არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იქნება მსოფლიო უკეთესი რელიგიის გარეშე?

იქნება მსოფლიო უკეთესი რელიგიის გარეშე?

იქნება მსოფლიო უკეთესი რელიგიის გარეშე?

არავითარი თვითმკვლელი ტერორისტი, არავითარი რელიგიური ომი, არავითარი ტელეევანგელისტი, რომელიც ფულს სცინცლავს სამწყსოს — ასე წარმოუდგენიათ ახალ ათეისტებს მსოფლიო რელიგიის გარეშე. თქვენც გხიბლავთ ასეთი პერსპექტივა?

ვიდრე ამ კითხვას უპასუხებთ, დაფიქრდით: გვაქვს იმის მტკიცების საფუძველი, რომ საყოველთაო ათეიზმი მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის? მაგალითად, წითელი ქმერების მიერ უღვთო მარქსისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობას მილიონ-ნახევარი კამბოჯელის სიცოცხლე შეეწირა. ათეისტურ საბჭოთა კავშირში იოსებ სტალინის მმართველობის დროს ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა. მართალია, მთელ ამ სისასტიკეს უშუალოდ ათეიზმს ვერ მივაწერთ, მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ათეიზმი ვერ მოიტანს საყოველთაო მშვიდობასა და სტაბილურობას.

ვერც იმას უარვყოფთ, რომ რელიგია არაერთხელ გამხდარა ტანჯვა-წამების მიზეზი. მაგრამ ღმერთია ამაში დამნაშავე? არა. ეს იგივე იქნებოდა, რომ მანქანის მწარმოებელი კომპანია დაგვედანაშაულებინა ავარიაში, რომელიც მძღოლს მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო მოუხდა. კაცობრიობის ტანჯვის გამომწვევი მრავალი მიზეზიდან ერთ-ერთი გაცილებით სერიოზულია, ვიდრე რელიგია. ბიბლია გვიხსნის, რომ ეს მიზეზი თანდაყოლილი არასრულყოფილებაა: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). ეს ცოდვილი მიდრეკილება ხელს უწყობს ეგოიზმს, მეტისმეტ სიამაყეს, საკუთარი ნორმებით ცხოვრების სურვილს და ძალადობას (დაბადება 8:21). ადამიანები სწორედ ამ მიდრეკილების გამო ავითარებენ და უპირატესობას ანიჭებენ ისეთ შეხედულებებს, რომელთა მეშვეობითაც ადვილად გაამართლებენ ყველანაირ არასწორ ქმედებას (რომაელები 1:24—27). იესო ქრისტემ სწორად შენიშნა: „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათე 15:19).

სხვაობის დანახვა

მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ განსხვავება ღვთისთვის მისაღებ თაყვანისმცემლობას, ანუ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასა და ცრუთაყვანისმცემლობას შორის. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ადამიანს ეხმარება ცუდ მიდრეკილებებთან ბრძოლაში და ისეთი თვისებების განვითარებაში, როგორებიცაა თავგანწირული სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე, სიკარგე, რბილი ხასიათი, თავშეკავება, ცოლქმრული ერთგულება და სხვების პატივისცემა (გალატელები 5:22, 23). ცრუ რელიგია კი ფეხდაფეხ მიჰყვება პოპულარულ ტენდენციებს და ხალხის საამებლად თვალს ხუჭავს ისეთ საქმეებზე, რომლებსაც იესო გმობდა (2 ტიმოთე 4:3).

განა ზნეობრივ პრინციპებთან დაკავშირებით ათეიზმიც მსგავს დაბნეულობასა და ორაზროვნებას არ იწვევს? ღვთის არსებობის უარყოფა იმას ნიშნავს, რომ მის წინაშე არ ვართ ანგარიშვალდებულნი. გარდა ამისა, როგორც პროფესორი სამართლის დარგში, ფილიპ ჯონსონი, ამბობს: „აღარ არსებობს კონკრეტული ღირებულებები, რომელთა დაფასებაც მოგვეთხოვება“. გამოდის, რომ მორალური ნორმები პირობითია და ყველამ თავად უნდა დაადგინოს საკუთარი ნორმები ან საერთოდ უგულებელყოს ყველანაირი ნორმა. როგორც ჩანს, ბევრისთვის ათეიზმი სწორედ ამიტომ არის მიმზიდველი (ფსალმუნი 14:1).

მაგრამ მოვა დრო, როცა ღმერთი აღარ შეიწყნარებს სიცრუეს, მათ შორის არც ათეისტურს და არც რელიგიურს. * ღმერთი გვპირდება: „მართლები [ზნეობრივად და სულიერად წმინდები] დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22). შედეგად მთელ მსოფლიოში მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს, რისი მიღწევაც შეუძლებელია ადამიანური ძალითა თუ ფილოსოფიით (ესაია 11:9).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ბიბლიის თვალსაზრისი, იმის შესახებ, თუ რატომ იწყნარებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას, შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

როგორ უყურებს ღმერთი რელიგიის სახელით ჩადენილ სისასტიკეს?

მიწა, რომელიც ძველმა ისრაელმა დაიმკვიდრა, ქანაანელებით იყო დასახლებული. ეს გახრწნილი ხალხი არანაირ გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს არ ერიდებოდა. გარდა ამისა, მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო ბავშვების მსხვერპლშეწირვა (ლევიანები 18:2—27). წიგნში „არქეოლოგია და ძველი აღთქმა“ ნათქვამია, რომ გათხრების შედეგად „წარმართული სამსხვერპლოების გარშემო არსებულ სამარხებში აღმოაჩინეს ნაცრის გროვები და ახალშობილთა ჩონჩხის ნარჩენები, რაც [ბავშვების მსხვერპლად შეწირვის] გავრცელებულ ჩვეულებაზე მოწმობს“. ერთ ბიბლიურ ცნობარში ნათქვამია, რომ ქანაანელები თავიანთ ღმერთებს გარყვნილ რიტუალებს უსრულებდნენ და თავიანთ პირმშოებს სწირავდნენ. „არქეოლოგებს, რომლებიც ქანაანელთა ქალაქების გათხრებს აწარმოებენ, უკვირთ, რატომ ადრევე არ გაანადგურა ღმერთმა ისინი“, — ვკითხულობთ ცნობარში.

ღმერთმა გაანადგურა ქანაანელები, რაც იმაზე მოწმობს, რომ ის ყოველთვის არ მოითმენს მისი სახელით ჩადენილ ბოროტებას. „[ღმერთმა] დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“, — ნათქვამია საქმეების 17:31-ში.

[სურათები 7 გვერდზე]

სისასტიკეში ბრალი როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ პირებს მიუძღვით

ეკლესია მხარს უჭერდა ჰიტლერს

წითელი ქმერების რეჟიმის დროს დაღუპულთა თავის ქალები (კამბოჯა)

[საავტორო უფლება]

AP Photo