არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ყოველწლიურად 95,2 მილიონ ტონა ზღვის ცხოველს იჭერენ, რომელთაგან 38,5 მილიონი ტონა იყრება. „ზღვაში თევზის მარაგი ვერ ივსება, რადგან ზღვაში დაჭერილი თევზის 40 პროცენტი ნაგავში მიდის“, — ამბობს ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მეთევზეობის ექსპერტი კაროლინ შახტი (BERLINER MORGENPOST, გერმანია).

„ერთი შეხედვით, ძროხები, ცხვრები და თხები ადამიანების მადას ეწირებიან, მაგრამ . . . მსოფლიოში შინაური პირუტყვის ბოყინით გამოყოფილი სათბურის აირის [ძირითადად მეთანის] რაოდენობა 18 პროცენტს აღწევს. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე იმ სათბურის აირის რაოდენობა, რომელსაც ერთად აღებული ყველა სატრანსპორტო საშუალება გამოყოფს“ (NEW SCIENTIST, ბრიტანეთი).

პრეისტორიული სუპერწებო

მეცნიერებმა კვაზულუ-ნატალში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) უძველესი სუპერწებო აღმოაჩინეს. „ეს წებო არაფრით ჩამოუვარდება იმ წებოებს, რომელთა ყიდვაც დღეს მაღაზიებში შეიძლება“, — ნათქვამია იოჰანესბურგში გამომავალ გაზეთ „სტარში“. როგორც ვარაუდობენ, ძველად მონადირეები წებოს ისრისა და შუბის წვერების დასამაგრებლად იყენებდნენ. მეცნიერებმა სცადეს წებოს ძველი ფორმულით მომზადება. ერთმანეთში აურიეს წითელი ოხრა, ცხოველური ცხიმი, აკაციის წებოვანი წვენი და ქვიშა, შემდეგ ეს წებოვანი მასა ცეცხლთან სათანადო ტემპერატურაზე გააშრეს. ამ პროცესის შედეგად მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ „მეტ პატივისცემას“ იმსახურებს ის ხალხი, რომელიც ამ წებოს იყენებდა.

ნაკლები ძილი, ხშირი გაცივება

„იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც შვიდ საათზე ნაკლები სძინავთ, სამჯერ მეტია გაცივების ალბათობა, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც საშუალოდ რვა ან მეტი საათი სძინავთ“, — აღნიშნულია პიტსბურგის კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ცნობარში (პენსილვანია, აშშ). იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც ლოგინში გატარებული დროის „თუნდაც 8 პროცენტი არ სძინავს, ხუთ-ნახევარჯერ მეტია გაცივების ალბათობა“, ვიდრე იმის შემთხვევაში, ვისაც ღრმად სძინავს. „მართალია, უკვე კარგა ხანია დადგინდა კავშირი ძილსა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას შორის, მაგრამ მხოლოდ ახლა გაირკვა, რამდენად აქვეითებს ჩვენი ორგანიზმის გრიპის ვირუსებთან ბრძოლის უნარს ძილის თუნდაც უმნიშვნელო დარღვევა, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, შელდონ კოენი. — ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა გამოყოს ადამიანმა დრო ღამე კარგად გამოძინებისთვის“.

უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწა

«მსოფლიოში საკმარისი მიწაა იმისათვის, რომ მეტი მოსავალი მივიღოთ მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. — რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი მიწების ძირითადი ნაწილი აფრიკაშია». ჟურნალში მოყვანილია პროგნოზები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნეს. ამ მონაცემების თანახმად, შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი მიწების რაოდენობის გაორმაგება. „სარეზერვო მიწების ნახევარზე მეტი აფრიკასა და ლათინურ ამერიკაშია“, — ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.