არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მხნეობას მაინც არ კარგავთ“

„მხნეობას მაინც არ კარგავთ“

„მხნეობას მაინც არ კარგავთ“

● კამილა და მისი მშობლები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, არგენტინაში ცხოვრობენ. მას ანემია, ნევროლოგიური პრობლემები და ზრდის შეფერხება აქვს. რვა წლის ასაკში ის სულ რაღაც 75 სანტიმეტრი იყო. ერთხელ მშობლებმა გადაწყვიტეს კამილასთან ერთად დასწრებოდნენ სამედიცინო კონფერენციას, რომელიც მათ ქალაქში თეატრის შენობაში ტარდებოდა. კონფერენციას 500 კაცი ესწრებოდა. კამილას მშობლებმა მეორე რიგში დაიკავეს ადგილები.

კონფერენციის დროს ექიმმა, რომელიც სიტყვით გამოდიოდა, კამილასკენ გაიშვირა ხელი და იმის ნიმუშად მოიყვანა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ადამიანი. ექიმმა არაფერი იცოდა კამილას ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამიტომ იკითხა: „რა ხნისაა ბავშვი?“

— რვა წლის, — მიუგო კამილას დედამ, მარისამ.

— რა ბრძანეთ, რვა თვისო? — იკითხა ექიმმა.

— არა, რვა წლის, — გაუმეორა მარისამ.

გაოცებულმა ექიმმა დედა-შვილს სცენაზე მოუხმო, რომ მისი შეკითხვებისთვის ეპასუხათ. მარისა მოყვა, რა გამოკვლევები ჩაუტარეს ექიმებმა კამილას და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენეს. ექიმმა მას უთხრა: „ზოგიერთი დედა მაშინაც ტირის, როცა მის შვილს ჩვეულებრივი გრიპი აქვს. შვიდი წელია, ყველაფერს აკეთებთ, რომ თქვენი შვილი გამოჯანმრთელდეს და მხნეობას მაინც არ კარგავთ. როგორ ახერხებთ ამას?“

ამ თბილი სიტყვების შემდეგ მარისა აუდიტორიას ესაუბრა იმ იმედის შესახებ, რომელიც მას ბიბლიამ ჩაუსახა. მან თქვა, რომ მალე იქნება ახალი ქვეყნიერება, სადაც არანაირი ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი აღარ იარსებებს (ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4). ბოლოს მარისამ ისაუბრა იეჰოვას მოწმეების მსოფლიო საძმოზე და ახსნა, როგორ ეხმარება მათ ერთმანეთის სიყვარული განსაცდელებთან და პრობლემებთან გამკლავებაში (იოანე 13:35).

კონფერენციის დამთავრების შემდეგ, მარისას ერთი ქალბატონი მიუახლოვდა და სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო იმის შესახებ, რაზეც სცენიდან ისაუბრა. მარისამ ამ ქალბატონს ბიბლიის შესწავლა შესთავაზა და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა. იეჰოვას მოწმეები ბიბლიის უფასო შესწავლას სთავაზობენ ყველას, ვისაც გულწრფელად აინტერესებს ბიბლია და დედამიწასთან დაკავშირებული ღვთის შესანიშნავი განზრახვა.

[სურათი 25 გვერდზე]

რვა წლის კამილა დედასთან, მარისასთან ერთად