არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მაკადამიას კაკალი — ავსტრალიური დელიკატესი

მაკადამიას კაკალი — ავსტრალიური დელიკატესი

მაკადამიას კაკალი — ავსტრალიური დელიკატესი

ბოტანიკოსი უოლტერ ჰილი შეშფოთებული აკვირდებოდა თავის ახალგაზრდა ასისტენტს, რომელმაც ის-ის იყო გემო გაუსინჯა კუინზლენდის (ავსტრალია) სამხრეთ-აღმოსავლეთით, სუბტროპიკულ „წვიმის ტყეებში“ ახლად აღმოჩენილ ხის ნაყოფს. ჰილს გაგონილი ჰქონდა, რომ ამ ხის ნაყოფი შხამიანი იყო. მაგრამ ბიჭს არაფერი მოსვლია. ის კი არადა, ძალიან მოეწონა. ნაყოფს ჰილმაც გაუსინჯა გემო და მასაც მოეწონა. ამ ხის ნერგები ჰილმა მეგობრებსა და სხვა ბოტანიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაუგზავნა. *

მას შემდეგ 150 წელი გავიდა. მაკადამიას კაკალი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და არცთუ უსაფუძვლოდ. ერთ ჟურნალში ნათქვამია: „მაკადამია ერთ-ერთ საუკეთესო დელიკატესად ითვლება, რადგან მას განუმეორებელი გემო აქვს, სასიამოვნოდ ხრაშუნებს და კრემისფრად ბზინავს“ (Chronica Horticulturae). გასაკვირი არაა, რატომ ითვლება მაკადამიას კაკალი ავსტრალიის ერთ-ერთ წამყვან პროდუქტად.

კერკეტი კაკალი

მარადმწვანე მაკადამია კარგად ხარობს ავსტრალიის სუბტროპიკულ აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ხის ცხრა სახეობიდან მხოლოდ ორი იძლევა საკვებად ვარგის ნაყოფს, რომელსაც ბოჭკოვანი წენგო, მოყავისფრო მრგვალი ნაჭუჭი და კრემისფერი გული აქვს.

ამ კაკალს ძალიან მაგარი ნაჭუჭი აქვს. * აბორიგენები მას ქვებით ამტვრევდნენ. ერთ-ერთი ცნობილი მებაღე, ჯონ უოლდრონი, მის გასატეხად ჩაქუჩსა და გრდემლს იყენებდა. ამ უბრალო იარაღებით მან 50 წელზე მეტ ხანში დაახლოებით რვა მილიონი კაკალი გატეხა. იყო თუ არა შესაძლებელი ამ საქმის მექანიზაცია? პირველმა მანქანებმა ვერ ივარგა, რადგან კაკლის გული ძალიან ზიანდებოდა. მოგვიანებით უფრო დახვეწილი მანქანები გამოიგონეს.

კიდევ ერთ სირთულეს მისი მოშენება წარმოადგენდა. ხშირ შემთხვევაში კარგი ხეები ცუდ ნაყოფს ისხამდა. პრობლემა ვერც დამყნობით მოგვარდა. ამ სირთულეების გამო კომერციული მიზნით მისი მოშენება შეფერხდა, ვიდრე ამ პრობლემას ჰავაიელები არ შეეჭიდნენ. ამ მხრივ მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს. მალე ჰავაი მსოფლიოსთვის მაკადამიას კაკლის 90 პროცენტის მიმწოდებელი გახდა. ამიტომ მას ჰავაიურ კაკალსაც ეძახდნენ.

1960-იან წლებში ავსტრალიელებმა ჰავაიზე მიღებული გამოცდილების საფუძველზე „ხელი მიჰყვეს მაკადამიას, როგორც სასაქონლო პროდუქტის მოყვანას“. ამ სამეურნეო წამოწყებამ გაამართლა. დღეს ავსტრალია მსოფლიოს მაკადამიას კაკლის დაახლოებით 50 პროცენტს აწვდის. ეს კაკალი აფრიკაში, აზიასა და ცენტრალურ ამერიკაშიც მოჰყავთ.

სტუმრად ავსტრალიურ მეურნეობაში

ჩვენ ვეწვიეთ ენდრუს, რომელსაც ლიზმურში (ახალი სამხრეთი უელსი) მაკადამიას კაკლის დიდი მეურნეობა აქვს. მან აგვიხსნა: „ჯვარედინი დამტვერვა რომ მოხდეს, ყოველ მწკრივში სხვადასხვა ჯიშის მაკადამია გვაქვს დარგული“. როგორც გავიგეთ, ავსტრალიაში მაკადამიას მილიონობით ხის 80 პროცენტი ჰავაიელი სელექციონერების მიერ გამოყვანილი სხვადასხვა ჯიშია. ამავე დროს, ავსტრალიელი სელექციონერები ადგილობრივ ჯიშებს ველური მაკადამიას გენეტიკური მასალის საფუძველზე აუმჯობესებენ.

ვათვალიერებთ ხეებს და ვხედავთ სქელ ფოთლებში პატარა ბურთებივით ერთად ასხმულ ასობით კაკალს. კაკლის დამწიფებას ექვსი თვე სჭირდება, რის შემდეგაც ის ძირს ეცემა. მიწაზე დავარდნილ ზოგიერთ კაკალზე ნახვრეტები შევნიშნეთ. ენდრუმ ამის მიზეზი აგვიხსნა: „ვირთხები რვა წამში ხვრეტენ ნაჭუჭს. მაკადამიაზე უარს არც გარეული ღორები ამბობენ“. ხეების რიგებს მივუყვებით. უცებ ენდრუ ჩერდება, ფეხს ჰკრავს ნახევრად მიწაში ჩაფლულ კაკალს და გაღიმებული გვეუბნება: „სამი ცენტის ეკონომიაც გავაკეთეთ“. კაკლის მოსავალს ბევრი სპეციალური მანქანის მეშვეობით იღებს, რომელიც ცილინდრზე დამაგრებული პლასტმასის შვერილებით აგროვებს ძირს დაყრილ კაკალს. მოგროვებულ კაკალს აცლიან წენგოს, რის შემდეგაც მიაქვთ ფაბრიკაში, სადაც მას ნაჭუჭისგან ასუფთავებენ, ახარისხებენ და გასაყიდად ამზადებენ.

გემრიელი და სასარგებლო

ჩვენი ექსკურსია დასასრულს უახლოვდება. მუჭა სავსე გვაქვს დარჩეული კაკლით და მადიანად შევექცევით, თან სიამოვნებისგან ტუჩებს ვილოკავთ. რამდენად სასარგებლოა მაკადამიას კაკალი? კაკლის ცხიმიანობა (ძირითადად მონოუჯერი ცხიმი, ანუ სასარგებლო ცხიმი) „ჩვეულებრივ 72 პროცენტს აღემატება. სხვა კაკლებთან შედარებით მას ყველაზე დიდი ცხიმიანობა აქვს“, — ნათქვამია ერთ-ერთ ოფიციალურ საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც მაკადამიას კაკლის კულტურას ეხება. როგორც თანამედროვე გამოკვლევებიდან ჩანს, მაკადამიას ზომიერად მიღება ამცირებს დაბალი სიმკვრივის მავნე ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს და არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას.

მაკადამიას ურევენ შოკოლადის კანფეტებში, სხვადასხვა ძვირფას ტკბილეულსა და ნაყინში. ზოგს მოხალული მაკადამია მოსწონს, ზოგს დამარილებული, ზოგი კი ორიგინალურ გემოს ანიჭებს უპირატესობას. ნებისმიერ შემთხვევაში მრავალს მისი ერთხელ გასინჯვის შემდეგ კვლავაც უჩნდება მისი ხელმეორედ გასინჯვის სურვილი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 წლებით ადრე მკვლევარებმა კანინგემმა (1828) და ლეიხჰარდტმა (1843) მოაგროვეს ამ ხის ნაყოფი, მაგრამ მათ მიერ მოგროვებული ნიმუშები შეინახეს და არ აღუწერიათ. 1857 წელს ჰილის კოლეგამ, მელბურნელმა ბოტანიკოსმა ფერდინანდ ფონ მიულერმა კაკლის ამ ჯიშს თავისი მეგობრის, დოქტორ ჯონ მაკადამის, პატივსაცემად „მაკადამია“ უწოდა.

^ აბზ. 6 მაკადამიას კაკლის გატეხილი ნაჭუჭი იმდენად მაგარია, რომ მისგან შესანიშნავი აბრაზიული მასალა გამოდის.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

ბუნებრივი საწვავი ელექტროსადგურისთვის

მაკადამიას კაკლის ქვასავით მაგარი ნაჭუჭი კარგად იწვის და არაფრით ჩამოუვარდება მურა ქვანახშირს. ამიტომ ავსტრალიის ენერგოსისტემაში მაკადამიას ნაჭუჭებს იყენებენ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, რომელიც მაკადამიას გადამუშავებასაც ხმარდება და სხვა მომხმარებელსაც მიეწოდება. ავსტრალიაში ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ნარჩენებისგან ენერგიის მიღებას ითვალისწინებს. ასე წარმოებული ენერგია გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება საწვავად მიწოდებული ნაჭუჭის რაოდენობა.

[სურათი 23 გვერდზე]

ავსტრალიელები ყოველწლიურად მაკადამიას ათასობით ახალ ხეს რგავენ

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

All photos pages 22 and 23: Australian Macadamia Society