ათეისტები „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ იწყებენ
ათეისტები „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ იწყებენ
საზოგადოებაში გამოჩნდა ათეისტების ახალი ჯგუფი. ეს ეგრეთ წოდებული ახალი ათეისტები იმით გამოირჩევიან, რომ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ აწყობენ და „აქტიურად, აგრესიულად და თავგამოდებით ცდილობენ, რელიგიურ ხალხს თავს მოახვიონ თავიანთი შეხედულებები“, — წერს ჟურნალისტი რიჩარდ ბერნშტაინი. მათ მიზანში აგნოსტიკოსებიც ამოიღეს, რადგან ახალი ათეისტები ვერ ეგუებიან აგნოსტიკოსთა მერყევ შეხედულებებს. ამ ათეისტებისთვის უბრალოდ არ არსებობს ღმერთი, მორჩა და გათავდა.
„მსოფლიომ უნდა გამოიღვიძოს იმ ხანგრძლივი კოშმარიდან, რასაც რელიგია ჰქვია, — განაცხადა ნობელის პრემიის ლაურეატმა, სტივენ უაინბერგმა. — მეცნიერებმა ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ ხალხი რელიგიის მარწუხებისგან გავათავისუფლოთ. ჩვენს ცივილიზაციას ალბათ ამაზე უკეთესს ვერაფერს გავუკეთებთ“. ამ მიზნის მისაღწევად ათეისტები ბეჭდვით სიტყვას იყენებენ, რასაც, როგორც ჩანს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამას ადასტურებს ახალი ათეისტების მიერ გამოცემული ზოგიერთი წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა.
ახალ ათეისტებს პროტესტის საბაბი თავად რელიგიებმა მისცეს, რადგან ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა რელიგიური ექსტრემიზმი, ტერორიზმი თუ რელიგიურ ნიადაგზე გაჩენილი სხვა კონფლიქტები. „რელიგია წამლავს ყველაფერს“, — აცხადებს ერთ-ერთი წამყვანი ათეისტი. ათეისტებმა ამ „საწამლავს“ მიაკუთვნეს არა მარტო ექსტრემისტული რელიგიური შეხედულებები, არამედ ზოგადად რელიგიური წარმოდგენები. როგორც ათეისტები ამბობენ, დროა, ამ ფუნდამენტური დოგმების ადგილი საღმა აზრმა და ლოგიკამ დაიკავოს. როგორც ათეისტი სემ ჰარისი წერს, პოლიტიკური კორექტულობის გამო ხალხს არ უნდა მოერიდოს იმის აღიარების, რომ ბიბლიასა და ყურანში „ათასი სისულელე წერია, რომელიც ადამიანს ცხოვრებას უმახინჯებს“.
ახალი ათეისტები რელიგიას გმობენ, ამავე დროს მეცნიერებას განადიდებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ მეცნიერება ამტკიცებს ღვთის არარსებობას. მაგრამ სინამდვილეში ასე ეს? შეუძლია კი მეცნიერებას ამის დამტკიცება? „გავა დრო და ერთ-ერთი მხარე აუცილებლად გაიმარჯვებს ამ კამათში, მეორე მხარე კი მწარე მარცხს იწვნევს“, — ამბობს ჰარისი.
თქვენი აზრით, რომელი მხარე გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში? ვიდრე ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, დაფიქრდით: ნუთუ მართლა კარგი არაფერი მოაქვს შემოქმედის არსებობის დაჯერებას?! ნუთუ საყოველთაო ათეიზმი მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის?! მოდით, განვიხილოთ, რას ამბობენ ცნობილი მეცნიერები და ფილოსოფოსები ათეიზმზე, რელიგიასა და მეცნიერებაზე.