არქტიკისა და წყნარი ოკეანის სანაპიროები უკეთ უნდა შეესწავლა. გაყინულმა ოკეანემ გემებს არაერთი დაბრკოლება შეუქმნა, რის გამოც ბევრი მეზღვაური დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ამ ექსპედიციის წყალობით მკვლევარებმა თითქმის მთელი არქტიკის ოკეანის სანაპირო ზოლი დაიტანეს რუკაზე. დატანილი ინფორმაცია მოიცავდა დიაგრამებს, წყლის სიღრმის დონეს და ადგილებს, სადაც ოკეანე იყინებოდა. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამომავლოდ წაადგებოდა ზღვაოსნებს, რომლებიც არქტიკის ოკეანეში იმოგზაურებდნენ.

ყველა ზემოთ აღწერილი ექსპედიცია ხის ხომალდებით მოეწყო. მაგრამ ბერინგის ექსპედიციამ გამოააშკარავა, რომ ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის * ხის ხომალდით გავლა ძალიან სარისკო იყო. 1778 წელს ინგლისელი ზღვაოსანი ჯეიმზ კუკიც მწარე გამოცდილების ფასად მივიდა იმავე დასკვნამდე. როცა ბერინგის ყურის გავლით დასავლეთისკენ გაცურა, მას ყინულით ჩახერგილი გზა გადაულახავ დაბრკოლებად ექცა. საუკუნის შემდეგ ამავე მარშრუტით გაემგზავრა ფინელი მოგზაური ნილს ადოლფ ერიკ ნორდენშელდი, ოღონდ ამჯერად ორთქლის ძრავაზე მომუშავე გემით.

რუსეთის მონოპოლია

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაში შემავალ არქტიკის ოკეანის სანაპირო წყლებში მხოლოდ რუსეთის გემებს შეეძლოთ მიმოსვლა. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩრდილოეთის საზღვაო სამარშრუტო გზის გასწვრივ პორტები აეშენებინა, რომელიც ახალგაშენებულ ქალაქებს მოემსახურებოდა. ამრიგად, რუსეთმა სრული მონოპოლია მოიპოვა ჩრდილოეთის საზღვაო სამარშრუტო გზაზე.

ცივი ომის დროს ჩრდილოეთის საზღვაო სამარშრუტო გზა კვლავ ჩაკეტილი იყო უცხოური გემებისთვის. მაგრამ პოლიტიკურმა რეფორმებმა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ რუს ჩინოსნებს უბიძგა, ეს გზა უცხოური გემებისთვისაც გაეხსნათ. ქვემოთ მოყვანილი შემთხვევა აჩვენებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა.

2009 წლის ზაფხულში ორმა გერმანულმა სატვირთო გემმა ბერინგის სრუტის გავლით გაცურა დასავლეთით, აზიისა და ევროპის ჩრდილოეთ სანაპიროების გასწვრივ, სადაც გზად თითქმის არ შეხვედრიათ ყინული. ბოლოს მათ ნიდერლანდებამდე ჩააღწიეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უცხოურმა გემებმა ისარგებლეს ჩრდილო-აღმოსავლეთის დერეფნით. ამ მარშრუტის წყალობით მეზღვაურები დანიშნულების ადგილას ათი დღით ადრე ჩავიდნენ და დაახლოებით 5 560 კილომეტრით ნაკლები გაიარეს. გარდა ამისა, კომპანიამ, რომელსაც ეს ორი გემი ეკუთვნოდა, დაახლოებით 900 000 დოლარი დაზოგა.

დღეს არქტიკის ზღვის ყინულოვანი საფარი საგრძნობლად შემცირდა. შედეგად, ოკეანის დიდ ნაწილში ნაოსნობა ზაფხულის პერიოდში გაცილებით უსაფრთხოა. * მართალია, გარემოს დამცველებს აფიქრებთ, რომ ყინულოვანი საფარი დღითი დღე მცირდება, მაგრამ თუ ყინულის დნობის პროცესი ასე გაგრძელდება, ამ მარშრუტით მოსარგებლე გემები შეძლებენ, აერიდონ რუსეთის სანაპირო ზოლთან ახლოს წყალმარჩხ ადგილებს და პირდაპირ, „ქვეყნის დასალიერის“ გავლით, ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში მოხვდნენ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ეს მარშრუტი რუსულ წყაროებში „ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტად“ მოიხსენიება, ხოლო ყველა სხვა წყაროში, როგორც „ჩრდილო-აღმოსავლეთის დერეფანი“.

^ აბზ. 14 ამ და სხვა მიზეზების გამო სანაოსნო სეზონის ხანგრძლივობა არქტიკის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში სამჯერ გაიზარდა, ხოლო არქტიკის ოკეანის დასავლეთ ნაწილში გაორმაგდა.

[რუკა 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მარშრუტი, რომელიც განახორციელა . . .

სერ ჰიუ უილობმა და რიჩარდ ჩენსლერმა

უილიამ ბარენცმა

ვიტუს ბერინგმა

ნილს ადოლფ ერიკ ნორდენშელდმა

ყინულის საფარი

[რუკა]

არქტიკის ოკეანე

ჩრდილოეთ პოლუსი

მუდმივი ყინულის საფარი

პაკის ყინულის საფარი ზაფხულში

პაკის ყინულის საფარი ზამთარში

არქტიკული პოლარული წრე

შვედეთი

გრენლანდია

კანადა

ალასკა

ბერინგის სრუტე

რუსეთი

ციმბირი

ურალის მთები

ახალი მიწა

კოლის ნახევარკუნძული

არხანგელსკი

მოსკოვი

[სურათი 16 გვერდზე]

არქტიკის ზღვის ყინულოვანი საფარი საგრძნობლად მცირდება

[სურათის საავტორო უფლება 14 გვერდზე]

Library and Archives Canada/Samuel Gurney Cresswell collection/C-016105