შესაძლებელია ნდობის მოპოვება?
შესაძლებელია ნდობის მოპოვება?
ერთ ექიმს საუკეთესო ანესთეზიოლოგად იცნობდნენ, რადგან სწორედ მას მიაწერდნენ მედიცინის ამ დარგში სრულიად ახლებური მეთოდების დანერგვას. მაგრამ გაირკვა, რომ მან მიისაკუთრა არაერთი სამედიცინო ნაშრომი, რომლებიც წამყვან გამოცემებში ქვეყნდებოდა. ასე გრძელდებოდა 1996 წლიდან მოყოლებული ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე.
„არ მესმის რატომ მოიქცა ასე“, — ამბობს დოქტორი სტივენ შეიფერი ერთ-ერთ სამედიცინო ბუკლეტში (Anesthesiology News).
რატომ უნდა მოეტყუებინა თავისი საქმის პროფესიონალს კოლეგები? განვიხილოთ ოთხი სავარაუდო მიზეზი.
● სიხარბე. ერთ-ერთი სამედიცინო ჟურნალის (The New England Journal of Medicine) ყოფილმა რედაქტორმა, დოქტორმა ჯერომ კასირერმა „ნიუ-იორკ ტაიმზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: „ხშირად სამეცნიერო კვლევები ფარმაცევტული კომპანიების მიერ ფინანსდება. ამიტომ, ტენდენციად იქცა, რომ მეცნიერებმა თავიანთი კვლევის შედეგები ისე წარმოაჩინონ, რომ მოგება მოუტანონ სპონსორ კომპანიებს“.
● მიზანი, რომელიც ყოველგვარ საშუალებას ამართლებს. გერმანიაში ვერავის დააჯერებ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად პროფესორ-მასწავლებლებისთვის არა აქვთ მიცემული ქრთამის სახით ათასობით ევრო, რადგან ამ ქვეყანაში წარმატება სწორედ აკადემიური ხარისხით განისაზღვრება. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ მოყვანილი იყო ციტატები ერთ-ერთი ნაშრომიდან, სადაც ნათქვამია, რომ წარმატების მიღწევამდე ბევრი სტუდენტის საქციელი ყოველგვარ ეთიკურ ნორმას სცდება, მაგრამ როგორც კი მიაღწევენ სასურველ მიზანს, „მაღალი იდეალებით“ იწყებენ ცხოვრებას.
● საზოგადოება, რომელსაც არ გააჩნია ზნეობრივი ფასეულობები. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ მოყვანილი იყო ერთი პროფესორის სიტყვები. აი, რას ამბობდა
ის სკოლის მოსწავლეების შესახებ: „არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ისინი თავგზააბნეულები არიან, რადგან არ გააჩნიათ ზნეობრივი ფასეულობები . . . უფრო სწორად, მასწავლებლები, რეპეტიტორები თუ სხვები არასდროს უნერგავენ მათ ზნეობრივ ფასეულობებს და არც მორალური ნორმებით ცხოვრებას ასწავლიან“.● ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. გამოკითხული 30 000 მოსწავლიდან 98 პროცენტმა თქვა, რომ პატიოსნება აუცილებელია სხვებთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. მაგრამ ყოველი ათიდან რვა მოსწავლემ აღიარა, რომ მშობლებს ატყუებდნენ, ხოლო 64 პროცენტი გამოტყდა, რომ წინა წელს გამოცდებზე შპარგალკით სარგებლობდნენ.
მაღალზნეობრივი ნორმები
როგორც ამავე გვერდზე მოცემულ ჩარჩოშია ნათქვამი, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ ვინმეს ენდოს. მიუხედავად ამისა, ბიბლია რეალურ სურათს გვანახვებს: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“ (დაბადება 8:21). როგორ შეგიძლიათ ებრძოლოთ ბოროტ მიდრეკილებას, უპატიოსნობას, რომელმაც ასე მოიკიდა ფეხი დღევანდელ საზოგადოებაში? ამაში შემდეგი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ:
● „ცუდს ნუ განიზრახავ შენი მოძმის წინააღმდეგ, რომელიც უსაფრთხოდ ცხოვრობს შენთან“ (იგავები 3:29).
თუ გვიყვარს მოყვასი, სიკეთეს გავუკეთებთ და მის ნდობას გავამართლებთ. ამ პრინციპს რომ ადამიანები იყენებდნენ, ბოლო მოეღებოდა სიხარბით გამოწვეულ ათასგვარ მაქინაციას, მაგალითად ფალსიფიცირებული წამლებით ვაჭრობას, რაც სტატიათა ამ სერიის დასაწყისში მოვიხსენიეთ.
● „ჭეშმარიტების მოლაპარაკე ბაგე სამუდამოდ განმტკიცდება, სიცრუის მოლაპარაკე ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება“ (იგავები 12:19).
დღეს ზოგი ფიქრობს, რომ პატიოსნებით ბევრს ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ ჰკითხეთ თავს: რა უფრო მიღირს — დღესვე ავისრულო საწადელი თუ უფრო შორს გავიხედო და საკუთარი თავის პატივისცემა არ დავკარგო? სტუდენტმა, რომელიც შპარგალკით სარგებლობს, შეიძლება დააჯეროს სხვები, რომ კარგ ცოდნას ფლობს, მაგრამ სამსახურში ეს აღარ გაჭრის.
● „მართალი უმწიკვლობით დადის; ბედნიერნი არიან მისი ვაჟები“ (იგავები 20:7).
თუ მშობელი ხართ, თავად მიეცით კარგი მაგალითი შვილებს და ‘უმწიკვლობით იარეთ’. პირადი მაგალითით დაანახვეთ პატიოსნების ფასი. როდესაც შვილები ხედავენ, რომ მშობლები პატიოსნები არიან, მეტი ალბათობაა, რომ თვითონაც პატიოსან ადამიანებად ჩამოყალიბდნენ (იგავები 22:6).
პრაქტიკულია ზემოთ მოყვანილი ბიბლიური პრინციპების გამოყენება?
[ჩანართი 4 გვერდზე]
გაზეთ „ფიგაროს“ თანახმად, დღეს ბევრი ფრანგი „ფიქრობს, რომ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში მოღვაწე წამყვან ფიგურებს შორის აღარავინაა პატიოსანი და ამის აუცილებლობასაც ვერ ხედავენ“.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
ჩვენში ჩადებულია სურვილი, ვინმეს ვენდოთ
როგორც ფრანკფურტის უნივერსიტეტის (გერმანია) ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორის, მიქაელ კოსფელდის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა, ადამიანში ჩადებულია იმის მოთხოვნილება, რომ ვინმეს ენდოს. კოსფელდმა აღმოაჩინა, რომ როდესაც ორი ადამიანი კარგად უგებს და ენდობა ერთმანეთს, ტვინი გამოიმუშავებს ჰორმონს, ოქსიტოცინს. კოსფელდი დასძენს: „ურთიერთნდობა მხოლოდ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, როცა ნდობა იკარგება, ადამიანი თავის ნამდვილ სახეს კარგავს“.