არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ავუხსნა სხვას ბიბლიის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე?

როგორ ავუხსნა სხვას ბიბლიის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე?

დაჯილდოების ცერემონიალმა პიკს მაშინ მიაღწია, როცა ორმა მსახიობმა ქალმა შეხვედრისას ერთმანეთს ვნებიანად აკოცა. თავიდან აუდიტორიას გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა, შემდეგ კი მაყურებლები მათ აპლოდისმენტებით შეეგებნენ. ჰომოსექსუალისტების აზრით ეს ტრიუმფი იყო, კრიტიკოსების აზრით კი — სარეკლამო ტრიუკი. ეს სიუჟეტი არაერთხელ აჩვენეს თითქმის ყველა სატელევიზიო არხზე და ინტერნეტში მისი ნახვის შესაძლებლობა მილიონებს მიეცა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისე არაფერი იზიდავს მედიას, როგორც ის, როცა პოპულარული ადამიანი ღიად აცხადებს, რომ ჰომოსექსუალისტი, ლესბოსელი ან ბისექსუალია. ზოგი აქებს მათ გამბედაობისთვის, ზოგი კი აღვირახსნილობაში ადანაშაულებს. ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის მიუხედავად, ბევრისთვის ჰომოსექსუალიზმი უბრალოდ ცხოვრების ალტერნატიული წესია. 21 წლის დანიელი ამბობს: „სკოლაში ნორმალური ორიენტაციის მქონე მოსწავლეებიც კი იმას ფიქრობდნენ, რომ თუ ჰომოსექსუალიზმი შენთვის მიუღებელი იყო, ესე იგი ზემოდან დაჰყურებდი ან კრიტიკულად იყავი განწყობილი ჰომოსექსუალისტების მიმართ“. *

ზოგიერთ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება არსებობს. აზრთა სხვადასხვაობა თაობებს შორისაც შეიმჩნევა. მაგრამ ქრისტიანებს არ „აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფესოელები 4:14). ნაცვლად ამისა, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისს იზიარებენ.

რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე? თუ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობ, როგორ შეგიძლია უპასუხო მათ, ვინც ჰომოსექსუალისტების სიძულვილში გადანაშაულებს? განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ზოგიერთი კითხვა და სავარაუდო პასუხები.

რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?

ბიბლიაში გასაგებად წერია, რომ ღმერთმა სქესობრივი კავშირი მხოლოდ დაქორწინებულ ქალსა და მამაკაცს შორის დაუშვა (დაბადება 1:27, 28; ლევიანები 18:22; იგავები 5:18, 19). ბიბლია სიძვას უწოდებს, როგორც საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის უკანონო სქესობრივ ურთიერთობას, ისე ჰომოსექსუალიზმს * (გალატელები 5:19—21).

თუ ვინმე გეუბნება: „რას ფიქრობ ჰომოსექსუალიზმზე?“

შეგიძლია უთხრა: „მე არ მძულს ჰომოსექსუალისტები, მაგრამ მათი საქციელი ჩემთვის მიუღებელია“.

✔ გახსოვდეს: თუ ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრობ, ეს შენი არჩეული ცხოვრების წესია და შენი გადასაწყვეტია, როგორ იცხოვრებ (იესო ნავეს ძე 24:15). ნუ შეგრცხვება შენი შეხედულების (ფსალმუნი 119:46).

განა ქრისტიანები პატივს არ უნდა სცემდნენ ყველა ადამიანს მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად?

რა თქმა უნდა. ბიბლიაში წერია: „პატივი ეცით ყველას“ (1 პეტრე 2:17). ქრისტიანებს არ სძულთ ჰომოსექსუალისტები. ისინი სიკეთეს ავლენენ ყველას, მათ შორის ჰომოსექსუალისტების მიმართ (მათე 7:12).

თუ ვინმე გეუბნება: „განა შენი შეხედულება ჰომოსექსუალისტების მიმართ სიძულვილს არ უწყობს ხელს?“

შეგიძლია უთხრა: „რასაკვირველია არა. ჩემთვის ჰომოსექსუალისტის საქციელია მიუღებელი და არა თვითონ ეს ადამიანი“.

✔ შეგეძლო გეთქვა: „მაგალითად, მე სიგარეტს არ ვეწევი, რადგან მძულს მოწევა. მაგრამ დავუშვათ შენ მწეველი ხარ და შენთვის ეს ნორმალურია. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებისა, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის მიმართ უარყოფითად არ განვეწყობით, ხომ ასეა? მსგავსი პრინციპი მოქმედებს ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით“.

განა იესო შემწყნარებლობაზე არ ქადაგებდა? განა ქრისტიანებიც შემწყნარებლები არ უნდა იყვნენ ჰომოსექსუალისტების მიმართ?

იესოს არასდროს უთქვამს თავისი მიმდევრებისთვის, რომ მათთვის ცხოვრების ყველანაირი სტილი მისაღები უნდა ყოფილიყო. ის ასწავლიდა, რომ მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ, „ვისაც ის სწამს“ (იოანე 3:16). იესოსადმი რწმენა გულისხმობს ღვთის პრინციპების მორჩილებას, რომელიც კრძალავს ისეთ საქციელს, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი (რომაელები 1:26, 27).

თუ ვინმე გეუბნება: „ჰომოსექსუალისტები ვერ შეიცვლიან თავიანთ ორიენტაციას; ისინი ასეთებად დაიბადნენ“.

შეგიძლია უთხრა: „ბიბლია არაფერს ამბობს ჰომოსექსუალისტების ბიოლოგიურ აგებულებაზე, მაგრამ არ უარყოფს, რომ ადამიანებს ზოგიერთი ჩვევა შეიძლება ღრმად ჰქონდეთ გამჯდარი (2 კორინთელები 10:4, 5). ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს გაექცნენ ჰომოსექსუალიზმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ თავისივე სქესის მიმართ აქვთ ლტოლვა“.

✔ რჩევა: ნაცვლად იმისა, რომ იკამათო ჰომოსექსუალური სურვილების გამომწვევ მიზეზზე, ხაზი გაუსვი იმას, რომ ბიბლია კრძალავს ჰომოსექსუალიზმს. შეგიძლია მოიყვანო ასეთი მაგალითი: „მრავალი ამტკიცებს, რომ ადამიანს შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს ძალადობისკენ მიდრეკილება (იგავები 29:22). დავუშვათ ეს სიმართლეა. ალბათ იცი, რომ ღმერთი განსჯის რისხვას (ფსალმუნი 37:8; ეფესოელები 4:31). შეიძლება ღვთის თვალსაზრისი ძალადობაზე უსამართლოდ ჩაითვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი მიდრეკილია ძალადობისკენ?“

რატომ მოითხოვს ღმერთი ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთი სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვთ ლტოლვა, გაექცნენ ჰომოსექსუალიზმს? ეს ხომ სისასტიკეა!

ასეთი მსჯელობა დაფუძნებულია იმ მცდარ მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც ადამიანებმა წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიონ საკუთარ სექსუალურ სურვილებს. ბიბლიის თანახმად ადამიანს შეუძლია არ აჰყვეს არასწორ სექსუალურ სურვილებს, თუ ეს მას გულწრფელად სურს (კოლოსელები 3:5).

თუ ვინმე გეუბნება: „მერე რა, რომ ჰომოსექსუალისტი არა ხარ, ჰომოსექსუალიზმზე მაინც უნდა შეიცვალო შეხედულება“.

შეგიძლია უთხრა: „დავუშვათ შენგან განსხვავებით არ მომწონს აზარტული თამაშები. სწორი იქნება, თუ მაიძულებ თვალსაზრისის შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანი ერთობა ასეთი თამაშებით?“

✔ გახსოვდეს: ადამიანთა უმრავლესობას (მათ შორის ჰომოსექსუალისტებს) აქვთ ეთიკური ნორმები, რის გამოც მათთვის მიუღებელია თაღლითობა, უსამართლობა და ომი. ამ ყველაფერს ბიბლიაც გმობს, მაგრამ ამასთანავე ის გარკვეული სახის სექსუალურ ურთიერთობებსაც კრძალავს, მათ შორის ჰომოსექსუალიზმს (1 კორინთელები 6:9—11).

ბიბლია არც აზრს მოკლებული წიგნია და არც ვინმეს მიმართ სიძულვილს უწყობს ხელს. ის უბრალოდ ყველასგან, მათი ორიენტაციის მიუხედავად, მოითხოვს, რომ გაექცნენ სიძვას (1 კორინთელები 6:18).

ფაქტია, რომ მილიონობით ნორმალური ორიენტაციის მქონე ადამიანი, რომელიც ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობს, თავშეკავებას ავლენს ნებისმიერი ცდუნების წინაშე. მათ შორის არიან დაუქორწინებლები და ის დაქორწინებულებიც, რომელთა მეუღლეებსაც დაკარგული აქვთ სქესობრივი ურთიერთობის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ იკმაყოფილებენ სექსუალურ მოთხოვნილებებს, მათ სიხარული არ აკლიათ. ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებსაც შეუძლიათ მსგავსად მოიქცნენ, თუ ნამდვილად სურთ, ასიამოვნონ ღმერთს (კანონი 30:19).

 

^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 7 ბიბლიაში სიტყვა „სიძვაში“ მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობა არ იგულისხმება. ის ასევე მოიცავს პარტნიორის მასტურბაციას, ორალურ და ანალურ სექსს.

დაფიქრდი

  • რატომ დაადგინა ღმერთმა მორალური ნორმები ადამიანებისთვის?

  • რა სარგებლობა მოაქვს შენთვის ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებას?