რეალური პიროვნებაა ღმერთი?
ბიბლიის თვალსაზრისი
რეალური პიროვნებაა ღმერთი?
ბუნების სილამაზით მოხიბლული ადამიანები ვერ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა. თქვენც აღგაფრთოვანებთ სამყარო, რომელიც საოცრად რთული აგებულებისაა? ნუთუ არ გაოცებთ ბუნების სასწაულები და რთულად შექმნილი ადამიანის სხეული?
თუ ასეა, ალბათ, თქვენც გჯერათ, რომ ეს ყველაფერი ზებუნებრივი ძალის წყალობით შეიქმნა. ზოგი რელიგია ასწავლის, რომ ასეთი ზებუნებრივი ძალა მკვიდრობს მთაში, ხეში, ცაში თუ სხვა ქმნილებებში. სხვებს კი სჯერათ, რომ წინაპართა კეთილი თუ ბოროტი სულები უერთდებიან საიდუმლოებით მოცულ ძალებს და ამგვარად იქმნება უზენაესი არსება — ღმერთი.
ზოგს სწამს, რომ ეს ზებუნებრივი ძალა პიროვნება არ არის. ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ ღმერთს აქვს აზროვნების უნარი, ემოციები, განზრახვები და სურვილები. არის ღმერთი პიროვნება? ამ კითხვაზე ნათელ პასუხს გვცემს ერთ-ერთი უძველესი წიგნი ბიბლია, რომელიც დღეს ფართოდ არის გავრცელებული.
ადამიანი ღვთის თვისებებს ირეკლავს
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ანარეკლად. დაბადების 1:27-ში ვკითხულობთ: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი“.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველი ადამიანები ყველაფერში ღვთის მსგავსები იყვნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი უხილავი სულია, ადამიანი კი მიწის ელემენტებისგან არის შექმნილი (დაბადება 2:7; იოანე 4:24). მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ადამიანის თვისებებიდან ჩანს, როგორი პიროვნებაა ღმერთი.
ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ძალა და კარგად გააზრებული ნაბიჯები გადადგან. ამისკენ
მათ აღძრავს ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკეთე, განსჯის უნარი, პრაქტიკული სიბრძნე და სამართლიანობა. ადამიანს აქვს გრძნობები — მას შეუძლია გამოავლინოს უფაქიზესი გრძნობა სიყვარული და, ამავე დროს, გამოხატოს სიძულვილი და განრისხდეს კიდეც. სწორედ ამიტომ განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან. ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურია და პიროვნული ნიშან-თვისებებით გამოირჩევა.თუ ღმერთი ყველგან არსებული უპიროვნო ძალაა, როგორ შექმნიდა თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალურ პიროვნებებად? მაგრამ რამდენადაც ღმერთმა თავის ანარეკლად შეგვქმნა, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მას ბევრი თვისებით ვგავართ.
ღმერთს აქვს სახელი. ბიბლიაში, კერძოდ ესაიას 42:8-ში ვკითხულობთ: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“. ღმერთს უნდა, რომ ყველამ იცოდეს მისი სახელი. ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი ახლაც და მარადიულადაც. მზის ამოსავლიდან მის ჩასავლამდე ქებული იყოს იეჰოვას სახელი“ (ფსალმუნი 113:2, 3). როდესაც ღვთის თაყვანისმცემლები მის სახელს ხშირად იყენებენ, ამით ცხადყოფენ, რომ პიროვნებას მიმართავენ.
ღმერთი ერთადერთია. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი ერთადერთია (1 კორინთელები 8:5, 6). ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ხარ დიდებული, უზენაესო უფალო, იეჰოვა, არავინაა შენი მსგავსი, არავინაა ღმერთი შენ გარდა“ (2 სამუელი 7:22). ბიბლიაში იეჰოვას შესახებ აგრეთვე წერია, რომ ის არის „ჭეშმარიტი ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე; სხვა არავინ არის“ (კანონი 4:39).
იეჰოვას სძულს ბოროტება. მხოლოდ პიროვნებას შეუძლია სძულდეს ვინმე ან რამე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ შემოქმედს სძულს „ამაყად მომზირალი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე და ძმებს შორის შუღლის მთესველი“ (იგავები 6:16—19). შენიშნეთ, რომ ღმერთს სძულს ისეთი საქციელი, რაც სხვებს გულს სტკენს. აქედან ჩანს, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენს კეთილდღეობაზე და არ სურს, რომ რაიმემ ზიანი მოგვაყენოს.
იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთს ძალიან უყვარს ქვეყნიერება (იოანე 3:16). ეს აჩვენებს, რომ ღმერთი მოსიყვარულე მამაა, რომელსაც საუკეთესო სურს თავისი შვილებისთვის (ესაია 64:8). ადამიანები უამრავ კურთხევას მიიღებენ, თუ ღმერთს თავის მოსიყვარულე მამად აღიარებენ.
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ღვთის მეგობარი
ბიბლიაში გასაგებად არის ნათქვამი, რომ შემოქმედი პიროვნებაა, რომელსაც აქვს სახელი და თვისებები. იგი უდიდეს ძალას ფლობს და მიზანმიმართულად და გააზრებულად მოქმედებს. ამისკენ მას აღძრავს ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკეთე, სიბრძნე და სამართლიანობა. ღმერთი არ არის მიუწვდომელი. პირიქით, მასზე ბიბლიაში ნათქვამია: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:13).
ღმერთს განსაკუთრებული განზრახვა აქვს, რაც კაცობრიობის კეთილდღეობას მოემსახურება. მის სიტყვაში წერია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). როგორც გავიგეთ, ღმერთი ერთადერთია და პიროვნული ნიშან-თვისებებით გამოირჩევა. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, მასთან ახლო ურთიერთობა განვივითაროთ და მივიღოთ კურთხევები, რომელსაც ის თავის მეგობრებს ჰპირდება (კანონი 6:4, 5; 1 პეტრე 5:6, 7).
გიფიქრიათ?
● აქვს ღმერთს სახელი? (ესაია 42:8)
● არსებობს მრავალი ღმერთი? (1 კორინთელები 8:5, 6)
● შეუძლიათ ადამიანებს ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ ჭეშმარიტ ღმერთთან? (1 პეტრე 5:6, 7)
[სურათი 29 გვერდზე]
თუ ღმერთი ყველგან არსებული უპიროვნო ძალაა, როგორ შექმნიდა თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალურ პიროვნებებად?