არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯერ კიდევ არიან სანდო ადამიანები

ჯერ კიდევ არიან სანდო ადამიანები

ჯერ კიდევ არიან სანდო ადამიანები

სანტიაგოს, არგენტინელ ტაქსის მძღოლს დიდხანს არ უფიქრია, როგორ უნდა მოქცეულიყო, როცა დაინახა, რომ მგზავრს მის მანქანაში ჩანთა დარჩენოდა. მან მაშინვე დაუბრუნა ჩანთა პატრონს. ერთი შეხედვით, სანტიაგოს უჩვეულო არაფერი გაუკეთებია, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ჩანთაში 32 000-ზე მეტი დოლარი იდო, მისი საქციელი მართლაც იწვევს გაოცებას!

მთელ მსოფლიოში ასეთი პატიოსანი ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, სულ სხვაგვარი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება! თქვენ თავისუფლად დაუტოვებდით ბავშვს მომვლელს და არაფრის შიში არ გექნებოდათ. არც გასაღები დაგჭირდებოდათ და არც ბოქლომი. შესაძლებელია რეალურად ასეთი რამ?

ზნეობრივი ფასეულობები

ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ საკუთარ თავზე და თანაქრისტიანებზე თქვა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). სწორედ ამის სურვილი აქვთ იეჰოვას მოწმეებსაც. მათი მიზანია, განივითარონ ისეთი თვისებები, რომლებიც ესაიას 33:15-შია ჩაწერილი: „არის ის, ვინც მუდმივად სიმართლით დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ვინც უარს ამბობს თაღლითების მონახვეჭზე, ვინც ხელებს ასავსავებს ქრთამზე“. როგორ არის შესაძლებელი სანდო ადამიანის სახელის მოპოვება?

‘ვინც სიმართლეს ლაპარაკობს’. ფილიპინელი დომინგო, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ქოქოსის პლანტაციებში მუშაობს. იგი ამბობს: „ბევრი ატყუებს თავის დამსაქმებელს. მაგალითად, როცა ქოქოსის კაკლის რბილობს აგროვებენ, არ ეუბნებიან დამსაქმებელს, სინამდვილეში რამდენი ტომარა აავსეს. შემდეგ ჩუმად ყიდიან მოპარულ ტომრებს“.

დომინგო და მისი ოჯახი ლამის გააძევეს პლანტაციებიდან იმის გამო, რომ თავიანთი დამსაქმებლის სასარგებლოდ არ თქვეს ტყუილი. დომინგო ყვება: „ჩვენ ვუთხარით უფროსს, რომ მაშინაც კი, თუ სამუშაოდან დაგვითხოვდა, ტყუილს მაინც არ ვიტყოდით. საბოლოოდ, ჩვენმა დამსაქმებელმა თქვა, რომ იეჰოვას მოწმეები იმსახურებდნენ ნდობას და მიწის კიდევ ერთი ნაკვეთი გამოგვიყო დასამუშავებლად“.

„ვინც უარს ამბობს თაღლითების მონახვეჭზე“. პიერს, კამერუნის ერთ-ერთი რეგიონის საგადასახადოს უფროსს, ფულის იოლად შოვნის არაერთი შანსი ჰქონდა. როდესაც მას პირველად დაევალა ხელფასების გაცემა დროებით დაქირავებული მუშახელისთვის, გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. პიერი ამბობს: „ხელფასები გაიცემოდა ისეთ ადამიანებზეც, რომლებიც ჩვენთან აღარ მუშაობდნენ ან უკვე მიცვალებულები იყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა მიმეთვისებინა, ზუსტი საბუღალტრო აღრიცხვა გავაკეთე და ზედმეტი თანხა სეიფში შევინახე.

ორი წლის შემდეგ რევიზია მოვიდა. მე მათ თავაწეული დავხვდი, რადგან შემეძლო ზუსტი აღრიცხვა წარმედგინა მათთვის და სეიფში დაგროვილი საკმაოდ სოლიდური თანხაც გადამეცა. რევიზორებმა გულწრფელად შემაქეს პატიოსნებისთვის“.

„ვინც ხელებს ასავსავებს ქრთამზე“. რიო-დე-ჟანეიროელი (ბრაზილია) რიკარდოსთვის, რომელიც ნოტარიუსი იყო, არაერთხელ შეუთავაზებიათ ქრთამი. ის იხსენებს: „ერთი იურისტი ჩემს მოქრთამვას ცდილობდა. მან ამანათით სახლში CD-ფლეიერი გამომიგზავნა. იმ დროს CD-ფლეიერი ახალი გამოსული იყო და საკმაოდ ძვირი ღირდა“.

როგორ მოიქცა რიკარდო? „მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ, არც კი გაგვეხსნა ამანათი. მოვკიდე ამანათს ხელი, უკან წავუღე იურისტს და მაგიდაზე დავუდე. ის გაოგნდა. შესაძლებლობა მომეცა, ამეხსნა მისთვის, რატომ მოვიქეცი ასე. მისი მდივანიც ვერ მალავდა გაოცებას“.

მართალია, დღესაც მოიძებნებიან პატიოსანი ადამიანები, მაგრამ იეჰოვას მოწმეებს, როგორც ჯგუფს, სანდო და პატიოსანი ადამიანების რეპუტაცია აქვთ. სწორედ ამიტომ, პოლონეთში ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის დირექცია მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს სთავაზობს სამუშაოს. გაყიდვების მენეჯერმა აღნიშნა: „ყველგან არიან პატიოსანი ადამიანები, მაგრამ იეჰოვას მოწმეებს აქვთ პრინციპები, რომლებსაც მტკიცედ იცავენ“.

პატიოსნები სიღარიბის მიუხედავად

ბევრის აზრით, ღარიბს ეპატიება უპატიოსნო საქციელი. მაგალითად, სი-ენ-ენის ცნობით, 14 წლის ნიგერიელი ბიჭუნა, ხალხი რომ მოატყუოს, 24 საათი ინტერნეტშია შემძვრალი. ის თავს ასე იმართლებს: „აბა, რით ვარჩინო ოჯახი — ჩემი დედ-მამა და დაიკო. როგორღაც ხომ უნდა გავიტანოთ თავი“.

რასაკვირველია, ბიბლია არ ჰპირდება სიმდიდრეს მათ, ვინც პატიოსნებას ინარჩუნებს, მაგრამ არწმუნებს, რომ აუცილებელი არ მოაკლდებათ. ესაიას 33:16-ში ნათქვამია: „ის დამკვიდრდება სიმაღლეებში; მიუვალი კლდოვანი თავშესაფარი ექნება მაღლობზე. თავისივე პური მიეცემა მას. წყლის მარაგი არ გაუთავდება“.

ზოგმა შეიძლება იკითხოს: როგორ დაეხმარება პატიოსნება მათ, ვინც უკიდურეს გაჭირვებაშია? რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ლუკმა-პურის საშოვნელად ყოველდღიურად წელებზე ფეხს იდგამს?

ერთ კამერუნელ ქვრივს, ბერტას ბაზარში დახლი აქვს, სადაც ყიდის მანიჰოტის ჩხირების შეკვრას. ბერტა ამბობს: „თითოეულ შეკვრაში 20 მანიჰოტის ჩხირია. ჩვეულებრივ გამყიდველები თითო შეკვრაში 17, 18 ჩხირს დებენ, მაგრამ მე არ მინდა მოვატყუო კლიენტები და მოგება მათ ხარჯზე ვნახო“.

ბერტას ყოველთვის არ აქვს კარგი ვაჭრობა. „ხშირად დღე ისე გადის, რომ ვერაფერს ვყიდი, — ამბობს ის. — მაგრამ ასეთ დროს გამყიდველებს ვთხოვ, ნისიად მომცენ პროდუქტები. ისინიც მენდობიან და მაძლევენ პროდუქტებს. მათ იციან, როგორც კი ფულს ვიშოვი, მაშინვე გადავუხდი. გამყიდველთა ნდობას ყოველთვის ვამართლებ და ამიტომაც ეჭვი არ ეპარებათ ჩემში“.

ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ღმერთს

ჩვენ ვენდობით ისეთ ადამიანს, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს. იესო ნავეს ძემ, ისრაელის წინამძღოლმა, ღმერთზე თქვა: „არც ერთი სასიკეთო დანაპირები არ გამტყუნებულა, რასაც იეჰოვა ისრაელის სახლს დაჰპირდა, ყველაფერი შესრულდა“ (იესო ნავეს ძე 21:45). ჩვენც გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, ვენდოთ იეჰოვას?

ღვთის დაპირებები იმდენად სანდოა, რომ შედარებულია წვიმასთან (ესაია 55:10, 11). წვიმას მართლაც ვერაფერი შეაფერხებს, რომ ციდან ჩამოვიდეს, გაჟღინთოს მიწა და აღმოაცენოს ნაყოფი. მსგავსად ამისა, იეჰოვას დაპირებების შესრულებას ხელს ვერაფერი შეუშლის.

ღვთის ერთ-ერთი დაპირება მოცემულია 2 პეტრეს 3:13-ში: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“. ღვთის განზრახვაა, დედამიწა გაწმინდოს ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც სხვებს ექსპლუატაციას უწევენ. თუ გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ, როგორ შეასრულებს ღმერთი ამ განზრახვას, დაუკავშირდით თქვენთან ახლოს მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ მათ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

პატიოსნება ფასდება

ერთ ფილიპინელ იეჰოვას მოწმეს, ლუსიოს სთხოვეს, რომ დაელაგებინა უფროსის კარადა, რომელშიც ძველ საბუთებს ინახავდა. მან კარადაში 27 500 დოლარი იპოვა. მისი უფროსი სამსახურებრივი მივლინებით იყო წასული. „მანამდე დოლარი თვალითაც კი არ მქონდა ნანახი“, — თქვა ლუსიომ.

როცა მისი უფროსი ჩამოვიდა მივლინებიდან, ლუსიომ მას ფული მისცა. ლუსიო ყვება: „სამსახურში დამაწინაურეს და საცხოვრებელი ოთახიც გამომიყვეს, სადაც მთელ ოჯახს შეგვეძლო ცხოვრება. ფილიპინებში ძნელია თავის გატანა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას კანონები რომ დავიცავით, ამიტომაც იზრუნა მან ჩვენზე“.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

ზუსტი სასწორი

მოისეს პატარა მაღაზია მთელ დუალას (კამერუნი) ბაზრობაზეა ცნობილი. ის თევზს ყიდის. მოისე ამბობს: «ჩემს პატარა მაღაზიას „სასწორი“ დავარქვი, რადგან მთელ ბაზრობაზე იშვიათად თუ შეხვდები ვინმეს, ვისაც ზუსტი სასწორი აქვს. ვიცი, რომ ხალხი შეამოწმებს ჩემთან აწონილ თევზს, ამიტომ თუ ერთ კილო თევზს მთხოვენ, არასდროს ვატყუებ წონაში. ისინი ყოველთვის ამოწმებენ ჩემთან ნაყიდი თევზის წონას. ხალხი ხედავს, რომ კილოზე მეტს ვატან და რწმუნდებიან, რომ არ ვატყუებ. ბევრი მეუბნება: „შენთან იმიტომ მოვდივართ, რომ ვიცით, არ მოგვატყუებ“».

[სურათი 7 გვერდზე]

„ჩვენ ვუთხარით უფროსს, რომ მაშინაც კი, თუ სამუშაოდან დაგვითხოვდა, ტყუილს მაინც არ ვიტყოდით“ (დომინგო, ფილიპინები)

[სურათი 7 გვერდზე]

„რევიზორებმა გულწრფელად შემაქეს პატიოსნებისთვის“ (პიერი, კამერუნი)

[სურათი 7 გვერდზე]

„ერთი იურისტი ჩემს მოქრთამვას ცდილობდა . . . მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ, არც კი გაგვეხსნა გამოგზავნილი ამანათი“ (რიკარდო, ბრაზილია)

[სურათი 7 გვერდზე]

ხშირად ისე გადის დღე, რომ ბერტა ვერაფერს ყიდის, მაგრამ ასეთ დროს გამყიდველებს სთხოვს, ნისიად მისცენ პროდუქტები. ისინიც ენდობიან მას და პროდუქტებს აძლევენ. მათ იციან, როგორც კი ბერტა ფულს იშოვის, მაშინვე დაუბრუნებს